პრემიერის გადაწყვეტილებას დარგის სპეციალისტები მნიშვნელოვანს უწოდებენ
გვანცა წულაია
26.04.2022

მაისიდან ქვეყანაში კიდევ ერთი პროგრამა ამუშავდება, რომელიც არაერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს აერთიანებს. „განვადებით მშენებლობის პროგრამა” - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც პრემიერის ინიციატივითა და უშუალო მხარდაჭერით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა ბანკებთან კერძო სექტორის გარანტორი გახდება. სფეროს სპეციალისტები ახალ ინიციატივას სექტორის წახალისებად და ხელშეწყობად აღიქვამენ.

პერმიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამშენებლო დარგის წახალისებისთვის ახალი პროგრამის დაწყება 18 აპრილს გამოაცხადა. პროგრამის ფარგლებში, ერთი მხრივ, დაჩქარდება სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები და, მეორე მხრივ, კერძო სექტორში დასაქმდება გააქტიურდება.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე კი აკონკრეტებს, რომ აღნიშნული პროექტი რამდენიმე დღეში ამოქმდდება და რეალურად იქნება კერძო სექტორისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მათ განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები.

„პროგრამა მაისში დაიწყება, ძირითადი პრინციპები უკვე გავლილია, დეტალები დაზუსტდება. რეალურად ეს იქნება კერძო სექტორისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მათ განავითარონ თავიანთი საქმიანობა, ასევე _  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ძალიან მასშტაბურია პროექტი, 2 მლრდ ლარია გათვალისწინებული, ეტაპობრივად, თუმცა, რა თქმა უნდა, პროექტების განხორციელება წელსვე დაიწყება იმგვარად, რომ საბოლოოდ ქვეყანას ექნება უფრო განვითარებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ყველა მიმართულებით. იმავდროულად, ეს იქნება შესაძლებლობა კვალიფიციური კომპანიებისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი ბრუნვა აჩვენონ და, შესაბამისად, ეკონომიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. მაისიდან დაიწყება შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება, პირობების გამოცხადება და ა.შ.“ - განაცხადა ქარსელაძემ.

პანდემიის გამო მიღებული ზარალის გათვალისწინებით, კერძო სექტორს დახმარება ნამდვილად სჭირდება. ამაზე უშუალოდ ბიზნესი და სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ. სამშენებლო დარგის სპეციალისტი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ძალიან კარგი და დროულია სახელმწიფოს მხრიდან  ხელშეწყობა. 

„ამ საკითხს უფრო ფისკალური, ეკონომიკური კუთხით უნდა შევხედოთ. ისე, მშენებლობის მიმართულებით ხელშეწყობა ცუდი არ არის, კარგია და ეს სხვა დარგებსაც წაახალისებს“, - განუცხადა „რეზონანსს” მერაბ ბოლქვაძემ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ, პრემიერის განკარგულებით, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა გუშინ მიიღო, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ღირსეულად ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობა იწყება.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მლნ ლარია. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე _ ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა. ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ სტადიონის მოწყობის სამუშაოები წელსვე დაიწყება.

„სამუშაოები წელსვე დაიწყება, რათა მომდევნო წლისთვის მზად იყოს. საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული პროექტია განსაზღვრული, მათში  მუნიციპალური განვითარების ფონდი იქნება ჩართული. უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა და ყველა რესურსი, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური, აქეთკენ  იქნება მიმართული.

100 მლნ ლარი პროგრამის ფარგლებში გამოიყო, რომელიც შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ეს რესურსი ამ კონკრეტული ღონისძიებისთვის არის განკუთვნილი, რათა შესაბამისი პირობები შეიქმნას და მაღალი რანგის ტურნირი ჩატარდეს. რა თქმა უნდა, ეს საბიუჯეტო რესურსია“, - დასძინა მინისტრმა.

მთავრობა მართლაც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის ეტაპზე გადადის, რომლის ფარგლებშიც 2.5-3 მლრდ ლარის დახარჯვა იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილის მითითებაა, რომ სამუშაოები წელსვე დაიწყოს და, დაახლოებით, 3 წელიწადში დასრულდეს.

პრემიერის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს წევრმა ლადო ბოჟაძემ. მისი შეფასებით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას.

„რაც შეეხება სამშენებლო და ზოგადად იმ პროექტებს, რომლებზეც პრემიერმა ისაუბრა, იგივე პოლიციელების ქალაქის მშენებლობა, ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის აშენება, ახალი სკოლების აშენება და რეაბილიტირება, ასევე თეატრების, ბაღებისა და სპორტული ობიექტების აშენება, მოიცავს 3 მლრდ ლარამდე დაფინანსებას, თუმცა საუბარია იმაზე, სამშენებლო ბიზნესმა აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის სახელმწიფო გარანტიით მოიზიდოს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც შემდგომ ეტაპობრივად გაისტუმრებს. პროექტებში სახელმწიფო პირდაპირ არ დებს ფულს – იგი გარანტორად დაუდგება სამშენებლო სექტორს, რომ მათ რაც შეიძლება მეტი თანხა მოიზიდონ. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მათ შორის იქნება უცხოური ინვესტიციები, რომლებიც ჩაიდება ეკონომიკის იმ დარგში, რომელსაც მშენებლობა ჰქვია.

დასაქმების თვალსაზრისითაც უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური გამოწვევები, რომლებიც დღეს მთელ მსოფლიოს აქვს, მაქსიმალურად იყოს მინიმალიზირებული~, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×