ყველაზე დიდი პერსპექტივა ლოგისტიკის, ექსპორტისა და ინვესტიციების მიმართულებითაა
ქეთო გოგოხია
09.05.2022

რეგიონში მიმდინარე ომის ნეგატიურ გავლენას აბსოლუტურად ყველა ქვეყანა განიცდის. გაძვირებული გადაზიდვა, ინფლაცია და მაღალი ფასები გლობალური პრობლემაა, თუმცა ომმა შექმნა ახალი შესაძლებლობაც - ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შეუძლიათ, ზარალზე მეტი სარგებელი მიიღონ, თუკი გამოწვევებს სწორად გაართმევენ თავს და ადეკვატური ნაბიჯების გადასადგმელად  მზად აღმოჩნდებიან.

ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში,  სარგებელი, ძირითადად, აისახება ლოგისტიკის მიმართულებით, ვინაიდან ქვეყნის გამტარუნარიანობა იზრდება. ამასთან, ექსპორტის მხრივაც მეტი შანსია, რამეთუ მოთხოვნა მსოფლიოში თითქმის ყველა პროდუქტზე მზარდია, მთავარია, მიწოდება სწრაფად მოხერხდეს. როგორც აღმოჩნდა, გარღვევა შეიძლება ინვესტიციებშიც, ტურიზმში, თუმცა უკანასკნელ დარგს ექსპერტები ნაკლებად საიმედოდ მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ პრიორიტეტად ტურიზმი არ უნდა დასახელდეს, რასაც გამოცდილებაც ადასტურებს.

ფაქტობრივად ყველა პირობაა, რომ დროთა განმავლოაბში საქართველოსთვის ომის ზარალი სარგებელმა გადაწონოს. ყველაზე მეტად აქცენტი ქვეყნის გამტარუნარიანობაზე კეთდება. ამ მხრივ ომმა გლობალური ლოგისტიკური ხაზი ახლებურად გადააწყო და მთავარია, რა ადგილს იპოვის საქართველო ახალ მოცემულობაში,  რამდენად აღმოჩნდება მზად გამოწვევებისთვის.

ევროპამ აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ ევროპიდან მულტიმოდალური სარკინიგზო ტვირთის უწყვეტი და სწრაფი მიწოდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით უზრუნველყონ, ხოლო რუმინეთის პორტ კონსტანტადან საქართველოს პორტ ფოთში, შემდეგ კი ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში გადაზიდვები გაზარდონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ავსტრიის ფედერალური რკინიგზის ხელმძღვანელმა, ანდრეას მატემ განაცხადა.

ცნობილი გახდა, რომ ავსტრიაში აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილ „ადი კონტეინერსა" და ავსტრიულ „რეალ კარგოს" შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამისად, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ფარგლებში, ტვირთის საკონტეინერო ტრანსპორტირებას ფოთი-კონსტანტას პორტებს შორის იწყებს. გემი „შაირ ვაგიფი“ პორტებს შორის თვეში სამჯერ, 10 დღის განმავლობაში იმოძრავებს. თითოეულ რეისზე საზღვაო გზით მატარებლის ორი ბლოკი გადაიზიდება.

ავსტრიული მხარე აცხადებს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ერთობლივი ძალისხმევით უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენებოდეს და ჩინეთი-ევროპა-ჩინეთის, ასევე, ცენტრალური აზია-ევროპა-ცენტრალური აზიის მიმართულებით მულტიმოდალური სარკინიგზო ტვირთების მოცულობა უნდა გაიზარდოს.

რაც შეეხება საქართველოს გამტარუნარიანობას, ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, სულ მცირე, 10-12 მილიონი ტონა ტვირთი გაატაროს, თუმცა არის რისკიც ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, რაც შეიძლება დაბრკოლებად იქცეს.

„ომმა რეგიონში ვითარება რადიკალურად შეცვალა, უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ  _ საქართველოსთვის სასიკეთოდ. შესაძლებელია დავითვალოთ, რა მოცულობის ტვირთზე იქნება საუბარი. მიმაჩნია, რომ  10-12 მილიონი ტონა  ტვირთის მოზიდვა შეგვეძლება. ნაკადი, რომელიც ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით გაედინება, აზოვის ზღვასა  და საბრძოლო პერიმეტრზე უნდა გაიაროს, წესით,  უნდა გადმოერთოს  საქართველოს რკინიგზაზე, რაც, დაახლოებით, 4-5 მილიონი ტონაა. საბორნე გადაზიდვებიც ასევე მნიშვნელოვნად გააქტიურდება. 

ჩვენ რეალურად ახალი ტვირთის მოზიდვის შესაძლებლობაც გაგვაჩნია, რაც დიდ მოგებას მოუტანს ქვეყანას. ამდენად, ლოგისტიკა იცვლება საქართველოს სასარგებლოდ. ამ შანსს სწორად თუ გამოვიყენებთ, 2010-2011 წლების  სარკინიგზო გადაზიდვების ნიშნულზე ავალთ. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი რკინიგზა 22-23 მილიონ ტონა ტვირთს ეზიდებოდა. ვფიქრობ,  რკინიგზა უკვე ორიენტირს აიღებს განვითარებისკენ, ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენაზე“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ ცაგარეიშვილმა, თუმცა, მისი აზრით, სერიოზული პრობლემაა მსხვილი ლოგისტიკური ცენტრების უქონლობა, რაც გადაზიდვების პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის.

„არის  ერთი გარემოებაც, რომ ტვირთის გატარებას ახლავს პრობლემა, პირველ რიგში ის, რომ ჩვენ არ გვაქვს  მსხვილი ლოგისტიკური ცენტრები. მინიმუმ, 8-10 წელი დავაგვიანეთ, არ გვყავს საბორნე კავშირები ევროპის ქვეყნებთან, რაც  მნიშვნელოვანია, ანუ დაკავშირება აღმოსავლეთ ევროპის ნავსადგურებთან პრობლემაა. ამასთან, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით საქართველო მეასე ადგილზეა. გვაქვს რესურსი, რომ 10-12 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შევძლოთ, მაგრამ ინფრასტრუქტურაც უნდა გვიწყობდეს ხელს. გარკვეულწილად,  მნიშვნელოვან ტვირთნაკადს აიღებდა  ანაკლიის პორტი, მაგრამ ახლა ამაზე არ ღირს საუბარი“,  - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

გარდა ტვირთნაკადების ზრდისა, საქართველოს აქვს ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობაც.  როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნა,  დიდძალი თავისუფალი კაპიტალი დაგროვდა და სავსებით შეიძლება, ნაწილი საქართველოში გადმომისამართდეს, თუკი ქვეყანა ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

„ომს მოაქვს ნგრევა და ზარალი, მაგრამ აჩენს ახალ შესაძლებლობებსაც.  ჩემი აზრით, კარგი შანსია ინვესტიციების მოზიდვისთვის. ახლა თავისუფალი კაპიტალია როგორც ევროპაში, ისე თავისთავად რუსეთიდან და უკრაინიდანაც, რომელიც საიმედო ადგილს ეძებს დაბანდებისთვის. საქართველოსთვის ეს არის ინვესტიციების მოზიდვის ხელსაყრელი დრო, მაგრამ წინაპირობა უნდა შეიქმნას. 

ჯერჯერობით, ბევრი შემაფერხებელი ფაქტორია ინვესტიციებისთვის, ალბათ, საშეღავათო მექანიზმზეც უნდა იფიქრონ, რაც კაპიტალის მოზიდვისთვის ერთ-ერთი დადებითი ფაქტორია. ეს თუ გაკეთდება, კარგ პოზიციაში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა ინვესტიციების თვალსაზრისით.  წინააღმდეგ შემთხვევაში, გვექნება  ფასების ზრდა და ინფლაცია, სტაგნაციის პირობებში დარჩება ეკონომიკა. არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ, მაგრამ უნდა დაფიქრდნენ ამ შანსის გამოყენებაზე.

ტურიზმი დამხმარე მომენტია ეკონომიკისთვის, ალბათ, ტურისტების მოზიდვის მხრივაც მეტი შესაძლებლობა გვექნება, მაგრამ პრიორიტეტი არ უნდა გახდეს, ეკონომიკა  ამაზე არ უნდა იყოს აგებული. მთლიანობაში,  ომისგან, რაც უაღრესად ნეგატიური პროცესია, სარგებელი მეტი უნდა მივიღოთ, თუკი გამოვიყენებთ იმ უპირატესობებს, რომლებიც გაგვაჩნია“, - განაცხადა ხომიზურაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ,  ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებაა. ეკონომისტ გივი მომცელიძის მოსაზრებით, წარმოებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე გადამამუშავებელ მრეწველობაში.

„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია და ქმნის შესაძლებლობას, რომ ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ ბაზრებს. მთავარია, მიწოდებაში წყვეტა არ გვქონდეს. ჩვენთვის ეს, ჯერჯერობით, რთულია, რადგან წარმოება მცირეა და მოთხოვნას ვერ უზრუნველვყოფთ. ამასთან, ქართულ პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა გაცილებით მაღალმომგებიანი იქნებოდა ქვეყნისთვის, მზა ნედლეული რომ არ გადიოდეს და ყურადღება გადამამუშავებელი მრეწველობისთვის რომ დაეთმოთ, რაც შრომის ბაზარს დაეტყობა და ეკონომიკურ ზრდასაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს. 

ყველანაირი მეტალურგიული პროდუქცია აქვე უნდა დამზადდეს. ამის გარეშე ვერც ეკონომიკას დავქოქავთ და ვერც სამუშაო ადგილებს გავზრდით მნიშვნელოვნად. ერთიც და მეორეც სწორედ რეალური სექტორის განვითარებით მიიღწევა“, - განაცხადა მომცელიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×