რეზონანსი
22.04.2021

საქართველოში საწვავი შეუსვენებლად ძვირდება. არ არის გამორიცხული, ქვეყანაში მალე 1 ლიტრი ბენზინის ფასმა 3 ლარს მიაღწიოს. მსოფლიოს გამოცოცხლებისა და ეკონომიკის ამუშავების შემდეგ, ნავთობპროდუქტების გაძვვირება მოსალოდნელი იყო, მაგრამ არა ამ მასშტაბით. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რა გზები არსებობს იმისთვის, რომ საწვავის ფასმა ფსიქოლოგიურ ნიშნულს არ მიაღწიოს.  

ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში 1 ლიტრი "რეგულარი" 2.70 ლარის ფარგლებში ღირს. შედარებით იაფია არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ყველაზე იაფი ბენზინი 2.45-2.50 ლარად იყიდება. რადგან ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულება დაახლოებით 65-66 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდა, ახლა გაძვირების მთავარი მაპროვოცირებელი ლარის კურსია, რომელიც ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გაუფასურდა. ამის გამო, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში საწვავის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწიოს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. ერთ-ერთი გზა კი, ლარის კურსის დასტაბილურობასთან ერთად, აქციზის განაკვეთის დაწევაა. 

ფასები გაზრდილია საბითუმო ბაზარზეც. როგორც კომპანია „სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ აღნიშნა, "რეგულარის" ღირებელება 2.33-2.34 ლარია, ხოლო დიზელის ფასი 10-12 თეთრით ნაკლებია. 

„საბითუმო ბაზარზე ბოლო პერიოდში ასეთი ფასებია: 1 ლიტრი "რეგულარი" 2.33-34 ლარი ღირს, დაახლოებით, 10-12 თეთრით ნაკლებია დიზელის ფასი. გაძვირებაზე ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. პირველი - საერთაშორისო ბაზრის ტენდენცია და მეორე - ლარის კურსის მერყეობა. თუ კურსის დასტაბილურება და გამყარება მოხდება, რა თქმა უნდა, გაიაფება დაიწყება. გარდა ამისა, თუკი აქციზის განაკვეთი  შემცირდება, ბუნებრივია, რომ ესეც დადებითი ფაქტორი იქნება ფასების კორექტირების თვალსაზრისით. არის კიდევ კონკურენციის საკითხი. ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს, რათა მონოპოლური ფასების წარმოქმნა არ მოხდეს. 

საწვავის ფასი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებზეა დამოკიდებული. დღესდღეობით საერთაშორისო ბაზარზე ცვლილებები აღარ შეინიშნება, ვითარება დასტაბილურდა. ჩვენ ველოდებოდით, რომ მსოფლიოში ფასები დაეცემოდა. პანდემიია მესამე ტალღა დაიწყო და წესთ, აქტივობა უნდა შემცირებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი რამ არ შეინიშნება", - განუცხადა „რეზონანსს“ ზაალ იაკობიძემ და დასძინა, რომ ლარის კურსის არასტაბილურობა და გაუფასურება უარყოფითად არა მხოლოდ ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე აისახება, არამედ ყველა მხრივ ცუდი შედეგი მოაქვს, ამიტომ საქართველოს მთავრობა უნდა შეეცადოს, რომ ქართული ვალუტა დასტაბილურდეს და გამყარების გზას დაადგეს. 

ბოლო ხანებში 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 64-66 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების  გაძვირებას იმპორტიორი ქვეყნებისთვის საკმოდ ცუდი შედეგი მოაქვს, რადგან ქვეყნებს უწევთ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას ფეხი აუწყონ. ამას ემატება ქვეყნის შიგნით არსებული კრიზისი და ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა. ამიტომ ახლა საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც საქართველო ამ რეალობასთან დასაპირისპირებლად გამოიყენებს. 

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლის წინაშეც დღეს საქართველოა,

„საწვავის ფასი 2.78 ლარია, დაახლოებით, 8 თვის უკან კი 1.90 ლირდა. 80 თეთრით მატება ამ მოკლე პერიოდში უმძიმესია. როდესაც გადამზიდავი საავტომობილო საერთაშორისო გადაზიდვებს  ახორციელებს, ყოველთვის ერთწლიან კონტრაქტს აფორმებს დამკვეთთან, სადაც გადაზიდვის ტარიფი დაფიქსირებულია. პირობითად, როდესაც იტალიაში ან გერმანიაში გადამზიდავს ტვირთი მიაქვს, იქ ტარიფი წინასწარ დაფისქირებულია და ნავთობის ასეთი სწრაფი ტემპით ზრდის პირობებში გამორიცხულია, რომ ტარიფიც შეცვალოს გადამზიდავმა. გამოდის, რომ ტარიფი რჩება უცვლელი, რადგან ხელშეკრულებაში უკვე ჩაწერილია და გადამზიდავმა საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე განახორციელა გადაზიდვა. 

ნავთობის გაძვირებასთან ერთად, გაიზარდა სასურსათო პროდუქციის ღირებულებაც. ხორბალი, ზეთი, ბურღულეული გაძვირდა. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი ნავთობის გაძვირების გარდა, განიცდის პირდაპირ წნეხს სხვა სახის საქონლის გაძვირებით. ყველაფერი იწვევს ლარზე დაწოლას და გაუფასურებას; ანუ ნავთობის ფასის მატება არ არის მხოლოდ ერთი სახის პრობლემა, მას ემატება სასურსათო პროდუქციის გაძვირებაც. 

კარგი იქნებოდა, საქართველოში, საზღვრებზე გაკეთებულიყო ისეთი ავტოგასამართი სადგურები, სადაც ქართული მხარე დაუბეგრავ საწვავს გაყიდდა და გადამზიდავი 20-30 თეთრით უფრო იაფად მიიღებდა საწვავს. საბოლოო ჯამში, ამით პროდუქციის თვითღირებულება შემცირდებოდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×