ფასის ზრდა უკვე დაწყებულია და ეს ომის გამო ქვეყანაში შემოსული ადამიანების გამო ხდება
თიკა სიბოშვილი
04.05.2022

მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონს ჩავარდნა არ ემუქრება, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, სექტორში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ომის გამო უკრაინიდან და რუსეთიდან შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა საკმაო დიდია, რამაც გასაქირავებელი ბინების ფასზე იმოქმედა - ღირებულებამ მკვეთრად მოიმატა. ახლა საინტერესოა, ფასების ცვლილება კიდევ თუ გაგრძელდება და ადგილობრივი დამსვენებლებისთვის მომსახურება რამდენად გაძვირდება.

რეგიონში მიმდინარე ომმა საქართველოზე დიდი გავლენა იქონია. პროდუქტები გაძვირდა, გაიზარდა ინფლაცია. ახლა კიდევ ერთი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მოსახლეობა. ომის პერიოდში საქართველოში რუსეთ-უკრაინის მოქალაქეები შემოვიდნენ, რის გამოც გასაქირავებელი ბინების ფასი გაიზარდა. აშკარაა, რომ ჩამოსულები ჯერ არსად წასვლას არ გეგმავენ და ზაფხულის სეზონსაც საქართველოში გაატარებენ. ამიტომაც, სავარაუდოა, რომ წელს, ზღვისპირეთში დამსვენებელს იმაზე მეტის დახარჯვა მოუწევს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

ღირებულების ზრდას "გალტ ენდ თაგარტის" უფროსი ანალიტიკოსი, კახა სამყურაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ მოთხოვნის ზრდის ფონზე გაზრდილია ფასიც. იგი ასევე ამბობს, რომ დასაქირავებელი ბინის საშუალო ფასი ამ დროისთვის 37 დოლარის ფარგლებში მერყეობს მაშინ, როცა 2019 წელს ღირებულება, საშუალოდ, 32 დოლარი იყო.

„პანდემიამდე საშუალო ბინის ფასი იყო 30-35 დოლარი და ეს მაჩვენებელი  მუდმივად მცირდებოდა, რადგან მიწოდება იყო მაღალი, ახლა არის 37 დოლარის ფარგლებში. ფასში ეს ნახტომი შესამჩნევია იმიტომ, რომ ამ ბაზრისთვის საკმაოდ დიდი ზრდაა. ასეთი მაღალი მოთხოვნა არასეზონურ პერიოდში ძალიან იშვიათად გვახსენდება და ეს ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულისთვის ბათუმში აპარტამენტებზე მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, პროგნოზისთვის გვჭირდება ინფორმაცია თუ რამდენი ხანი დარჩებიან ეს ადამიანები საქართველოში. თუ ეს დროებითია და სეზონის დაწყებამდე წავლენ, ეს ფაქტორი მოიხსნება. ფასის მატება იგივე სასტუმროებისა და რესტორნების შემთხვევაში თვითღირებულების ზრდით გამომდინარეობს და არა ტურისტების ნაკადით. შესყიდული საქონლის და მომსახურების თვითღირებულება უძვირდებათ ობიექტებსაც, შესაბამისად, ეს ზრდის საბოლოო ფასს. თუ ასეთი მოთხოვნა შენარჩუნდა, აპარტამენტებზე უფრო მოსალოდნელია ფასის ზრდა, ვიდრე სასტუმროებზე", - განაცხადა "ბიზნეს მედიასთან" სამყურაშვილმა.

ახლა, არასეზონურ პერიოდში საზაფხულო კურორტები უკვე საკმაოდ დატვირთულია, რაც ეჭვის გამყარების საფუძველს იძლევა, იმის შესახებ, რომ სეზონის გახსნის შემდეგ აპარტამენტების ფასი მომატებული იქნება, ანუ გამოდის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკვე უნდა მოემზადოს ახალი რეალობისთვის. აშკარაა, რომ შავიზღვისპირეთში წელს დასვენება, იაფი ნამდვილად არ იქნება.

„რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რა მდგომარეობაა კურორტებზე, რამდენით გაიზარდა ოთახების ღირებულება და შენარჩუნდება თუ არა ეს ფასები ზაფხულშიც. როგორც, ციხისძირში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი მარიამ ბაჯელიძე აღნიშნავს, ფასი მართლაც გაზრდილია, თუმცა მომავალში რა იქნება,  ტურისტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

„ბინაში, ოთახებს იმის მიხედვით ვაქირავებ, თუ რამდენ ადამიანს სურს აღება, ერთი ადამიანის მომსახურება ომის დაწყებამდე 10 ლარს შეადგენდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტურისტების დიდი ნაკადი წამოვიდა საქართველოს მიმართულებით, მომართვიანობაც გაიზარდა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ფასი გამეზარდა და ერთი ადამიანის მომსახურების ღირებულება გახდა 15 ლარი. ვთვლი, რომ ეს არც ისე ბევრია.

გავაძვირე, რადგან მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩემს ბიზნესს უკეთ ემუშავა. არ ვიცი უკვე ტურისტულ სეზონზეც შენარჩუნდება თუ არა ეს ფასი, ყველაფერი დამოკიდებულია, იმაზე თუ რამდენად გაიზრდება მოთხოვნა უცხოელი ტურისტების მხრიდან“, - აღნიშნა ბაჯელიძემ „რეზონანსთან“.

ღირებულების გაზრდას არ უარყოფს არც, ბათუმში მდებარე ბინის მფლობელი ნონა გორგაძე. როგორც ის აღნიშნავს, აპარტამენტს 3 პერსონაზე 100 ლარად აქირავებდა, თუმცა ფასმა ახლა, 30 ლარით მოიმატა და 130 ლარად ქირავდება.

„მიმდინარე პერიოდში, ძალიან გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, მუდმივად დაკავებულია ჩემი ბინა. მირეკავენ მსურველები, ვისაც ბინაში შემოსვლა სურს, ამიტომაც გადავწყვიტე გაძვირება. ადრე 3 პერსონაზე 100 ლარად ვაქირავებდი, ხოლო ახლა - 130 ლარად.

 ამ პერიოდში ბინა, ძირითადად, უცხოელ ტურისტებზე ვაქირავებ და ეს დიდი ალბათობით ზაფხულშიც ასე გაგრძელდება, თუ მოთხოვნა არ შემცირდა.

გაიაფებას ჯერჯერობით არ ვაპირებ, რადგან უცხოელი ტურისტები არიან ქვეყანაში და ამის საჭიროება არ არსებობს. ჩემ გარშემო, ბევრმა გააძვირა ბინები, მათ კიდევ უფრო გაზარდეს ფასი, ვიდრე მე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ წლევანდელი ტურისტული სეზონი საკმაოდ ძვირი იქნება“, - აღნიშნა გორგაძემ „რეზონასთან“ საუბრისას.

ფაქტია, რომ შავიზღვისპირეთში გაძვირება უკვე დაწყებულია და რთული სათქმელია როდის მოგვარდება ეს პრობლემა. თუმცა ყველაფერი მაინც რუს, უკრაინელ და ბელარუს ტურისტებზეა დამოკიდებული, როდის გადაწყვეტენ, ქვეყნის დატოვებას, რაც შემდეგ უკვე ფასებზეც აისახება.

როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე აღნიშნავს, დიდი მოთხოვნის გამო აპარტამენტებზე ფასებმა მართლაც მოიმატა, რის გამოც ზაფხულის სეზონზე ბინების ქირაობა გართულდება.

„ახლა დატვირთვა, ძირითადად, აპარტამენტებზე მოდის, ვიდრე სასტუმროებზე. სასტუმროები, პირიქით, გაიაფებულია, ხოლო ბინები - გაძვირებული. ეს გამოიწვია იმან, რომ ტურისტებზე უფრო გრძელვადიანი შემომსვლელები არიან ქვეყანაში. უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან. მათ საქართველოში დროებით საცხოვრებელი პირობები მოიწყვეს და გადანაწილდნენ, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, რამაც ნამდვილად გამოიწვია ფასის ზრდა.

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში ბინის ქირაობა იქნება საკმაოდ რთული, ერთი მხრივ ადგილების დეფიციტის, მეორე მხრივ კი გაზრდილი ფასის გამო. პანდემიიდან გამომდინარე, წინა წლებში გაიაფებული იყო, მაგრამ ახლა მართლაც რადიკალურად გაძვირდა“, - აღნიშნა სიდამონიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×