გაიზრდება მოსავლიანობა, შესრულდება დიდი მოცულობის სამუშაო და გაჩნდება დასაქმების ახალი ადგილები
თიკა სიბოშვილი
27.04.2022

სულ მალე ქვეყანაში კიდევ ერთი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც სოფლის მეურნეობას კიდევ უფრო მეტად განვითარებაში დაეხმარება, მეწარმეებს კი - მუშაობაში. ეკონომიკური ზრდის შენრარჩუნების მიზნით და იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მაჩვენებელი, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენიმე დღის წინ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა, რომელთა შორის არის სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების მოგვარება. პრემიერის ინიციატივა მომდევნო 3 წელიწადში, 200 000 ჰექტარამდე წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდას ეხება.

მელიორაციის პრობლემის მოგვარება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ეს პროცესი სოფლის მეურნეობისთვის გადამწყვეტია.

„მელიორაციის პროგრამა არის გაგრძელება იმ დიდი ღონისძიებებისა, რომელიც დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ. შეგახსენებთ, რომ 2012 წლისთვის მელიორაციის სისტემა, ფაქტობრივად, იყო მოშლილი და სრულად განადგურებული, იყო მხოლოდ 6 სატუმბი სადგური, რომლებიც შეფერხებით მუშაობდნენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, როცა სოფლის მეურნეობასა და სარწყავებს დიდი ყურადღება დაეთმო, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად, სარწყავი ფართობები 4-ჯერ გაიზარდა, ასევე 4-ჯერ გაიზარდა მელიორირებული ფართობები, სატუმბი სადგურების რაოდენობა, 6-დან ავიდა 40-მდე და შეიძლება უკვე ითქვას, რომ მელიორაცია უკვე იბრუნებს პირვანდელ სახეს, თუმცა გასაკეთებელი ძალიან ბევრია. რამდენადაც შესაძლებელია ეს უნდა გაკეთდეს მალე და ამიტომაც, პრემიერის ინიციატივა იყო და არის ძალზე მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას და ყურადღება გაამახვილა იმ მიმართულებებზე, რასაც ამ პროგრამის განმავლობაში დრო დაეთმობა.

„მიმდინარე პერიოდში გვექნება რამდენიმე საკითხი, რომელიც ფუნდამენტურად გაზრდის ფართობებსა და მოსავლიანობას. პირველი ეს არის აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულება, სადაც მოხდება ისეთი ფართობების გასარწყავიანება, სადაც არსებობს ჩვენს მიერ აღდგენილი რეაბილიტირებული, ძირითადი არხები. პარალელურად გამანაწილებელი არხების მდგომარეობაა გასაუმჯობესებელი, რომ წყალი მაქსიმალურად ეფექტურად დაიხარჯოს.

იმავდროულად აღმოსავლეთ საქართველოში არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში, ძირითადად, ეს ეხება დედოფლის წყაროს მიმართულებას, უნდა გავაძლიეროთ სარწყავი სისტემის გაფართოება, პირველ რიგში, სადაც ურწყავი ფართობებია, მაგალითად, ასეთია ტარიბანას ველი, დალის წყალსაცავის სიახლოვეს. საუბარია ასეულ, ათასეულ ჰექტარზე, რაც ჩაერთვება უკვე მაღალმოსავლიანი პროდუქციის წარმოებაში.

მესამე კი, არის დასავლეთ საქართველოს მიმართულება, სადაც გვაქვს ფართობები, რომელშიც არის გასაწმენდი არხები. საჭიროა, რომ წყალი რაც შეიძლება მეტი ფართობიდან დაიწრიტოს, თუმცა ამ ადგილებში, სამწუხაროდ, ჯაგნარია წამოსული და ეს ადგილიც გასაწმენდია. თუმცა პრობლემის მოგვარების შემდეგ ეს ადგილიც სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ჩაერთვება“, - აღნიშნა ხანიშვილმა.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, პრაქტიკული სამუშაოები, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია და ეს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე აისახება კარგად, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად იმოქმედებს.

„უნდა ჩავთვალოთ, რომ პროცესები უკვე დაწყებულია, რადგან ამ სამუშაოებს სჭირდება შესაბამისი ტექნიკური დავალებების მომზადება. მართალია, ნაწილი არის, მაგრამ ნაწილზე მუშაობას ახლა ვიწყებთ. პარალელურად საჭიროა პროექტირება და ამ ნაწილშიც გვაქვს წინსვლა. ვფიქრობთ, ამ 3 წლის განმავლობაში, დამატებით 40-50 ათასი ჰექტრის მორწყვას უზრუნველყოფთ და გაჩნდება უკვე მაღალ პროდუქტიული შესაძლებლობები.

პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილია 200 მილიონი ლარი, ეს ღონისძიება არ არის მხოლოდ მელიორაციის სამუშაოები, ეს არის სამშენებლო კომპლექსისთვის საპროექტო სამუშაოებისთვის უზარმაზარი დაკვეთა, დამატებითი ახალი სამუშაოს შექმნა. გამოდის, რომ ეს ფართომასშტაბიანი სამუშაოები გააუმჯობესებს მელიორაციას, მაგრამ ამავე დროს ძალზე სერიოზულად დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - აღნიშნა ხანიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

აშკარაა, რომ მთავრობამ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააძლიერა და დაგეგმილი აქვთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება, რაც თავისთავად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობის დარგში პრობლემები სულ იყო და ამის მოგვარება აუცილებელია, თუმცა კონკრეტულად მელიორაციის პრობლემის მოგვარება უკვე დაწყებულია.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ანზორ მესხიშვილი მიიჩნევს, რომ გასარწყავიანების პრობლემის მოგვარება პირველი რიგის საკითხია, რადგან ამის გარეშე სოფლის მეურნეობას წინსვლა ვერ ექნება.

„სოფლის მეურნეობის განვითარება, ყველაზე მეტად დამოკიდებულია მიწების მელიორაციაზე, ამის გარეშე სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. საქართველოს მიწები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ტერიტორიების უმრავლესობა, რომლებიც არ ირწყვება, ამას ნამდვილად მოითხოვს. ისევე, როგორც დაჭაობებული ადგილების ამოშრობა არის აუცილებელი, ასევე სარწყავი, განსაკუთრებით კი, კახეთში.

ზოგიერთები ამბობენ, რომ ხორბლის ფართობების მორწყვა საჭირო არ არის, რაც უაღრესად დიდი შეცდომაა. დედოფლისწყაროში, თუ მიწის ფართობების გასარწყავიანება მოხდება, ძალიან კარგი იქნება, რადგან თუ ამჟამად ვეღებთ 1 ჰა-ზე ხორბლის 2-3 ტონა მოსავალს და ეს მიგვაჩნია გმირობად, მელიორაციის პრობლემის მოგვარების შემდგომ, როცა ფართობები მოირწყვება 7-8 ტონა გარანტირებული იქნება. დღეს მელიორაციის საკითხების მოგვარება ქვეყანაში აუცილებელია“, - აღნიშნა მესხიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×