
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზწ, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" განხილავს, თუ როგორ ხდება ეს პროცესი და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში გაწერილი პირობები პარტიის აკრძალვის შესახებ არ შეესაბამება დღევანდელობას.
„საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას, აქვს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ს (სულ ცოტა 30 წევრს) და მთავრობას", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში აღნიშნა, წინა ხელისუფლების დანაშაულების გახსენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.
„ყველას რაღაც დონეზე გვავიწყდება რაღაცები, მათ შორის წინა ხელისუფლების უმძიმესი დანაშაულები, თუნდაც ემოციურ დონეზე, ნებისმიერ ჩვენგანს, შეიძლება, დაგვავიწყდა მთელი რიგი დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინა მაშინდელმა რეჟიმმა და ამ ყველაფრის გასახსენებლად ეს კომისია იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი. ნახეთ, რა ტიპის დანაშაულებზე იყო საუბარი ამ კომისიის ფორმატში. უმძიმესი დანაშაულები, ეს ეხებოდა, მათ შორის, ბიზნესის რეკეტს, მათ შორის, ადამიანების წამებას, ციხეებში შექმნილ მდგომარეობას, ტელევიზიების მიტაცებას, 2008 წლის ომს და ა.შ. უამრავი დანაშაული, უმძიმესი დანაშაულები იყო და ეს გავიხსენეთ ჩვენ სწორედ ამ კომისიის წყალობით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ასევე კომისიის წყალობით შესაძლებელი გახდა იმის გახსენება, თუ რას აკეთებდნენ იგივე ძალები გასული წლების განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციის რიგებიდან ვნებდნენ ქვეყანას, ეწეოდნენ საბოტაჟს.
„ამ ყველაფრის გახსენება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საბოლოოდ მნიშვნელოვანია დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეფასდეს ეს რეჟიმი და ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა. ამ დასკვნის საფუძველზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის სამართლებრივი პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს შესაბამისი შედეგით. ცოტა ხნის წინ გერმანიაში აიკრძალა ერთ-ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება. რომ ნახოთ ამ გაერთიანების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძვლები გერმანიაში, ზუსტად იმეორებს იმას, რასაც აკეთებენ ეს რადიკალური პარტიები ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ მომზადდეს დახვეწილი სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, რათა საბოლოოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვახტაბგ ხმალაძის შეფასებით, პარტიის აკრძალვის საფუძველი არ არსებობს.
„ეტყობა იმაზეა საუბარი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელი, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციონირობას, სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ს (სულ ცოტა 30 წევრს) და მთავრობას. შეიძლება ვიფიქროთ, რომ რომელიმე ამ სამი სუბიექტიდან - რადგან კობახიძე არის ფაქტობრივი პრემიერი, მას, პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს შეუძლიათ შეიტანონ სარჩელი. ალბათ ასეთ სარჩელს მოამზადებენ. კობახიძეს უთქვამს, რომ სარჩელის საფუძვლად გამოყენებული იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაო. ჯერჯერობით ეს დასკვნა არ გვინახავს და არ ვიცი რა ეწერება მასში. ამ საგამოძიებო კომისიის ყველა სხდომისთვის თავიდან ბოლომდე არ მიყურებია, მაგრამ რა ინფორმაციაც მაქვს, მე იქ ვერ ვხედავ კონსტიტუციურ საფუძველს პარტიის საქმიანობის აკრძალვისთვის, რადგან კონსტიტუციაში რა საფუძვლებიც წერია, არ ჩანს. ასე რომ, არ ვიცი რას დაწერენ და რას მოიტანენ საფუძვლად", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".