"მალე დავინახავ, რომ სანქციები ბუმერანგის ეფექტს გამოიწვევს"
გვანცა წულაია
28.04.2022

მსოფლიოში ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირებაა მოსალოდნელი. ასეთია მსოფლიო ბანკისა და სპეციალისტების პროგნოზი, რომელიც ძალიან პესიმისტურია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ვითარება კიდევ მეტად გართულდება. ეტაპობრივად გაუარესდება ვითარება მიწოდების მიმართულებითაც, რომელის ციკლიც უკვე დაირღვა. სპეციალისტების თქმით, ეს წელი მსოფლიოსთვის ძალიან რთულად გადასატანი იქნება.

მსოფლიო ბანკი რუსეთ–უკრაინის ომის გამო უკვე 2022 წელს მსოფლიოში ფასების ისტორიულ ზრდას ელოდება. მათი პროგნოზით, ენერგომატარებლები - 50%-ით, ენერგეტიკული პროდუქცია კი – 20%-ით გაძვირდება. ბანკის აპრილის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა სერიოზული შეფერხებები გამოიწვია მოწოდების მომსახურებაში.

„მოსალოდნელია, რომ 2022 წელს ენერგომატარებლების უმეტესობაზე ფასი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს 2021 წელს იყო. ამასთან, საშუალოვადიან პერსპექტივაში იგი არ შემცირდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ენერგეტიკულ სექტორში წარმოქმნილ კრიზისზე რეაგირებასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბევრი ქვეყნის მთავრობამ მიმართა გადასახადების შემცირებას და სექტორის სუბსიდირებას. ამ ნაბიჯებმა შეიძლება წნეხი შეამციროს მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ სამომავლოდ პრობლემას მაიც გაამწვავებს, რადგან საწვავზე მოთხოვნას გაზრდის და დეფიციტს შექმნის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებამ კი, საწვავის ბაზარზე შესაძლოა, სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს.

რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა საერთაშორისო ვაჭრობა თავდაყირა დააყენა და ახალ  პროცესებს დაუდო საფუძველი, რაც ენერგომატარებლების ფასზე უარყოფითად აისახა. ახლა, როცა მსოფლიო გაძვირების და დამატებით სვადასხვა სახის პრობლემების წინაშეა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს ბუმერანგიის ეფექტი ექნება.

სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შეგნელია, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ენერგომატარებლები გაძვირდება და მიწოდებების შეფერხებები, რომელიც უკვე შეიქმნა, კიდევ მეტად გამწვავდება. 

„საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია (და ამის ალბათობა ძალიან მაღალია), რომ ენერგომატარებლებზე ფასები გაიზრდება. ომი ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს და რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა თავისი ხელი ყველაფერს დაატყო. თუ ვნახავთ აგვისტოს მონაცემებს, რა მდგომარეობა იქნება ევროპაში და სექტემბრის თვის მონაცემებს, რა ვითარება იქნება ამერიკაში, დავინახავთ, რომ სანქციები ბუმერანგის ეფექტს გამოიწვევს და იქაც იქნება ეკონომიკური პარამეტრები გაუარესებული, ინფლაციის, უმუშევრობის მხრივ და შეიძლება, კიდევ სხვა ფაქტორებიც გამოჩნდეს.

ენერგომატარებლების მიწოდებების მხრივ შეფერხება იქმნება, უკვე არსებობს კიდეც. როდესაც საომარი ვითარებაა, სავაჭრო გემების მოძრაობა არის შეზღუდული. გადაზიდვის ტარიფები ისედაც პიკზეა და 2019 წელთან შედარებით, 400%-ით არის მომატებული. თვითონ პორტებშიც შეფერხებაა. ამას ემატება ისიც, რომ მსოფლიოში გაჩნდა ბევრი აღურიცხავი საქონელი, იგივე ნავთობის კუთხით. თვით რუსეთის მიერ სანქცირებული ნავთობიც კი გადაადგილდება სხვადასხვა მცურავი დროშის ქვეშ გემების დახმარებით. დარღვეულია, მიწოდების ციკლი და ასევე კონტროლს ნაკლებად ექვემდებარება ნედეულის მოპოვების რაოდენობა.

საბაზრო ეკონომიკის პრინციპები მოშლილია. კონკრეტულად რომელიმე ქვეყნისთვის, რაიმე პროგნოზის გაკეთება, ძალიან ძნელია, მაგრამ ერთი, რაც დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ეს იქნება ძალიან დიდი გამოწვევის წელი, ინფლაციის კუთხით.

ჩვენს რეგიონში ინფლაცია გამოწვეულია ხელოვნურად. გარდა ამისა, იმ სანქციებიდან გამომდინარე, რაც დაუწესეს ქვეყნებს. გარდა იმისა, რომ ენერგომატარებლებზე გვექნება მაღალი ფასი, ასევე გაძვირდება პროდუქციათ, რაც აგვისტოდან გახდება თვალში საცემი. შემოდგომიდან კი, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ სანქციების გამო, რომელიც, ჩემი აზრით, არაგონივრულად დაწესდა, სხვადასხვა ქვეყნები თვითონაც მიიღებენ მზარდ პრობლემებს. სურსათზე ველოდები მაღალ ფასს და ზოგიერთ მათგანზე შესაძლოა, დეფიციტიც შეიქმნას”, - განუცხადა „რეზონანსს” ნიკა შენგელიმ და საქართველოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ძალიან ცუდია, რომ საქართველო მოქცეულია გარკვეულ ოლიგოპოლიური კომპანიების ხელში, ენერგომატარებლებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მთავრობა არ დგამს ნაბიჯებს, რომ დაშალოს ეს პირამიდა. ფაქტიურად, ერთი კომპანიის ხელში არის საწვავის ფასების დადგენა და მთავრობა ამას არაფერს უპირისპირებს. ჩვენ კვლევა გვქონდა ჩატარებული და კიდევ მიმდინარეობს, რომელის მიხედვითაც გამოვავლინეთ, რომ საქართველოში შემოსული თეთრი ნავთობპროდუქტების ფასი გაცილებით მაღალია და ამას იწვევს ის, რომ გარკვეული ოფშორული კომპანიებია ჩაყენებული გადაზიდვის სფეროში, რაც სპეციალურად ზრდის ფასს და გამომდინარე აქედან, გვაქვს ინფლაციური პროცესები. საწვავი არის ერთ-ერთი ძირითად ფაქტორი, რომლის გაძვირებაც ავტომატურად იწვევს მომსახურების გაძვირებას.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ბუნებრივ აირზეც ფიქრობენ, ფასის ზრდას, მაგრამ  ჯერჯერობით არ გამოსდით. ამის კვლევა დაწყებული გვაქვს და შედეგს რამდენიმე კვირაში დავდებთ”, - დასძინა ნიკა შენგელიამ „რეზონანსთან”.

პრობლემები, რომელიც ახლა მსოფლიოშია, მომავალში უფრო მძაფრი გახდება. მართალია, სანქციები რუსეთს უწესდება, მაგრამ ამით უამრავი ქვეყანა ზარალდება.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნებში გარკვეული სახის დეფიციტი შეიმჩნევა და თუ მიწოდების ჯაჭვი გაწყდება, პრობლემები უფრო გამწვავდება.

„ნავთობზე ჯერჯეორბით ისევ მაღალი ფასებია, მაგრამ არის რაღაც მოცემულობა, როდესაც ღირებულება იკლებს, თუმცა მალევე ისევ ძვირდება. მთლიანობაში, მაინც მაღალი ფასი ნარჩუნდება, თუმცა უკვე სტაბილურია. კომპანიები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ფასის კორექტირებასთან დაკავშირებით. ახლა ეს მოცემულობა გვაქვს და მოლოდინების განსაზღვრა ძალიან რთულია, როცა უკრინაში ომია.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის ფედერაცია ერთ-ერთი დიდი მიმწოდებელი ქვეყანაა ევროკავშირისთვის, როგორც ნავთობის, ისე ნავთობპროდუქტების მხრივ, სანქციების გამო, გარკვეული სახის პროდუქტებზე დეფიტი შეიმჩნევა, მაგალითად, დიზელის საწვავზე. ეს ეხება ევროკავშირის ქვეყნებს.

საქართველოსთან დაკავშირებით კი, ვერ ვიტყვით, რომ მარტივი მდგომარეობა გვაქვს. თუ მიწოდების ჯაჭვი გაწყდა და პრობლემები შეიქმნა, ერთბაშად ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით”, - განუცხადა "რეზონანსს" ვანო მთვრალაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×