შეიძლება ითქვას, რომ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გაიზრდება, მაგრამ მსოფლიოს სასურსათო კრიზისის ფონზე, ეს დიდ შვებას ვერ მოგვიტანს
ქეთო გოგოხია
10.05.2022

ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით პროგნოზი ჯერჯერობით საიმედოა, თუმცა რამდენად გაამართლებს მოლოდინი, ბუნებაზე იქნება დამოკიდებული. სპეციალისტები პერსპექტივას არაერთგვაროვნად აფასებენ, თუმცა ხორბლის მოსავლიანობის გაზრდის მიზნით მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს პოზიტიურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ თვითუზრუნველყოფის 15%-იან მაჩვენებელს წელს საქართველო გადააბიჯებს.

ქვეყანას, ფაქტობრივად, სხვა გამოასვალი არც აქვს, ვინაიდან მიმდინარე ომის გამო, უკრაინიდან იმპორტი გაჩერებულია და მკვეთრად შეზღუდულია რუსეთის მიმართულებაც, ქვეყანას ახალი ბაზრების მოძიებაც უჭირს.

სულ ახლახან  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში უკრაინას რუმინეთის გავლით მარცვლეულის ექსპორტში პრობლემები შეექმნება, რადგან რუმინეთის პორტებში რეგიონის სხვა ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადაზიდვა გაიზრდება. აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის ნიკოლაი სოლსკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში უკრაინამ 1,09 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი, ძირითადად, რუმინეთის პორტებით განახორციელა, რაც მარტის მაჩვენებელს ხუთჯერ აღემატება, თუმცა მომავალში უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტს ლოგისტიკური პრობლემები შეექმნება.

არსებული  გამოწვევების ფონზე საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია თვითზურუნველყოფის ზრდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა წინა თვეს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, მეცნიერებთან და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მუშავდება პროგრამა,  რომელიც ხელს შეუწყობს ხორბლის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას.

„ბოლო წლის მონაცემებით დაახლოებით 15 %-ია ხორბლის თვითუზრუნველყოფა წარმოების მოხმარებასთან მიმართებით. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.  გვქონდა წლები, როდესაც 300 000 ტონაზე მეტ ხორბალს ვაწარმოებდით, ყველაფერს გავაკეთებთ ფერმერებთან ერთად, იმისთვის რომ უფრო მეტი წარმოება გვქონდეს. 50 %-იანი თვითუზრუნველყოფის შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთედ მდგომარეობაში ვიქნებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მწარმოებლები ფიქრობენ, რომ წარმოების ზრდის მიმართულებით გარკვეული ცვლილება იქნება, თუმცა ამისთვის რეფორმა აუცილებელი პირობაა. ამ თვალსაზრისით, სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებს ,,ლომთაგორას“ დამფუძნებელი, ფერმერი კახა ლაშხი არასაკმარისად მიიჩნევს.

,,ამინდი მეტწილად ხელს გვიწყობს და კარგი მოსავალი უნდა მივიღოთ. ველოდებით, რომ ხორბლის მოსავლიანობა წელს დიდი პროცენტულობით გაიზრდება. სასურსათო თვითუზრუნველყოფა მსოფლიოს უამრავი ქვეყნისთვის გამოწვევაა და მათ შორის, საქართველოსთვისაც. ახლა მეტი შესაძლებლობაა, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, მაგრამ გაწეული ღონისძიებები არასაკმარისად მეჩვენება. პოტენციალი გაგვაჩნია და უნდა გამოვიყენოთ. ამისთვის მთავრობის მხრიდან უფრო  ქმედითი ნაბიჯები გვჭირდება. პროცესი როგორმე უნდა დაჩქარდეს, სხვანაირად არ გამოვა, 

იცვლება გარემო და სხვა გამოსავალი არ გვრჩება. ამ ეტაპზე ხორბლის თვითუზრუნველყოფა 15%-ს არ აღემატება და წელს მეტი იქნება, თმცა ბევრი გვიკლია, რომ 50%-მდე ავიდეს ეს მაჩვენებელი, მაგრამ მონაცემების გაუმჯობესება ნამდვილად შესაძლებელია, თუნდაც რამდენიმე პროცენტული პუნქტით, რაც გარკვეულ შეღავათს მოგვცემს“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ კახა ლაშხმა.

ჯერჯერობით სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსავლიანობის თვალსაზრისით მდგომარეობა არასახრბიელოა.  სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, აგრარული დარგის სპეციალისტი ბონდო ბორაშვილი ამბობს, რომ ნათესებს ახლა დიდ პრობლემას უქმნის უამინდობა და დაავადებები, რის გამოც პროგნოზი შეიძლება ვერ შესრულდეს.

,,ნალექიანი ამინდია, ნათესებს გაუჩნდა სოკოვანი დაავადებები, მათ შორის, ჟანგა,  სეფტორიოზი და გართულდა ვითარება. ზამთრის ხანგძლივმა გვალვამაც ნეგატიური კვალი დაამჩნია,  მერე ნალექი მოვიდა და გამოსწორდა მდგომარეობა, მაგრამ ბოლო 10 დღის მონაცემები არასახარბიელოა. ახლაც წვიმაა და ხალხი ვერ შედის, რომ სამუშაოები ჩაატაროს,

სხვა მუნიციპალიტეტებში რა ხდება, არ ვიცი, თუმცა სიღნაღის მაგალითით რომ ვიმსჯელო, საქმე გართულდა, თუმცა იმედს ვერ გადავიწურავთ, ვნახოთ, ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა, ამინდზე ვართ დამოკიდებული“, - განაცხადა ბორაშვილმა ,,რეზონანსთან“.

 მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ პრობლემაზე საუბრობს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

მისი აზრით, მოსავლიანობის ზრდის პირობებში მათი გამართული მუშაობა სასიცოცხლოდ უცილებელია.

,,საქართველოში რუსეთიდან 11-ჯერ გაზრდილია ფქვილის იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შემცირებულია ხორბლის შემოტანა. მიზეზია მცურავი ბაჟია, რომელიც რუსეთმა შემოიღო თავის დროზე, 1 ტონა ფქვილსა და ამავე რაოდენობის ხორბალს შორის სხვაობა დაახლოებით 110 დოლარია ფქვილის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ხორბლის იმპორტი არარენტაბელურია, შესაბამისად, წისქვილკომბინატების უმეტესობა მცირე სიმძლავრეებით მუშაობენ, ფქვილის იმპორტზე გადასვლამ პურის ფასს ვერ უშველა. სტატისტიკის მიხედვით, ფასი 24%-ით არის გაზრდილი. თვეების განმავლობაში ლაპარაკი იყო, რომ ფქვილის იმპორტი ფასების შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს და ასე არ მოხდა.

ახლა ის დროა, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის გაზრდის მიზნით მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. უკვე მოახლოვდა ალოობა. თუკი მთავრობის პროგნოზი გამართლდება და მოსავლიანობა დაახლოებით 35%-ით მეტი იქნება წინა წელთან შედარებით (როგორც მინისტრმა დაანონსა), ცხადია, ეს უნდა დაიფქვას წისქვილკომბინატებში. სექტორის გამართული მუშაობა ამისთვის აუცილებელია. რეალურია ისიც, რომ თვითუზრუნველყოფა გავზარდოთ 50%-მდე წლების განმავლობაში, მაგრამ წისქვილი თუ არ იმუშავებს, ხორბლის მოყვანას აზრი არ ექნება“, - განაცხადა სილაგავამ ,,რეზონანსთან“.

საქართველოში 1 ჰა ფართობაზე მარცვლეულის  მოსავლიანობით საქართველო ევროპას - 3,5-ჯერ, სხვა აგრაულ კულტურებში კი უფრო მაღალი მაჩვენებლითაც ჩამორჩება. ამის მიზეზად ლევან სილაგავა ცოდნის დეფიციტსა და ტექნოლოგიურ ჩამორჩენას მიიჩნევს, რაც მისი თქმით, დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. იგი დარწმუნებულია, რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. ამისათვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. დღეისათვის საქართველოს 100 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×