„კონკრეტულად „ბორჯომის“ გარდა, უამრავი გამოწვევა გვაქვს, რომელზეც არანაირი რეაგირება და პასუხი არ არსებობს"
გვანცა წულაია
02.05.2022

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია გაჩერდა, „ბორჯომი“ დროებით დაიხურა. მიზეზი მისი რუსი მეწილეა, რომელსაც დაწესებული სანქციები შეეხო. სპეციალისტები კომპანიის სასწრაფოდ ნაციონალიზაციას ითხოვენ. ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებს მთავრობა, თუმცა ამბობენ, რომ გეგმა უკვე შემუშავებულია და „სასიამოვნო სიახლე მალე გახდება ცნობილი“. ამასობაში, გამორიცხული არ არის, რუსული კაპიტალით შექმნილ საქართველოში მოქმედ სხვა კომპანიებსაც შეექმათ გადაულახავი პრობლემები.

2013 წლიდან „IDS ბორჯომის" საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი" ფლობს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია. კომპანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

 „იმედი გვაქვს, ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება. აპრილი-მაისში ხელფასები დარიგდება. ექსპორტი შეძლებისდაგვარად გრძელდება, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომმა გარკვეული მიმართულებით შეფერხებები გამოიწვია.

პროდუქციის გარკვეული რაოდენობა გვაქვს და დიდი ალბათობით რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს საკმარისი იქნება, დამოკიდებულია იმაზე, რა დრო დასჭირდება ანგარიშებზე წვდომის მიღებას“, - განაცხადეს კომპანიაში.

საქართველოს მთავრობა კი ირწმუნება, "ბორჯომთან" დაკავშირებით, ცოტა ხანში, სასიამოვნო სიახლე გახდება ცნობილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ შაბათს განაცხადა, თუმცა რას აპირებს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი, ერ კიდევ არ არის ცნობილი. 

გამოსავალი, რაც მთავრობამ ასეთ შემთხევაში უნდა გამონახოს, სპეცილისტების თქმით, საწარმოს ნაცინალიცაზიაა, რაც კერძო საკუთრებიდან სახელმწიფო მფლობელობაში გადასვლას გულიხსმობს და თანაც შესაბამისი ქმედითი ნაბიჯი დროულად უნდა გადაიდგას.

ცნობისთვის, ნაციონალიზაციის პროცესები უკვე დაწყებულია ევროპაში. პოლონეთის ხელისუფლებამ Novatek-ის შვილობილ კომპანიას, Novatek Green Energy-ს გაზის ინფრასტრუქტურის სახელმწიფო კომპანიებისთვის გადაცემა მოთხოვა. იგივე პროცესები იწყება სხვა ქვეყნებშიც.

ბიზნეს სამართლის სფეროს სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა მზად არის მსგავსი გამოწვევებისთვის და სახელმიწფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ მოიწვიოს დროებითი მმართველი, რომელიც სწორედ სახელმწიფოს კონტროლის და რეგულირების ქვეშ გადავა.

„კონკრეტულად „ბორჯომის“ გარდა, უამრავი გამოწვევა გვაქვს, რომელზეც არანაირი რეაგირება და პასუხი არ არის. ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, გამუდმებით ვსაუბრობდი ეკონომიკური უსაფრთხიების დოქტრინაზე. მერწმუნეთ, რომ კიდევ გველოდება რამდენიმე ასეთი მსგავსი ან კიდევ უფრო რთული სიტუაციები, რადგან საქართველოში ძირითადი და მსხვილი ინფრაქტრუქტურა რუსეთის კომპანიების ხელშია. თუ პირდაპირი მფლობელობა რუსული არ არის, ოფშორული და სხვადსხვა ზონებში დარეგისტრირებული კომპანიის საშუალებით ზეგავლენა არის მაინც რუსული.

საქართველოს კანონმდებლობა აბსოლუტურად მზად არის მსგავსი გამოწვევებისთვის. აქ მთავარი არის სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომელიც ყოველთვის გამომდინარეობს იმ გეგმაზომიერი დოქტრინალური ნორმებისაგან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა

ეს კომპანია არის ლიცენზირებადი. შესაბამისად, ძალიან მარტივად შეიძლება გადაწყდეს საკითხი. არსებობს ლიზენცირებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ადმინისტრაციული ბერკეტებიდან და ადმინისტრირებდან გამომდინარე იძლევა რეაგირების შესაძლებლობას,

თუკი კომპანია „ბორჯომი“ ვერ ასრულებს ვალდებულებას, რომ აწარმოოს და რეალიზაცია გაუწიოს პროდუქციას, ეს ნიშნავს იმას, რომ სალიცენზიო მოთხოვნები, რომელიც სახელმწიფომ „ბორჯომს“, როგორც ლიცენზირებად კომპანიას, გადასცა, დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდიარე, სახელმიწფოს აქვს აბსოლუტური ლეგიტიმური უფლება, რომ მოიწვიოს დროებითი მმართველი და სახელმწიფოს კონტროლის და რეგულირების ქვეშ გადავიდეს მმართველობა.

პირადად მე მზად ვარ, თუკი სახელმწიფო გამოიჩენს ასეთ ნებას, დავეხმარო და გავუწიო შესაბამისი წინამძღოლობა, რათა შევინარჩუნოთ არსებული საწამოო ხაზები, სიმძლავრეები, ბაზარი, თანამშრომლები, ხელფასები და რაც მთავრია, შევინარჩუნოთ „ბორჯომი“, როგორც ჩვენი ეროვნული ღირსების სავაჭრო მარკა. არაფერი ამაში რთული არ არის, მისი დარეგულირება მარტივად შეიძლება“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ჩარგეიშვილმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს სამართლის სფეროს სპეციალისტს ლევან ალაფიშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ რაიმე შესყიდვაზე და გარიგებაზე საუბარი სამართლებრივ საგუძველსაა მოკლებლი და შესაძლოა, ეს საქართველოსთვის ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ჰყავს მფლობელი, სახელმწიფოს დიდი მოქმედების არალი არ აქვს. მთავარი არა სახელმწიფოს, არამედ კომპანიის მესაკუთრეების ნება და მოქმედებაა.

უსასყიდლოდ ჩამორთმევა ყველა დემოკრატიულ ქვეყნაში, მათ შორის საქართველოში, აკრძალულია. გასათვალისწინებელია, რომ დომინანტი კომპანია არის სანცქიების ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი სახელმწიფო ან საქართველოს რომელიმე რეზიდენტი სანქცირებულ კომპანისთან წარმართავს მოლაპარაკებებს და მასთან გარიგებას დადებს, ბუნებრივია, ეს იქნება სანქცირებული პირისთვის ხელშეწყობა. შესაბამისად, გამოსავალი არ არის მარტივი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ბორჯომის“ მფლობელი კომპანია ხვდება რამდენიმე იურისდიქციაში, რომლისთვისაც სანქციები არის დაწესებული რუსეთის უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო.

სანქციების არსი ხომ ის არის, რომ საკუთრების უფლებით ვერ ისარგებლობს და ამით ზარალი ნახოს პუტინთან დაახლოებულმა პირთა ჯგუფმა?! რაიმე შესყიდვაზე და გარიგებაზე საუბარი სამართლებრივ საგუძველს არის მოკლებლი და მეტიც, შესაძლებელია, საქართველოსთვის ზიანის მომტანი გახდეს. ამაზე თავის დროზე უნდა ეფიქრა ყველას და პროცესები ისე უნდა წარმართულიყო“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ლევან ალაფიშვილმა.

საქართველოში 7000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან: „თელასი“, „ბილაინი“, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, „ლუკოილ-ჯორჯია“, „იანდექს ტაქსი“, არემჯი გოლდი“,  „როიალ ბატონი“, "საქრუსენერგო" და მრავალი სხვა.

არ არის გამორიცული, რომ რომელიმე კომპანიამ „ბორჯომის“ ბედი გაიზიაროს, რაც ბუნებრივია, ქართულ ეკონომიკას ცუდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ამიტომ სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობას ასეთი შემთხვევებისთვის შესაბამისი და სპეციალური ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ჰქონდეს შემუშავებული. 

სახელმწიფო ინტერესეთან ერთად არსებობს ეკონომიკური ფაქტორიც. „ბორჯომის“ გაჩერების შემდეგ, 1000 ადამიანი უმუშევარი დარჩა და თუ კომპანიის ბედს სხვა ბიზნესიც გაიზიარებს, ქვეყანაში ეკონომიკურად მძიმე შედეგი დადგება.

როგორც ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, მიზანი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება უნდა იყოს, რადგან ოკუპანტი ქვეყანა ეკონომიკურ ბერკეტებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. 

„რთული საკითხია, რადგან სასწორის ორივე მხარეს დგას ფუნდამენტური უფლებები. რაც არ უნდა ცუდი მესაკუთრე იყოს, საკუთრების ჩამორთმევა არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა შეიძლება ფიქრი ამ მიმართულებითაც, რადგან რუს მფლობელს მაინც გაყინული აქვს აქტივები და ვერ იყენებს.

საერთოდ, ძალიან საფრთხილოა, რომ შემდეგ საქართველოს სერიოზული პრობლემები არ შეექმნას, სანქცირებული კომპანიის შეძენით ან ჩამორთმევით. სანქციებს რომ ვუერთდებოდეთ, შემდეგ შეგვეძლებოდა ფიქრი საკანონმდებლო ინიციატივაზეც და სამართლებრივი გზების მოძიებაც, რომ „ბორჯომი“ დაგვებრუნებინა, მაგრამ ახლა ვერ ვხედავ რაიმე ლეგალურ გამოსავალს.

საერთოდ, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გვქონდეს და ყველა მხრივ უნდა ვმუშაობდეთ იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება შევამციროთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება. ეს არ ეხება მხოლოდ „ბორჯომს“, რუსეთი საქართველოში უფრო მნიშვნელოვან ბიზნესებს ფლობს. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ რუსეთი თავის ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ ყველა მიმართულებით ნაკლებად ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებული.

არალიბერალურია ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ არათანაბარი მიდგომა უნდა გვქონდეს რუსეთისადმი და ევროკავშირისადმი. უნდა წავახალისოთ ევროპელი ინვესტორი და არ წავახალისოთ რუსი ბიზნესმენი, რადგან ეს არის მათ ხელში ბერკეტი, რომელსაც შემდგომ გამოიყენებს რუსეთი, როცა დასჭირდება“, - განუცხადა  „ბიზნესს-რეზონანსს“ბერიკაშილმა,

ცნობისთვის, მთავრობამ თებერვალში „ბორჯომის” მფლობელს წყლით სარგებლობის ლიცენზია 25 წლით გაუხანგრძლივა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ ლიცენზიების შესყიდვაზე 20 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.

კომპანიის შემოსავალმა 2020 წელს 119.7 მილიონი დოლარი შეადგინა, ზარალი კი 64.3 მილიონი იყო. 2019 წელს კი კომპანიამ 140.17 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მისი წმინდა მოგება 17.3 მილიონი იყო.

„ბორჯომმა" საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რამდენიმე ძირითადი მფლობელი გამოიცვალა. 1995 წელს კომპანიის პრივატიზების შემდეგ მისი დამფუძნებელი პარტნიორი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე იყო, ამ პერიოდში „ბორჯომი" ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ ბიზნესად იქცა. 2000-იანი წლების დასაწყისში აქტივის მართვაში ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული "სელფორდ კაპიტალი" შევიდა.

2002 წელს დაფუძნდა კომპანია "აიდიეს ბორჯომი ინტერნეიშენელი". სწორედ ამ დროს მოხდა მმართველობით დონეზე „ბორჯომისა" და უკრაინული წყლის ჩამომსხმელი კომპანიების კონსოლიდაცია. 2006 წელს კომპანიამ ბაზარზე ახალი ბრენდები - „ლიკანი", „მიტარბი" და „ბაკურიანი" წარადგინა.

2013 წლიდან "აიდიეს ბორჯომის" საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი „ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი 460 მილიონ დოლარად გაასხვისეს. ამჟამად კომპანიის 40%-იან წილს კვლავ პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×