სანქციები არაფერ შუაშია, რუსულ და უკრაინულ ბაზრებზე დამოკიდებულ კომპანიებს სხვა დიდი პრობლემები აქვთ
ქეთო გოგოხია
09.05.2022

რუსეთსა და უკრაინაზე დამოკიდებულ კომპანიებს ომმა სერიოზული რისკი შეუქმნა. თუკი უკრაინაში გადაზიდვები საერთოდ გაჩერებულია, გაყიდვების მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არც რუსეთშია. ამის მაგალითი „ბორჯომია“. ქართულმა ბრენდმა რამდენიმე დღის წინ წარმოება გააჩერა და  პერსპეტივა ჯერ კიდევ გაურკვეველია. როგორც ჩანს, ბოლომდე არც მთავრობაა ჩამოყალიბებული, თუ რა უნდა გააკეთოს „ბორჯომის“ შესანარჩუნებლად. ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის  მოსაზრებით, საქმე არც ისე მარტივადაა და ქვეყნის ხელისუფლება გადაწყვეტილებებში შეზღუდულია, როცა საქმე რუსი ოლიგარქების მიმართ დაწესებულ სანქციებს ეხება.

როგორც არ უნდა იყოს, დიდი ეროვნული წარმოება გაჩერებულია და ამას შეიძლება, სხვა კომპანიებიც მიჰყვნენ. კონკრეტულად რას უკავშირდება პრობლემა, ბიზნესისა და სპეციალისტების წარმომადგენლებს არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. ბიზნესმენთა ნაწილი ფიქრობს, რომ კრიზისი რეალიზაციის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება, რასაც ფინანსისტები არ იზიარებენ და ამბობენ, რომ საწარმოო პროცესი სანქციების გამო გაჩერდა, ნაწილის აზრით კი ორივე ფაქტორმა ერთად იმოქმედა.

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე დაუფარავად აცხადებს, რომ „ბორჯომის" პრობლემა გაყიდვების მაჩვენებლის თითქმის განულებამ გამოიწვია.

„სატელევიზიო ეთერებში სულ საუბარია სანქცირებულ ბიზნესმენსა და სანქცირებულ ოლიგარქზე. ეს რეალობა არაა, რეალობაა ის, რომ „ბორჯომს”, ამ ომიდან გამომდინარე, რეალიზაცია შეუმცირდა და ამიტომ გაჩერდა. ჩვენ თუ გავაანალიზებთ, სად იყიდება „ბორჯომი“, მისი 60% იყიდება რუსეთში, 25%-28% იყიდება უკრაინაში, ეს ასეა.

კარგად იცით, რომ რუსეთში ვაჭრობის სტრუქტურა შეიცვალა, დოლარზე ყიდვა-გაყიდვა მთელ რიგ პრობლემასთან არის დაკავშირებული, ნაწილი რუბლებზე ვაჭრობს. მეორე მხრივ არის უკრაინა, სადაც საწყობებიც იყო და ინფრასტრუქტურაც,  ახლა კი ყველაფერი მოიშალა.

ოფიციალური მიზეზი რაც არის, ეს გახლავთ ფანტაზიები. ჩემი აზრით, ეს კომპანია უნდა გაკოტრდეს და სახელმწიფომ მისი ლიცენზია სხვას უნდა მისცეს ან გაიყიდოს“, - განაცხადა ვაშაკიძემ „ბიემთან" ინტერვიუში.

ბიზნესმენმა სანქციების ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა „ლუკოილიც“ და აღნიშნა, რომ იქაც არის სანქცირებული ვაგიტ ალეკპეროვი და ის გავიდა დირექტორთა საბჭოდან, ხოლო კომპანია ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.

„ბორჯომის“ წარმოების გაჩერების  ძირითად მიზეზად სანქციებს მიიჩნევს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე, თუმცა პარალელურად არ გამორიცხავს, რომ  რეგიონში მიმდინარე ომს რეალიზაციის დიდი კლება გამოეწვია, მით უმეტეს, რომ „ბორჯომის“ ძირითადი ნაწილი სწორედ რუსეთსა და უკრაინაში გადიოდა. 

როგორც ფინანსისტმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნა, რუსეთსა  და უკრაინაზე დამოკიდებულ  კომპანიებს აქვთ პრობლემა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც  ქართული კომპანიების სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

„ცოტა რთულია საუბარი, კონკრეტულად რატომ გაჩერდა „ბორჯომის“ წარმოება. არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მანამდე გაყიდვებში პრობლემა ჰქონდათ, თუმცა ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, სანამ საზოგადოებისთვის სიმართლე გაირკვევა  და ზუსტი მიზეზი გვეცოდინება. ფაქტია, რომ ,,ბორჯომი“, ძირითადად, ყოფილი დსთ-ის სივრცეშია პოპულარული და უდიდესი წილი  ეკავა რუსეთს, უკრაინას, ბელარუსსა და სხვა ბაზრებს. ის ძირითადად რეგიონის ქვეყნებში გადიოდა, ევროპაში ამ ბრენდმა დიდად ვერ დაიმკვიდრა ადგილი, თუმცა იქაც გადიოდა გარკვეული რაოდენობა. 

ბოლო დრომდე არსად გაჟღერებულა, რომ კომპანიას გაყიდვის მხრივ უჭირდა, მით უფრო, რომ რუსეთში ექსპორტის კუთხით არ გვქონდა პრობლემა. უფრო რეალურად მიმაჩნია სანქციებთან დაკავშირებული საკითხი, რასაც შეეძლო, პრობლემა გამოეწვია. შეიძლება, ორივე ფაქტორმა ერთად იმოქმედა“, - განაცხადა კეპულაძემ.

რაც შეეხება სხვა კომპანიებს, ფინანსისტის ვარაუდით, ნაკლებად მოსალოდნელია, ანალოგიური საფრთხე შეექმნას სხვა კომპანიებს უშუალოდ ომის გამო, თუმცა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება რისკებს ზრდის, რისგანაც არავინ არის დაზღვეული.

„2008 წლის ომი გვქონდა და რუსეთის ბაზარზე ბევრი პროდუქტის გაყიდვა ჭირდა, მაგრამ მაშინ არ გაკოტრებულა „ბორჯომი“, თუმცა, ზოგადად, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ყოველთვის არის დიდი რისკი, მაგრამ მაინც ვხედავთ, რომ ქართულ კომპანიებს ამ მიმართულებით უფრო აქტიური კავშირები აქვთ და ცდილობენ რუსულ ბაზარზე ექსპორტის გააქტიურებას. ცუდია თუ კარგი,  ეს ტენდენცია არსებობს. 

ახლა ვხედავთ, რომ, საომარი მოქმედებების მიუხედავად,  ექსპორტიც მუდმივად მზარდია ყველა მიმართულებით, გარდა უკრაინისა. ომმა შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გამოიწვიოს საფრთხე, მაგრამ, ჯერჯერობით, ასეთ ნიშნებს ბიზნესში ვერ ვხედავ. რუსული კაპიტალი საქართველოშია და მისი მფლობელები სანქცირებული არ არიან, მაგრამ სხვას თუ შეექმნება პრობლემა სანქციების გამო, შეიძლება, გაიყიდოს კომპანია და ახალმა მფლობელმა ჩვეულებრივ გააგრძელოს წარმოება. დღესდღეობით კომპანიების გაკოტრების ვერნაირ ნიშანს ვერ ვხედავ“, - განაცხადა კაპანაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“.

განსხვავებული მოსაზრებისაა ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი. მისი შეფასებით, „ბორჯომის“ გაყიდვებს რეალურად არ უნდა შექმნოდა პრობლემა რუსეთში, მიზეზი უფრო სანქციებს უკავშირდება.

„ომია და უკრაინაში „ბორჯომის“ რეალიზაცია გაჩერებულია, როგორც სხვა პროდუქტების შემთხვევაში, მაგრამ ამას კრიზისი არ უნდა გამოეწვია. რუსეთში ამ მხრივ პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. მესმის, სავალუტო მოძრაობა გარკვეულ ბარიერს ქმნის, მაგრამ ესეც მოგვარდებოდა, ბიზნესი მონახავდა გამოსავალს, როგორც ეს ღვინის ექსპორტიორებმა შეძლეს. მგონია, რომ სანქციები იყო მთავარი“, - განაცხადა სიმონიშვილმა და დასძინა, რომ არ გამორიცხავს, სხვა კომპანიებიც აღმოჩნდნენ საფრთხეში, განსაკუთრებით _ ენერგეტიკის სექტორში.

„რუს ბიზნესმენებზე მთელი ენერგეტიკული კომპანიებია გაყიდული: ჰესები, გენერაციის ობიექტები, უწყვეტი მომარაგების კომპანიები, რომლებსაც შეიძლება, მსგავსი საფრთხე შეექმნათ. სავსებით  შესაძლებელია, მათ სანქციები შეეხოთ.  თავის დროზე სააკაშვილის მიერ სტრატეგიული ობიექტების რუსებზე მიყიდვა დიდი შეცდომა იყო, რასაც ახლა ვიმკით.

რამდენადაც ვიცით, დაგეგმილი  იყო ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის „გაზპრომისთვის“ მიყიდვა, მაგრამ მას აშშ-ისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა და ამაზე ლაპარაკი  შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ ანტირუსულ პროპაგანდას ეწეოდნენ, იმდროინდელი ხელისუფლება საქმით აშკარად პრორუსული იყო“, - განაცხადა სიმონიშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

შეგახსენებთ, რომ  29 აპრილს, „ბორჯომმა" განაცხადა, რომ, უკრაინაში მიმდინარე ომისა და საერთაშორისო სანქციების გამო, საქართველოში მათი ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერდა. 2013 წლიდან „აიდიეს ბორჯომი" საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი „ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომელმაც ეს აქტივი 460 მლნ დოლარად გაასხვისა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, „ბორჯომის" მთავარი სარეალიზაციო ბაზრები სწორედ რუსეთსა და უკრაინაშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×