„ინვესტორი ამ მდგომარეობიდან, ბოლოს და ბოლოს, გამოვა, მაგრამ მშრომელები აშკარად წამგებიან პოზიციაში რჩებიან"
ქეთო გოგოხია
03.05.2022

„ბორჯომის“ საწარმოო პროცესის გაჩერების შემდეგ, ინვესტორის მხრიდან  ასეულობით დასაქმებული ადამიანის შრომითი უფლებების რეალური საფრთხე უკვე გამოიკვეთა. კომპანიის ადმინისტრაცია თანამშრომლებს მიუღებელ პირობებს უყენებს და მათ ხელშეკრულების ახალ მოდელს სთავაზობს, რაც სახელფასო ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების ცვლილებას მოიცავს. დამსაქმებელი, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანამშრომლებს სამუშაოდან დათხოვნით ემუქრება. მხარეებს შორის დიდი დაძაბულობაა.

ბიზნესის მიერ დაულაგებელი სიტუაციის გამო, შეიძლება, დასაქმებულები დაზარალდნენ. რა ბედი ეწევათ მათ, ჯერჯერობით, გაურკვეველია, მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია არც საქართველოს მთავრობას გააჩნია, გარდა დაპირებისა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს.

პროფკავშირის თავმჯდომარის ინფორმაციით, „აიდიეს ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებული 400 პირის ინტერესებს სწორედ პროფკავშირი იცავს. გიორგი დიასამიძე აღნიშნავს, რომ ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები „აიდიეს ბორჯომი საქართველოს” ერთ-ერთი მეწილის სანქცირების შედეგად შექმნილ მდგომარეობას აცნობიერებენ და, სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებლის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებიან, თუ ხელშეკრულება 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„დამსაქმებლის მიერ განახლებულ შეთავაზებაში საუბარია სახელფასო ანაზღაურების ცვლილებაზე. თუ დასაქმებულებს უნდა ემუშავათ და კომპანიის ბრალეულობით არ მუშაობდნენ, მათ ხელფასის 100% უნდა მიეღოთ, ახლა კი დამსაქმებელი ეუბნება, რომ თუ „იძულებით მოცდენა" იქნება, მაშინ ისინი ხელფასის 50%-ს მიიღებენ. გარდა ამისა, ახალი ხელშეკრულებით, ზეგანაკვეთურ შრომაში ისინი, ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ. ასევე საუბარია პრემიებსა და დასვენების დღეებზე.

დასაქმებულები ამ პირობებზე თანხმდებიან, თუმცა ამბობენ, რომ ხელშეკრულებას იმ შემთხვევაში მოაწერენ ხელს, თუ შეთანხმების ვადა 3 თვით განისაზღვრება და ამის შემდეგ იმავე პირობებს დაუბრუნდებიან, როგორიც მანამდე იყო.

თუ ამ პერიოდში კომპანია ვერ შეძლებს პრობლემების მოგვარებას, ისინი მზად არიან, სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, იმავე პირობებით ისევ 3 თვით გააგრძელონ მუშაობა, სანამ პრობლემა არ მოგვარდება.

გარდა ამისა, დასაქმებულთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, კომპანიამ რეორგანიზაცია არ განახორციელოს, რათა დაცული იყოს თითოეული სამუშაო ადგილი და რეორგანიზაცია არ იქნას გამოყენებული დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად“, - აღნიშნა გიორგი დიასამიძემ „ბიემთან" საუბრისას.

რაც შეეხება დასაქმებული მოქალაქების უფლებების დაცვას, არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ, სანქციებიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მხრიდან პირობების შესრულების მოლოდინი  ნაკლებადაა, ამიტომ სახელმწიფომ უნდა აიღოს ინიციატივა და დროულად განახორციელოს საწარმოს მართვა.

„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი  სოფო ჯაფარიძე „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ ერთადერთი გამოსავალია საწარმოს ამუშავება, რაც დასაქმებულებს რისკებისგან დაიცავს.

„კომპანია „ბორჯომის“ დასაქმებულები დღეს რთულ სიტუაციაში არიან. რაც  შექმნილ სიტუაციაში შესაძლებელია გაკეთდეს და ბიზნესს კანონმდებლობით მოეთხოვება, თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაა, თუმცა პრობლემა „იძულებითი“ ხასიათისაა, ინვესტორი სანქცირებულია და მცირე შანსია, რომ მისი მხრიდან ვალდებულებები კანონის შესაბამისად შესრულდება. ძალიან მკაცრი სანქციებია, რაც ფულის მოძრაობას მაქსიმალურად ზღუდავს.

ახლა ყველაზე სწორი გზაა, რომ მთავრობას მოსთხოვონ, გამოისყიდონ ეს ქარხანა და აამუშაონ. ინვესტორი ამ მდგომარეობიდან, ბოლოს და ბოლოს, გამოვა, მაგრამ  მშრომელები აშკარად წამგებიან პოზიციაში რჩებიან. სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს ამ ხალხს, რათა მიიღონ ხელფასები, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

თავის დროზე, როცა „აგარის“ ქარხანაში დროებით გაჩერდა საწარმოო პროცესი, მთავრობა დასაქმებულებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელფასის ნაწილს უხდიდა, თუმცა დღეს ამ ნაბიჯის გადადგმა რეალურად შეუძლებელია.

„ბორჯომში საწარმოო პროცესის შეჩერების ხანგრძლივობა სანქციებზეა დამოკიდებული, არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება და ამიტომ ზომები სწორედ მთავრობამ უნდა მიიღოს. ინვესტორი ამას თავს ვერ გაართმევს, სანქციები დიდი შემაფერხებელი ფაქტორია.

როცა დაიხურა „აგარა“, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელფასების რაღაც ნაწილს სახელმწიფო იხდიდა, ნაწილს - კომპანია. ახლა სიტუაცია უფრო გაურკვეველია, ვიდრე მაშინ იყო, ამიტომ  დროებითი მმართველობა უნდა იკისროს სახელმწიფომ, სხვას ვერაფერს გააკეთებს, ალტერნატივა არ ჩანს“, - დასძინა ჯაფარიძემ „რეზონანსთან“.

ფაქტს, რომ დასაქმებულების ნაწილს პრობლემა შეექმნება, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელი რამაზ გერლიანიც ადასტურებს.

„ბორჯომში არა მარტო ხელფასების, სამსახურის დაკარგვის რისკიცაა. გამოსავალი ალბათ მოიძებნება, მაგრამ მარტივი არ იქნება. როგორც ვიცით, სანქციების ნაწილი მოქმედებს იმის გამო, რომ ადგილი აქვს  მსხვილი წილის ფლობას რუსი ინვესტორის მეირ. საუბარი ახლა იმაზე უნდა მიმდინარეობდეს, რომ წილების დივერსიფიცირება მოხდეს.

უშუალოდ დასაქმებულებთან დაკავშირებით ცივილური ფორმით ძნელია, გამოსავალი  მოიძებნოს, გარდა დაზღვევისა. სხვა საკითხია, თუ კეთილ ნებას გამოიჩენენ, შესაძლოა, ხელფასის რაღაც ნაწილი დაუსუბსიდირონ. სხვაგვარად, როცა ასეთი სანქციებია, ვალდებულებებზე საუბარი კომპანიის მიმართ ძნელია. ზოგადად, მიდგომაა შესაცვლელი. დროზე რომ მიგვეღო ზომები, ჩვენ ასეთი პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდებოდით“, - განუცხადა „რეზონანსს“ გერლიანმა.

პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანიამ დასაქმებულებს შეთავაზებული პირობების ხელმოსაწერად დრო 3 მაისამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეორგანიზაცია დააანონსა, რასაც თანამშრომლები შანტაჟად აღიქვამენ.

3-თვიანი მინიმალური გარანტიის არარსებობის შემთხვევაში, დასაქმებულები უარს აცხადებენ შეთავაზებული პირობების ხელმოწერაზე. ისინი აპირებენ, დაელოდონ პრემიერ-მინისტრის განცხადებას - რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საწარმოსთან დაკავშირებით, რადგან ირაკლი ღარიბაშვილმა ამ მიმართულებით „სასიამოვნო სიახლე" დააანონსა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×