კონტინენტზე ენერგომატარებლები კიდევ გაძვირდება, შესაძლოა დეფიციტიც კი გაჩნდეს
გვანცა წულაია
27.04.2022

მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი არ აღმოჩნდა. ზოგიერთი ქვეყანა ბუნებრივი აირის გადასახადს რუბლებში იხდის. მათ კი, ვინც უარი თქვა რუსული ფულით გაზის შესყიდვაზე, ოკუპანტმა ქვეყანამ მიწოდება შეუწყვიტა. უკვე აშკარაა, რომ სანქციებში მონაწილე ქვეყნებს ალტერნატიული გზების მოძიება უწევთ. ეს კი ენერგოპროდუქტიც მკვეთრად გაძვირების ტოლფასი იქნება და შესაძლოა, დეფიციტიც შეიქმნას, თუმცა ქართველი სპეციალისტების აზრით, პრობლემები რუსეთს უფრო შეექმნება.

რუსულ გაზზე სხვადასხვა ქვეყნები უარს ამბობენ. ევროპის ნაწილი ცდილობს ალტერნატიული გზები გამონახოს და მძიმე დამოკიდებულება მოიხსნას, თუმცა არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც რუსული გაზს ისევ ყიდულობენ და ანგარიშსწორება კი რუბლში ხდება. ასეთი ქვეყანაა მაგალითად ავსტრია. სახელმწიფო დათანხმდა კრემლს გაზის საფასურის რუბლში დაფარვაზე.

„ავსტრია და ქვეყნის უმსხვილესი ნავთობ კომპანია OMV თანხმდებიან რუსულ გაზში რუბლის გადახდას“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა.

თავის მხრივ, ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა ლეონორა ჰევესლერმა აღნიშნა, რომ რუსული აირი ქვეყანას სრული მოცულობით მიეწოდება და მისი შეწყვეტის საფრთხე არ არსებობს.

ამასობაში კი რუსეთმა მიწოდება შეუწყვიტა ბულგარეთს და პოლონეთს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს უბრალოდ ტაქტიკური სვლაა, რადგან კრელმა იცოდა, რომ ორივე ქვეყანა მათ გაზზე უარის თქმას აპირებდა და გადაწყვეტილების დაასწრო. „გაზპრომში” ამბობენ, რომ გაზის ექსპორტი რუბლში გადახდის შემთხვევაში აღდგება.

„26 აპრილის სამუშაო დღის ბოლოსთვის, კომპანიებს „ბულგარგაზსა“ (ბულგარეთი) და PGNიG-ს (პოლონეთი), რუსეთის პრეზიდენტის 31.03.2022 წლის 172-ე ბრძანების შესაბამისად კომპანია „გაზპრომ ექსპორტისთვის" რუბლში გადახდა არ განუხორციელებიათ. 1-ლი აპრილიდან მიწოდებული გაზის გადასახადი ახალი რეკვიზიტების გამოყენებით რუბლში უნდა განხორციელდეს, რის შესახებაც პარტნიორები თავის დროზე იყვნენ ინფორმირებულნი.

ბულგარეთი და პოლონეთი სატრანზიტო სახელმწიფოები არიან. სატრანზიტო მოცულობებიდან მესამე ქვეყნებში რუსული გაზის არასანქცირებული გატანის შემთხვევაში, სატრანზიტო გადაზიდვები ამ მოცულობით შემცირდება", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბულგარეთი გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ აპრილში მიღებული გაზის საფასური გადახდილი აქვთ და მიწოდების შეწყვეტა კონტრაქტის დარღვევა იქნება. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნიკოლოვის თქმით, ბულგარეთი ევროკომისიის პოზიციებს იზიარებს, რომელმაც ევროპულ სახელმწიფოებს რუსული ბუნებრივი აირის საფასურის ევროში გადახდისკენ მოუწოდა.

პოლონეთის ხელისუფლება კი საერთოდ აღარ აპირებს რუსული გაზის შესყიდვას. „არა. ჩვენ არ შევიძენთ რუსეთისგან გაზს. დამთავრდა“, – განაცხადა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელემა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში პეტრ ნაიმსკიმ და აღნიშნა, რომ პოლონეთი რუსულ გაზზე უარის სათქმელად 6 წელი ემზადებოდა.

ამ ყველაფრის ფონზე კი, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 16%–ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1300 დოლარს მიაღწია.

პროფესორი, ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, რომ ყველა სახელმწიფო თავისი ქვეყნის ინტერესებდან გამომდინარე ფიქრობს და ვარაუდობს, რომ ევროპა ერთიანი იქნება და რუსულ გაზზე უარს იტყვის, ეს უბრალოდ, დროის საკითხია.

„ბუნებრივია, რომ ევროკავშირის 26 ქვეყნის გარდა, რუსეთი გაზს სხვა ქვეყნებსაც აწვდის. თითოეული მათგანი სხვადასხვა ზომით და სიდიდით არის მასზე დამოკიდებული. მაგალითად, გერმანიისა და ბულგარეთის წილი ძალიან დიდია. ბალტიის პირეთის ქვეყნების დამოკიდებულება ცოტა სხვაგვარია და ა.შ. აქიდან გამომდინარე, როდესაც ამ საკითხზე მიდის მსჯელობა, ყველა სახელმწიფო თავისი ქვეყნის ინტერესებდან გამომდინარე ფიქრობს, რომ შეუძლია, თუ არა მას, ამ ეტაპზე, რუსულ გაზზე უარი თქვას და ამით თავისი ეკონომიკა ხომ არ დაზარალდება. სწორედAამის გამოა, რომ მთელ რიგ ქვეყნებს ცოტა სხვაგვარი შეხედულება გააჩნიათ, თუმცა იდეოლოგიურად და პოლიტიკურად ყველა ერთიანია.

ყველა ამბობს, რომ აუცილებლად უნდა დაწესდეს ემბარგო, სანქციები უნდა დაწესდეს ენერგომატარებლებზე, ნავთობი იქნება, გაზი თუ სხვა. აქ პრობლემაა მხოლოდ ის, გადაწყვეტილება დღეს მიიღება, ხვალ, თუ ზეგ”, - განაცხადა „რეზონანსთან” გია არაბიძემ და დასძინა, რომ სანქციები შედეგად, გაცილებით მეტ ზარალს მიიღებს რუსეთი, ვიდრე ევროპა.

„რაც შეეხება იმას, შეიქმნება თუ არა დეფიციტი იმ ქვეყნებში, სადაც რუსული გაზი აღარ შევა და გაძვირდება თუ არა მათთან ბუნებრივი აირი, ზუსტად ასე არ არის საქმე. ყველაზე უფრო წინ წამოწეული პოლონეთისა და ბულგარეთისა და მათზე ვიმსჯელოთ. მგონია, რომ ეს მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რუსეთის ხელმძღვანელობისა, რადგან, როდესაც ბულგარეთმა და პოლონეთმაც უარი თქვა რუბლში ანგარიშსწორებაზე, ერთმაც და მეორემაც (განსაკუთრებით პოლონეთმა) ძალიან აქტიურად დაიწყო ალტერნატიული გზების მოძიება.

რუსეთმა პოლიტიკურად დაასწრო და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ამ ქვეყანას ნაკლები პრობლემა შეექმნება, რადგან უკვე მაისში ლიეტუვადან თხევადი გაზი მიეწოდება. ოქტომბრიდან კი ბელგიიდან შევა პოლონეთში გაზი, ამიტომ ამ ქვეყნის მთავრობას საკითხზე ნაფიქრი აქვს. იქნება გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს არ იქნება ქვეყნისთვის კატასტროფა. პოლონეთის დამოკიდებულება, დაახლოებით, 50%-ია რუსულ გაზზე.

ცოტა უფრო რთული სიტუაცია აქვს ბულგარეთს, რადგან მათი რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, დაახლოებით, 90%-ია, მაგრამ ამ ქვეყნის მთავრობამაც განაცხადა, რომ პრობლემას არ შეუშინდებიან და მოაგვარებენ.

რუსეთის გაზის გასაღების 70% მოდის ევროპაზე. დღეს თუ არა, ხვალ და ზეგ ხომ იტყვიან ქვეყნები უარს? ამიტომ ძალაუნებურად, ამ სანქციები შედეგად, გაცილებით მეტ ზარალს მიიღებს რუსეთი, ვიდრე ევროპა. პრობლემები, რომელიც ევროპას შეექმნება, განაწილდება 26 ქვეყანაზე, ხოლო ყველა პრობლემა, რაც ამას მოჰყვება, ერთ რუსეთს დაარტყამს. ამიტომ გაცილებით სერიოზული პრობლემაა შეექმნება ოკუპანტ ქვეყანას, ვიდრე ევროპის ქვეყნებს”, - დასძინა „რეზონანსთან” გია არაბიძემ.

უკრაინაში შეჭრის გამო, ევროპის ქვეყნები ცდილობენ რუსულ გაზზე უარი თქვან. მათ კი ვინც, მომსახურების საფასურს რუბლში არ გადაიდხის, კრემლი მიწოდებას უჩერებს. სწორედ დამოკიდებულების შესამცირებლად, რიგი ქვეყნები ალტერნატიულ გზებს ეძებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსული გაზის ჩანაცვლებაა შესაძლებელია, თუმცა ამას დრო სჭირდება.

ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძის აზრით, იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსულ გაზზე უარს ამბობენ, ფასი აუცილებლად გაიზრდება.

“ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე ეკონომიკური. რთულია, იმაზე საუბარი, თუ რატომ არ არის ევროპა ერთსულოვანი. პირველ რიგში, ყველა სახელმწიფო საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.  მაგალითად, როგორც უნგრეთი, ის ფიქრობს თავის მოსახლეობაზე და არა, გარკვეულ სანქციებზე, რომელიც მის ქვეყანას ცუდ პირობებში ჩააყენებს.

მთავარი მოთხოვნა, რუსული გაზის რუბლში გადახდაა. ამის საშიშიროების წინაშე, წესით, საქართველო არ უნდა იყოს, რადგან ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებუ სანქციებს არ ვუერთდებით და მეორეც, არ ვართ იმ ჩამოთვალში, სადაც მტრულად განწყობილი სახელმწიფოები მოხვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი სწორად გათვალა.

რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსულ გაზზე უარს ამბობენ, ფასი გაიზრდება და მათ მოუწევთ უფრო მეტის გადახდა. რუსეთს კი გასაყიდად მეტი გაზი დარჩება”, - განუცხადა “რეზონანსს” თემურ ჭიჭინაძემ.

პოლონეთის და ბულგარეთის გარდა, რუსულ გაზზე უარს ამბობს: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, დანია, საბერძნეთი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×