გვანცა წულაია
03.05.2022

საქართველოში ისევ ორნიშნა ინფლაციაა და მისი შემცირება ვერაფრით ვერ ხერხდება. ქვეყანას კვლავ კატასტროფულად გაზრდილ ფასებთან უწევს გამკლავება. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა იქნება შემდგომ თვეებში და როგორია მოლოდინი, შეიძლება თუ არა საქრთველოში ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება.

თითქმის ერთი წელია, ქვეყანა ორნიშნა ინფლაციას ებრძვის. აპრილის თვეში ინფლაციის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა, თუმცა სამომავლოდ სპეციალისტები ფასების საერთო დონის შემცირებას ვარაუდობენ. ინფლაციის ტემპის კლებას პროგნოზირებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. მისი აზრით, ახლა ძალიან დიდი მოცულობითაა იმპორტირებული პროდუქცია და რომ არა ეს ნეგატიური ფაქტორები, საქართველოში ინფლაცია, მაქსიმუმ, 5-6% იქნებოდა.

„რამდენიმე მომენტის თანხვედრა მოხდა და ამიტომ არის ასეთი მაღალი ინფლაცია. პირველ რიგში, მიწოდების რგოლების ჩაჭრისა და შეცვლის გამო და ზოგადად, წარმოების ხარჯების მატების გათვალისწინებით. დიდწილად, ინფლაცია არის იმპორტირებული და რომ არა ნეგატიური ფაქტორები, ჩვენ გვექნებოდა საკმაოდ ზომიერი მაჩვენებელი, არაუმეტეს 4, მაქსიმუმ, 5%. ასე რომ, დიდწილად დამოკიდებულნი ვართ მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.

ჩვენი იმპორტი ექსპორტს, თითქმის, 2.5-ჯერ აღემატება, ამიტომ მსოფლიო ბაზრის ფასებით გვიწევს საქონლის შეძენა, რაც გავლენას ახდენს შიდა ბაზარზე.

ინფლაციის დასათრგუნად რამდენიმე გზა არსებობს და ეს, პირველ რიგში, არის ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკური ზრდა. ბოლო 12 თვიდან (გასული წლის აპრილიდან ამ წლის მარტის ჩათვლით) 8 თვე გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

აუცილებელია ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება და ასევე, საექსპორტო ექსპანსია. ერთი შეხედვით, ვითარება ცოტა გართულებულია, რუსეთსა და უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, მაგრამ, თუ ამ ორ ქვეყანას გამოვრიცხავთ, როგორც გასული წლის ბაზრიდან, ისე ამჟამადაც და მერე  მოვახდენთ ზრდის ტემპების გაანგარიშებას, აღმოჩნდება, რომ ჩვენ ექსპორტის მოცულობა საკმაოდ სოლიდურად გაგვეზარდა.

ჩვენ საკმაოდ წარმატებით შევძელით და ვაგრძელებთ საგარეო ვაჭრობის დივერსიფიცირებას. გავდივართ სხვა ქვეყნებზე და საგარეო ვაჭრობაში, რუსეთისა და უკრაინის წილი თანდათან მცირდება. ანალოგიური წარმატება გვაქვს იმპორტის მხრივაც, სადაც სოლიდური ზრდა შეინიშნება. შესაბამისად, რაც უფრო მეტი საქონელი გადის ქვეყნიდან, რაც უფრო დადებითია ჩვენი სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსი, მით უფრო ნაკლები ვალუტა გადის ქვეყნიდან, მეტი შემოდის. ყველაფერი ეს გვეხმარება კურსის გამყარებაში, რაც ემსახურება იმას, რომ შედარებით იაფად მოგვიწევს იმპორტირებული პროდუქციის შეძენა.

თავის როლს ასრულებს და უფრო მეტად შეასრულებს ხელისუფლების, სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობა, როცა ორივე მხარე ითვალისწინებს ერთმანეთს”, - განუცხადა „რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.

2022 წელს სავალუტო ფონდი საქართველოში, საშუალოდ, 9.5%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. არჩვაძის აზრით, საკმაოდ მაღალია შანსი იმისა, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყოს. 

„სავალუტო ფონდში მეტისმეტად ფრთხილობენ. გვახსოვს, როგორი პროგნოზი ჰქონდათ გაკეთებული შარშან, წლის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით. საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს, რომ ინფლაციის დონე იყოს გაცილებით დაბალი (ვიდრე სავალუტო ფონდის პროგნოზია), ხოლო ეკონომიკური ზრდა იყოს იმაზე მაღალი, რასაც პროგნოზირებენ საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ორგანიზაციები”, - დასძინა „რეზონანსთან” სტატისტიკოსმა.

ინფლაციის მოსათოკავად და შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, 2021 წელსაც, ისევე როგორც 2022-შიც, არაერთხელ გაზარდა, თუმცა ამ ნაბიჯს შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ინფლაცია ყოველ თვეში სულ უფრო და უფრო მაღალი იყო.

მაღალ ინფლაციაში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს სტისტიკოსი გივი მომცელიძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ საგარეო ფაქტორების წილი ინფლაციაში ძალიან დიდია და მისი მოთოკვა სხვადასხვა ბერკეტით შესაძლებელია.

„ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა. უამრავი ბერკეტი გვქონდა, რომ ინფლაციის შემცირება მომხდარიყო, მაგრამ ხელისუფლებას აწყობს მაღალი მაჩვენებელი, პირველ რიგში იმის გამო, რომ მეტი ფული გაიწეროს სოციალური მიზნებისთვის, პენსია იქნება ეს თუ სოციალური დახმარება, თუნდაც ინფრასტრუქტურული ხარჯი.

ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ფასების მზარდი დონე მხოლოდ ხელისუფლების ბრალეულობა არ არის, საერთაშორისო მიზეზების გამოც გვაქვს მაღალი მაჩვენებელი. საგარეო ფაქტორების წილი ძალიან დიდია, მეზობელ ქვეყნებშიც მაღალი ინფლაციაა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენზეც აისახება უარყოფითად. რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ, თუნდაც აქციზის დროებითი შემცირება, რაც ბენზინზე ფასებს დაბლა დასწევდა და ამით ადამიანების ხარჯები შემცირდებოდა. ამას დროებითი ეფექტი ექნება, რა თქმა უნდა, მაგრამ აქციზის გადასახადი არაერთმა ქვეყანამ შეამცირა”, - განუცხადა „რეზონანსს” მომცელიძემ.

ინფლაცია, გასული წლის შემდეგ, მუდმივად მზარდია. 2021 წლის იანვარში ინფლაციამ 2.8% შეადგინა, თებერვალში - 3.6%, მარტსა და აპრილში - 7.2%, მაისში - 7.7%, ივნისში - 9.9%, ივლისში - 11.9%, აგვისტოში - 12.8%, სექტემბერში - 12.5%, ოქტომბერში - 12.8%, ნოემბერში - 12.5% და დეკემბერში - 13.9%.

რაც შეეხება მიმდინარე, 2022 წელს, იანვარში ინფლაციამ 13.9%-ს მიაღწია, თებერვალში 13.7% იყო, მარტში – 11.8%, ხოლო აპრილში – 12.8%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×