„მათ ინტერესს უნდა შეეწიროს მოსახლეობის კეთილდღეობა? ქართველმა კაცმა ასეთი ფიქრი როგორ უნდა დაუშვას?!"
ირაკლი ლომიძე
17.01.2022

წისქვილკომბინატები მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ და ფქვილის იმპორტზე „სარკისებური“ საბაჟო გადასახადის დაწესებას ითხოვენ, რაც პურს ხელოვნურად გააძვირებს. მათი პოზიცია მიუღებელია როგორც ფქვილის იმპორტიორებისთვის, ასევე მთავრობისთვის, რადგან მიაჩნიათ, რომ წისქვილკომბინატების წარმომადგენელთა მოთხოვნა უპასუხისმგებლოა. ასეთი ნაბიჯი პურის გაძვირებას გამოიწვევს და კონკურენციაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე მეხორბლეების განცხადებას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ადგილობრივი ბიზნესი თავს კარგად უნდა გრძნობდეს, თუმცა პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს.

„ყველაფერი გაკეთდეს, რათა მისი ღირებულება არ გაიზარდოს, პურის ფასი და ბიზნესი - ამ ორ მოცემულობას შორის სწორი ბალანსი როგორ უნდა მოვნახოთ, ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივად ვიმუშავებთ, მზად ვართ“, - განაცხადა თურნავამ.

წისქვილკომბინატების მოწოდებას გუშინვე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლის შეფასებითაც, ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გაკეთებული განცხადება  უპასუხისმგებლოა.

მისი განმარტებით, სამინისტრო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ბიზნესის მხოლოდ ერთი მხარის მოთხოვნებს ვერ გაითვალისწინებს, რადგან სახელმწიფოს ფუნქცია სხვადასხვა ინდუსტრიას შორის ბალანსის დაცვაა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით პრემიერი საქმის კურსშია და ინფორმაცია ხორბალთან დაკავშირებით მას ყოველდღიურად მიეწოდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ მწარმოებლებთან დიალოგს და გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივალთ; მეორე - უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ამაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იზიარებს და აცნობიერებს; მესამე - არაორდინალური ვითარებაა, რაც ამა თუ იმ ქვეყნის არარაციონალური გადაწყვეტილებებით არის განპირობებული, ამის დაბალანსებას ჩვენ შევეცდებით.

ასევე, დაველოდებით თებერვალს, როდესაც მომავალი წლის მოსავალთან მიმართების ახალი პროგნოზები კეთდება, რადგან ეს პროგნოზები შემდგომში ხორბლის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებისა და ფასების შესახებ გადაწყვეტილებას განსაზღვრავს“, - განაცხადა მინისტრმა.

პურის ხელოვნური გაძვირების მცდელობას ბიზნესის მხრიდან უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივ ნაბიჯად მიიჩნევს პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე. როგორც მან „ბიზნეს-რეზონანსთან“ განაცხადა, პურის წარმოების ხარჯი ბოლო პერიოდის განმავლობაში ისედაც 50%-ით გაძვირებულია, შეიძლებოდა, ამაზე გამოეთქვათ უკმაყოფილება და არა ისეთი სქემის შემუშავებაზე, რომელიც ფასის ხელოვნურ ზრდას გამოიწვევს და მოსახლეობის მდგომარეობას უკიდურესად გააუარესებს. 

„თვითღირებულების ხარჯი კატასტროფულად არის გაზრდილი, 50%-იანი სხვაობაა, კბილებით გვიჭირავს ფასი და არ ვაძვირებთ, რადგან ხალხი გვეცოდება.  ბოლო პერიოდის განმავლობაში 50%-ით მოიმატა წყლისა და დენის გადასახადმა, ასევე, გაზის ტარიფიც გაზრდილია. ამას უნდა განიცდიდნენ და, როგორც მინიმუმ,  უკმაყოფილება გამოეთქვათ, თუმცა კიდევ უფრო გაძვირებაზე ფიქრობენ, რაც მოღალატეობრივი დამოკიდებულებაა. 

გამოდის, რომ წისქვილკომბინატების ინტერესს უნდა შეეწიროს მოსახლეობის კეთილდღეობა, ქართველმა კაცმა ასეთი ფიქრი როგორ უნდა დაუშვას?! მესმის, რომ ბევრი უმუშევარი დარჩა და ამის გამო წუხს, თუმცა წისქვილკომბინატებში 500 კაცი მუშაობს და 2-ჯერ მეტი ფქვილის იმპორტშია დასაქმებული, მაგრამ ამ ხალხზე არავინ წუხს. ახლა უნდათ, თავიანთი ინტერესები გაატარონ, მაგრამ მთავრობა მათ ჭკუაზე ვერ ივლის, არ მგონია, მათი პოზიცია გაითვალიწინონ.  აშკარად სურთ, ფქვილის ბაზარი აიღონ ხელში, იმის მაგიერ, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს ბაზარზე“, - განაცხადა დოლიძემ.

პურის ხელოვნური გაძვირების მცდელობას უარყოფითი შეფასება მოჰყვა პურპროდუქტების მწარმოებელთა მხრიდან. როგორც „თემქის პურის“ დირექტორმა დალი კუპატაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნა, თვითღირებულების გაზრდილი ხარჯის მიუხედავად, ისინი დიდი წვალებით ახერხებენ ფასის შენარჩუნებას მხოლოდ იმისთვის, რომ მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობას ითვალისწინებენ.

„ზაფხულიდან მოყოლებული, 2-ჯერ გაძვირდა პური. ჩვენ ზაფხულში თავი შევიკავეთ და ფასს არ შევეხეთ. შემდეგ, შემოდგომაზეც მოიმატა ფასმა და ვეღარ შევძელით ძველი ფასით მუშაობის გაგრძელება, მით უმეტეს, ენერგომატარებლები გაგვიძვირდა. ახლა ისეთი განცხადებები ისმის წისქვილკომბინატების მხრიდან, რაც პურის ხელოვნურად გაძვირებას გამოიწვევს. 

ჩვენ ასეთ პოზიციას ვემიჯნებით. პირველ რიგში, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაა გასათვალისწინებელი, ყველაზე მგრძნობიარე თემაა პური, სოციალური პროდუქტია და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გაძვირდეს. ისედაც   ძლივს გვიჭირავს ფასი და  სანამ შეგვეძლება, ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ. იმედია, არც მთავრობა შეიცვლის პოზიციას“, - განაცხადა დალი კუპატაძემ.

შეგახსენებთ, რომ წისქვილკომბინატები ფქვილის იმპორტზე „სარკისებური“ საბაჟო გადასახადის დაწესებას ითხოვენ. მწარმოებლები ამბობენ, რომ სხვა შემთხვევაში ქვეყანაში არათუ მცირე, მსხვილი წისქვილებიც დაიხურება.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, ხორბლის ფქვილის იმპორტით ჩანაცვლებამ გასულ წელს ათამდე წისქვილკომბინატის მუშაობის შეჩერება უკვე გამოიწვია, მიმდინარე წელს კი, მცირე და საშუალო წისქვილების შემდეგ, ტენდენცია დიდ კომბინატებსაც შეეხოთ. შექმნილი სიტუაციის გამო, ქვეყანაში 10-ზე მეტი წისქვილკომბინატი უკვე დაიხურა, ნაწილი კი მთლიანად იმპორტზე გადაეწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×