თამთა ჩაჩანიძე
05.07.2025

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებამ ოპოზიციაში პროტესტი და ვნებათაღელვა გამოიწვია. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები შეწყალებასთან დაკავშირებით ამ შეთავაზების მიზეზებსა და ფარულ მიზნებზე. ამ განცხადებიდან მცირე ხანში კი „ლელომ" ოფიციალურად მიიღო 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება და ამის საფუძველზე ოპოზიციურ ძლებს შორის ახალი მწვავე დაპირისპირება დაიწყო.

4 ივლისს საღამოს მიხეილ ყაველაშვილმა მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს შესთავაზა მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე.

ანალიტიკოსები ნაკლებად ვარაუდობენ, რომ რომელიმემ შეწყალების მოთხოვნით მიმართოს ყაველაშვილს; ასევე თანხმდებიან იმაზე, რომ ეს ყველაფერი გათვლილია ყაველაშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმაციაზე. ამასთან, ნაწილი ექსპერტებისა მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მიზანი ოპოზიციის გახლეჩვაა, ნაწილი კი პირიქით ფიქრობს, რომ ამით ოპონენტებს შანსს აძლევს „ოცნება".

ამ დროისთვის 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იხდის სასჯელს ციხეში პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, რვავეს უკვე შეფარდებული აქვს 7 ან 8 თვით პატიმრობა. მათ შრის არიან ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიარგადალახული 3 ოპოზიციური ძალის ლიდერები. სამივე მათგანი - „კოალიცია ცვლილებებისათვის", „ერთობა - ნაციონალური მოძღაობა" და „ლელო - ძლიერი საქართველო" აცხადებს, რომ ყაველაშვილის შეთავაზება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

თუმცა, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ლელო" ადგილობრივ არჩევნებში ერთვება, რაც ოპოზიციაში უკვე გახდა ახალი დაპირისპირების საფუძველი.

არჩევნებისთვის მზაობას გამოთქვამს კიდევ ერთი ბარიერგადალახული პარტია „გახარია საქართველოსთვის", რომლის ლიდერზეც, გიორგი გახარიაზე, პროკურატურაში გამოძიება მიდის ჩორჩანას საქმეზე.

ყაველაშვილის განცხადება

საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულებს სთავაზობს შეწყალების თაობაზე განცხადებით მიმართონ და დაუყოვნებლივ გასცეს მათზე შესაბამის აქტს.

„ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე", - წერს ყაველაშვილი „ფეისბუქზე".

ოპოზიციის გამოხმაურება

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ყაველაშვილმა შეიძლება მიმართვის გარეშე გამოსცეს აქტი და მერე მოუწევს ოპოზიციონერს იმის მტკიცება, რომ „ოცნებასთან" „არაა შეკრული".

„სჯერათ, რომ ვინმე მიმართავს შეწყალებაზე? ცხადია, არა. რა არის ამ საინფორმაციო ოპერაციის მიზანი? როგორც მინიმუმ განხეთქილების გამწვავება ოპოზიციაში. ისე, შეგახსენებთ - ყველა წინაპირობის გარეშეც შეუძლიათ შეწყალება, როდესაც უნდათ და ვისიც უნდათ. ამიტომაა კონსპიროლოგიურ შეთქმულების თეორიებში გასვლა საშიში. გამოაგდებს ხვალ ციხიდან ვისაც მოუნდება და მოუწევს მტკიცება, რომ „არაა შეკრული". ასე ვივლით წრეზე, რუსეთის მიმართულებით, სანამ ჭკუით არ აჯობებს ვინმე, გვიან თუ არ იქნება", - განაცხადა სამადაშვილმა.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ განცხადების მიზანია არავინ მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში.

„ყაველაშვილის განცხადების მიზანი არის ის, რომ ადგილობრივ არჩევნებში არავინ მიიღოს მონაწილეობა და ეს დაბრალდეს მათ, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას. ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი უსამართლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდებიან და „ოცნებას" აძლევენ ხმას, ისინი დავტოვოთ მარტო „იმედისა" და „რუსთავი 2"-ის პირისპირ. მათ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ეს ძალა არ იმსახურებს მათ ხმას და მხარდაჭერას, იმიტომ, რომ ამ ძალას ეს ადამიანები ფეხებზე ჰკიდია და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.

„ეს არ უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება, ეს ძალიან რთული პროცესი იქნება. ამიტომ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატები, რომლისთვისაც ხმის მიცემას შეძლებენ იმ პარტიის მხარდაჭერებიც, რომლებიც შეიძლება ბოიკოტში დარჩნენ. მე ხომ არ ვამბობს, რომ ამა თუ იმ ქალაქის მერობის კანდიდატი უნდა იყოს პარტიული... არა, ეს ნეიტრალური ხალხი უნდა ვიპოვოთ. ისეთი ხალხი, რომლისთვისაც ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ იმ ხალს, რომლებიც სხვა დროს, სხვა პარტიას მისცემდნენ ხმას, შეიძლება ისეთს, რომლებიც ახლა ბოიკოტში არიან", - ამბობს გიორგი გახარია „ფორმულას" ეთერში.

რაზეა გათვლილი ყაველაშვილის შეთავაზება

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, ყაველაშვილის განცხადება გათვლილია იმაზე, რომ, ერთის მხრივ, „ოპოზიციას შანსი მიეცეს", მეორეს მხრივ კი, კეთილი ნების ჟესტი ეს არის დასავლეთის დასანახად. გარდა ამისა, ასევე გათვლილია ყაველაშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმაციაზე.

„ყაველაშვილის განცხადება გათვლილია იმაზე, რომ ერთი - შანსი მისცეს ოპოზიციურ პარტიის ლიდერებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, რომ საარჩევნო პროცესში სრულფასოვნად ჩაერთონ; მეორე - ეს არის კეთილი ნების ჟესტი, მათ შორის დასავლეთის დასანახადაც, რომ ხელისუფლება ტოლერანტულია და ოპონენტების მიმართ გარკვეულ შემწყნარებლობას იჩენს, ხმაური რომაა ატეხილი, რომ ამდენი პოლიტიკური ოპონენტი ციხეშია, ამ ხმაურის ოდნავ ჩასაწყნარებლად.

„კიდევ ერთი მიზანი ისაა, რომ თუკი ისინი ამ წინადადებას მიიღებენ, ფაქტიურად, ეს გამოდის ყაველაშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმაცია.

„თუკი მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიები არჩევნებში იქნებიან ჩართული, ლეგიტიმაციაზე არაა საუბარი, მაგრამ ეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის (არჩევნებს) და თუ ვინმეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არჩევნების შეფასება მოუნდება, ყველა ნახავს, რომ არჩევნებში ორი მსხვილი პარტია მონაწილეობს.

„არ ვიცი ჩამოვლენ თუ არა ეუთო/ოდირის, ან სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები, ეს მაინც ადგილობრივი არჩევნებია, მაგრამ რაღაც რაოდენობა ალბათ ჩამოვა და შეაფასებს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყაველაშვილს განცხადება დამოუკიდებლად არ გაუკეთებია და ის გათვლილია რამდენიმე ფაქტორზე.

„ყაველაშვილსეს განცხადება დამოუკიდბელად არ გაუკეთებია, ეს ან უშუალოდ ივანიშვილმა დაავალა, ან კობახიძემ. რაზე არის გათვლილი, ამის რამდენიმე ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ. შესაძლოა, „ოცნება" ლეგიტიმაციას ცდილობდეს, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. კი აკრიტიკებენ დასავლეთს, მაგრამ, ბუნებრივია, არანაირად არ სურთ საერთაშორისო იზოლაციაში იყვნენ. აქედან გამომდინარე, „ოცნებას" სურს აჩვენოს, რომ ის ლოიალურია და მზად არიან ოპოზიციას შესაძლებლობა მისცეს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და თითქოს არ არიან დაინტერესებული, რომ პოლიტიკოსები ციხეში ჰყავდეთ.

„იციან, რომ პოლიტიკური პარტიები უარს განაცხადებენ და მერე „ოცნება" იტყვის - აი, ჩვენ ვაძლევდით შესაძლებლობას, გვინდოდა, რომ პარტიებს არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ ისინი არ იღებენ შეთავაზებას და ჩვენ რა ვქნათო, მზად ვიყავით გამოგვეშვაო. კიდევ ერთი მიზანია ოპოზიციის გახლეჩა", - განაცხადა ჩიტაძემ.

საბოლოოდ შედეგი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ „ლელოს" წარმომადგენლებმა იჩქარეს პარტიის ლიდერების - პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება.

„ლელოს" ახალგაზარდა წარმომადგენლები რომ გამოვარდნენ და განაცხადეს - ხაზარაძე-ჯაფარიძის დაუკითხავად ვაკეთებთ განცხადებას, რომ ისინი ყაველაშვილის შეწყალებას არ მიიღებენო, მგონია, რომ ეს გარედან თავს მოხვეული პოლიტიკური თამაშის ნაწილია. ამით გზა მოუჭერეს იმისკენ, რომ სხვა გადაწყვეტილება მიიღონ, ნამუსზე შეაგდეს და ამის შემდეგ ხაზარაძე-ჯაფარიძეს შეწყალების თხოვნის დაწერა გაუჭირდებათ, თუკი მათ ეს გადაწყვეტილი ჰქონდათ.

„ეს იმის მანიშნებელია, რომ პარტიაში დისციპლინაც მორღვეულია, იერარქიაც და სუბორდინაციაც. არავის აქვს უფლება პარტიის ლიდერის სახელით ილაპარაკოს, თუ თავად არ მისცა ამის უფლება. არცერთ ევროპულ პარტიაში ასეთი რამ არ ხდება - ვინც ამას აკეთებს, ან პარტიას ტოვებს, ან სასჯელი ეკისრება. შეძლოთ ორშაბათამდე მოეცადათ, გაეგოთ ლიდერების პოზიცია და მერე გაეკეთებინათ განცხადება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

იგი არ ელოდება, რომ იმ 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსთაგან, რომლებიც დაპატიმრებულია, რომელიმე განცხადებას დაწერს.

„არ ველოდები, რომ რომელიმე მათგანი განცხადებას დაწერს, თუ განსაკუთრებული და გადაუდებელი მიზეზი არ აქვს - ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ სხვა რამ. ციხეში წასვლით გააკეთეს პოლიტიკური განაცხადი, რომ არ აღიარებენ ამ ხელისუფებას და თუკი ისინი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე განცხადებას დაწერენ, გამოდის, რომ აღიარებენ მის და პარლამენტის ლეგიტიმაციას. ამიტომ არ ველოდები რომელიმე მათგანი განცხადებას დაწერს, თუმცა ეს მთელ რიგ გარემოებებზეა დამოკიდებული.

„ოპოზიციის მთავარი კოზირი, რაც მათ ხელში ჯერ კიდევ უჭირავთ, ესაა ეფემერული ერთობა. მოჩვენებით ერთობას ასე თუ ისე ინარჩუნებენ, მაგრამ, თუ ეს საბოლოოდ დაირღვა იმით, რომ რამდენიმე პატიმარმა შეწყალება ითხოვა, რამდენიმემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო... ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა განაცხადა - თუ ეს მოხდება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან დაბნეულები და იმედგაცრუებულები დარჩებიანო და მართალიცაა. მათ გათვლა აქვთ - აქეთ „ქართული ოცნებაა", რომელსაც ისინი პრორუსულ ძალად მიიჩნევენ და იქით ერთიანი ფრონტით პროდასავლური ოპოზიცია. თუკი ეს ერთობა დაიღვა, მაშინ დასავლეთში გაჩნდება კითხვა - ღირს კი ასეთი ძალის შემდგომი მხარდაჭერა? თუკი ოპოზიცია რამით სულდგმულობს, ეს დასავლეთის მხარდაჭერაა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის პროგნოზით კი, ამას საბოლოოდ ის შედეგი ექნება, რომ არცერთი ოპოზოციონერი პოლიტიკოსი არ დაწერს შეყალების მოთხოვნას.

„ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უარს იტყვიან შეწყალებაზე. მეორეს მხრივ, როგორც ვახსენე, „ოცნების" ხელისუფლება იტყვის, რომ ჩვენ მივეცით შანსი და არ გამოიყენეს, რა გვექნა... და არჩევნები მაინც ჩატარდება", - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ ყაველაშვილმა პატიმართა მიმკართვის გარეშე გამოსცეს შეწყალება რომელიმე პოლიტიკოსზე, ჩიტაძემ გვითხრა:

„შესაძლებელია. როდესაც ციხიდან შეწყალებული გამოვა, მერე იტყვის, რომ აი, დღეს დასჭირდათ და მაღიარებენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×