"ბოლო პერიოდში ე.წ. "ხრუშოვკების" საკითხი აქტუალურია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველა სახლი აუცილებლად დასანგრევია"
გვანცა წულაია
28.04.2022

თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლება დაიწყება. საწყის ეტაპზე პროგრამის საპილოტე პროექტი სამგორის რაიონში განხორციელდება. დედაქალაქის მერია სამუშაო პროცესების განხორციელებას წელსვე აპირებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამგორის რაიონის გარდა, დედაქალაქში პრობლემა მრავლადაა და მის მოსაგვარებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. 

როგორც ცნობილია, წელს დედაქალაქში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამაზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საპილოტე პროექტზე სატენდერო პროცედურები, სავარაუდოდ, ორი თვის ვადაში დასრულდება.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში ხორციელდება საპილოტე პროექტი, რომლის საპროექტო სამუშაოები უკვე სრულდება და სანებართვო პროცედურებია დაწყებული. მას შემდეგ რაც ნებართვა გაიცემა ერთ კონკრეტულ მისამართზე შენობის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ხოლო შემდგომში - ტენდერი. უკვე მქონდა სამშენებლო სექტორთან შეხვედრა და მინდა დეტალურად მიიღონ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რათა ინტერესი დიდი იყოს”, - განაცხადა ხმალაძემ.

უკვე წლებია, ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებაზე მიდის საუბარი, თუმცა პროცესები აქამდე არსად დაწყებულია. საინტერესოა, ამჯერად თუ მაინც დაიძვრება საქმე. დედაქალაქში პრობლემა მრავლადაა. დაახლოებით, 10 ათასამდე ისეთი შენობაა, რომელსაც სხვადასხვა ავარიულობის ხარისხი აქვს.

ქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის „სითი ინსტიტუტი-საქართველოს" ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძემ რამდენიმე რაიონი დაასახელა, სადაც სამგრორთან ერთად, ავარიული შენობა-ნაგებობები ბევრია და რომელთაც „შველა სჭირდებათ”:

„როდესაც ავარიულ სახლებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ძველი ქალაქი, ჩუღურეთი, სადაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ბევრია ამორტიზებული შენობა. ბოლო პერიოდში, ე.წ. "ხრუშოვკების" საკითხი აქტუალურია. ვერ ვიტყვი, რომ ყველა სახლი აუცილებლად ექვემდებარება დანგრევას, ეს შესასწავლია და რამდენადაც ვიცი, ეს ადრეც ხდებოდა და ახლაც მიმდინარეობს, თუ რომელი სახლის გამაგრება არის შესაძლებელი და რომელი უნდა დაინგრეს.

მართლაც მზადდება რაღაც კონკრეტული ტენდერები იმისთან დაკავშირებით, რომ ვარკეთილში მოხდეს "ხრუშოვკების" ჩანაცვლება და ახლის მშენებლობა მათ ადგილზე, თუმცა სხვაგანაც არანაკლებ რთული ვითარებაა - ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, დიღმი მასივშიც არის ისეთი 5-სართულიანი კორპუსები, რომლებსაც გამაგრება სჭირდება. ეს შენებობი როგორც დროებითი საცხოვრებელი, ისე შეიძლება განხილულიყო და არა კაპიტალურ შენობად.

სხვათა შორის, გენგეგმამ ეს ტერიტორიები გამოყო კიდევაც. ჩვენ სარეკონსტრუქციო არეალებად განვსაზღვრეთ ჩუღურეთის რაიონის განაშენიანება. იქ დაბალი სახლებია, მაგრამ ძალიან ბევრი ამორტიზებული შენობაა, რომელსაც შველა სჭირდება, თორემ შესაძლოა, დაინგრეს”, - განუცხადა „რეზონანსს” მამუკა სალუქვაძემ და დასძინა, რომ დედაქალაქში პრობლემაა მიშენებებიც დაკავშირებითაც და რომელიც საფრთხის შემცველია, ისინი არც უნდა არსებობდეს.

„როგორც ვხედავთ, უკვე მიშენებულ ფართებთან დაკავშირებით არაფერი ხდება. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ ეს ყველაფერი არ არის ცნობილი. დიდი საფრთხის მატარებელი რომ არის, ეს ყველამ ვიცით. როგორც ავარიული შენობების შემთხვევაში, მიშენებების ინსპექტირება მუდმივად უნდა ხდებოდეს. იქ, სადაც არის საფრთხე, ის მიშენებები აღარ უნდა არსებობდეს. მესმის, რომ ადამიანებმა თვაის დროზე გაიუმჯობესეს საცხოვრებელი პირობები, ფართობი გაზარდეს, მაგრამ ეს თუ ნაღმია, რომელზეც არაერთი აფეთქებულა, რა თქმა უნდა, არ უნდა არსებობდეს.

პირდაპირ გეტყვით, ის, რომ მიშენებები საშიშია, იცის ხალხმა. ეს თავის დროზე ჩატარებულმა გამოკითხვებმაც დაადასტურა, მაგრამ მოსახლეობა რომ მიმატებულ ფართს შეელიოს, ამის სურვილი ნაკლებადაა.

ბოლოს ყველა შემთხვევაში, პასუხისმგებელი მაინც სახელმწიფო აღმოჩნდება. ღმერთმა დაგვიფაროს უბედური შემთხვევისგან, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდია რისკ ფაქტორები, ძალიან კატეგორიულად უნდა მოვიქცეთ ყოველთვის”, - დასძინა „რეზონანსთან” სალუქვაძემ.

დედაქალაქში ავარიული შენობების უმრავლესობა წლებია ხელშეუხებელია და მას რესტავრაცია აუცილებლად სჭირდება. სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ თბილისში, ზოგიერთ შემთხვევაში, პრობლემა იმდენად მწვავედ დგას, რომ ნაგებობების უმრავლესობას, დანგრევის გარდა, არაფერი ეშველება. ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის აზრით, ავარიული სახლების შემოწმება თავად მოსახლეობამ აქტიურად უნდა მოითხოვოს.

„რა თქმა უნდა, შენობა ყველა შესამოწმებელია. ყველას უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, რაც ადრე იყო და ახლა არ არის. ყველა ნაგებობას სჭირდება საფუძვლიანი შესაწვლა თუ რა მდგომარეობაშია ახლა, მით უფრო ვხედავთ, რა ზონაში ვართ და საერთოდ რა ხდება მსოფლიოში. შენობების პასპორტები უნდა დაიდოს და შემდეგ უნდა მიხედოს თვითმართველობამაც, ბინათ მესაკუთრეებმაც და ამხანაგობებმაც.

თბილისში მასშტაბურად არის ავარიული შენობა-ნაგებობები, მაგრამ ზუსტად და კონკრეტულად ვერ გეტყვით. ამას სჭირდება მონიტორინგი და შესაბამისი სტატისტიკა”, - განუცხადა „რეზონანსს” ლადო ვარდოსანიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×