„თავად ნაკლები დაიკლეს და კრიზისის გადატარება დასაქმებულთა ხარჯზე უნდათ"
გვანცა წულაია
06.05.2022

„ბორჯომის" ირგვლის ვითარება სულ უფრო მეტად იძაბება. კომპანიამ უკვე თანამშრომლების სახლში გაშვება დაიყო. ამ ეტაპზე, გათავისუფლებულია 49 ადამიანი. საქმეში უკვე ჩაერთო პროფკავშირები. პრობლემის დაწყების დღიდანვე სპეციალისტთა ნაწილი კომპანიის ნაციონალიზაციას ითხოვს. რა შეიძლება იყოს გამოსავალი და რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, რათა „ბორჯომი" და კომპანიაში დასაქმებული ხალხი გადარჩეს?

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის გაჩერებამ პრობლემები უკვე წარმოქმნა. „აიდიეს ბორჯომი საქართველომ" საკადრო ცვლილებები დაიწყო. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა. კომპანიაში ამბობენ, რომ თანამშრომელთა უმრავლესობა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ ახალ სახელშეკრულებო პირობებს დათანხმდა და შეთანხმებას ხელი მოაწერა.

„ჩვენი კომპანია დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას - ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ, თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები. ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომში შემცირებები აღარ მოგვიწევს", - განაცხადეს კომპანიაში.

„აი დი ეს ბორჯომის" დასაქმებულთა პროფკავშირმა ჯანდაცვის სამინისტროში მედიაციის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადი შეიტანეს. აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ პროფკავშირი ქარხანაში თითოეული დასაქმებულის უფლებებს დაიცავენ.

„ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია, გამოყოს მედიატორი, რომელიც განიხილავს გარკვეულ საკითხებს დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის; თუ მოხდება შეთანხმება, მხარეები ამაზე ხელს მოაწერენ, თუ არ მოხდება, დასაქმებულებს კანონიერი გაფიცვის უფლება ექნებათ", - განაცხადა დიასამიძემ და დასძინა, რომ კომპანიის გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ თავად დასაქმებულებმა არაფერი იციან და ეს ფაქტი მედიაციის პროცესს არ შეცვლის.

„კომპანიის განცხადებით, მათ რეორგანიზაცია განახორციელეს და 49 ადამიანი გაათავისუფლეს. სანამ კომპანია დასაქმებულებს არ გადასცემს გათავისუფლების ბრძანებას, არც ჩვენ და არც დასაქმებულებს არ გვაქვს ინფორმაცია, ვის შეეხო რეორგანიზაცია, თუმცა აქვე საკითხავია რამდენად სამართლიანად ჩაატარა კომპანიამ რეორგანიზაცია. ნებისმიერი დამსაქმებელი ვალდებულია, გარკვეული სახის ვალდებულებები აიღოს, მით უფრო როდესაც პრემიერმა სასიამოვნო სიახლის შესახებ განაცხადა, თუმცა ამის შემდეგ მხოლოდ უსიამოვნებები ხდება. გარკვეული სახის აქტივობები სახელმწიფოს მხრიდანაც საჭიროა. გარდა ამისა, დასაქმებულები ყველაფერს აცნობიერებდნენ, მათ შორის იმასაც, რომ დამსაქმებელი თავის კეთილდღეობის გაგრძელებას დასაქმებულებზე ეკონომიის ხარჯზე შეეცდებოდა. თავად ნაკლები დაიკლეს და კრიზისის გადატარება დასაქმებულთა ხარჯზე უნდათ", - აღნიშნა მან „ბიზნეს მედიასთან".

„ბორჯომის" გაჩერების მიზეზი მისი რუსი მეწილეა, რომელიც სანქციების ქვეშ მოექცა. 2013 წლიდან „იადიეს ბორჯომის" საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი" ფლობს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია. კომპანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

კომპანიის მიერ, გაჩერებასთან დაკავშირებით, გაკეთებული განცხადების მეორე დღიდან საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ „ბორჯომთან" დაკავშირებით, ცოტა ხანში, სასიამოვნო სიახლე გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრს ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ აპირებს მთავრობა პრობლემის გადაჭრას.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი კი ხაზს უსვამს, რომ შესაძლებლობები არის შეზღუდული, რადგან ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქციებთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მარეგულირებლებთან, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, მეტი განმარტება გვჭირდებოდა, კონკრეტული ინტერპრეტაციებია საჭირო აღსრულების კუთხით. აქედან გამომდინარე, იურიდიულ პროცესს ვსწავლობთ, ვურთიერთობთ სხვადასხვა მხარესთან, რათა ისეთი გარკვეული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, რომელიც შემდგომში კომპანიას საქმიანობაში დაეხმარება. სამწუხაროდ, ამაზე მეტი დეტალის თქმა არ შემიძლია. ეს არის მოთხოვნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ გარკვეული დეტალები ამ ეტაპზე არ გამჟღავნდეს, თუმცა პრემიერმაც განაცხადა, რომ ჩვენ ვმუშაობთ, რათა პრობლემები მოვაგვაროთ", - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ კომპანიამ თანამშრომლების შესანარჩუნებლად მაქსიმალური უნდა გააკეთოს.

„ბორჯომი" პირველი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში სანქციების გამო პრობლემები შეექმნა, თუმცა შესაძლოა, უკანასკნელი არ აღმოჩნდეს. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სანქციების პაკეტს ზრდის, არ არის გამორიცხული „ბორჯომის" ბედი სხვა კომპანიამაც გაიზიაროს. ამის საფრთხე რეალურია, ამიტომ სპეციალისტები ამბობენ, რომ „ბორჯომის" შემთხვევაში, ნაციონალიზაცია (გამოსყიდვა) უნდა მოხდეს და საფრთხეებისთვის მზადება უნდა დაიწყოს, რათა უმალვე ადეკვატური პასუხი გაეცეს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ რთულია ყველა პრობლემაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს და თუ პროცესი გაჭიანურდა, ჩარევაზე ფიქრი შემდეგ უნდა დაიწყოს.

„მესმის, რომ საკითხი სენსიტიურია და კომპანია მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ საჩქარო არაფერი არ არის, არც სახელმწიფოს მხრიდან. უნდა დაველოდოთ პროცესების განვითარებას. შესაძლოა, ქართველი ან უცხოელი ინვესტორები (რომლებსაც არ ეხებათ სანქციები) დაინტერესდნენამ საკითხით, ან თავად კომპანიამ გაყიდოს „ბორჯომი", ამიტომ დღესვე იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ბორჯომი" ცოტა არასწორი მგონია.

თუკი პროცესი გაჭიანურდა შესაძლოა, მერე ვისაუბრობთ სახელმწიფოს ჩარევაზე, რადგან კერძო კომპანიაა, ინვეტიციაა და ყველაფრის ნაციონალიზაცია თანამედროვე ეკონომიკის პირობებში არ მგონია ბოლომდე გამართლებული. მგონია, რომ გამოსავალი მოიძებნება და გამოჩნდება ინვესტორი, რომელიც შეისყიდის „ბორჯომს".

რაც შეეხება კომპანიის მხრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, ბუნებრივია, ეს ძალიან ცუდია. მქონდა მოლოდინი, რომ კომპანია კადრების შენარჩუნებას შეძლებდა. აქ სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს? კომპანიამ ვერ დაავალდებულებს თანამშრომლების უკან დაბრუნებას და ვერც თავის თავზე ვერ აიღებს მათ დასაქმებას. აქაც, ალბათ, მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ, თუ რა მოხდება საბოლოოდ.

შესაძლოა, სხვა კომპანიებთან მიმართებაშიც გაჩნდეს მსგავსი საფრთხე, თუ რომელიმე ბიზნესის წარმომადგენელი დაკავშირებული იქნება კრემლთან ან იმ მხარესთან, ვისაც სანქციები ეხებათ. აქაც რთულია გადაწყვეტილების მიღება, ამაზე უნდა გვეფიქრა მანამდე, სანამ კომპანიებს რუსებზე გავასხვისებდით. ახლა, თუკი მოხდება ამ კომპანიების შეძენა სხვა ინვესტორების მიერ, ბუნებრივია, კარგი იქნება, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში სახელმწიფო ფრთხილად უნდა იყოს", - განუცხადა „რეზონანსს" გიორგი კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×