საპარლამეტო კომისიაზე გახარიას ჩართვამ ხარვეზების გარეშე ჩაიარა, თუმცა ისევ გაურკვეველია, გეგმავს თუ არა ის საქართველოში დაბრუნებას
თამთა ჩაჩანიძე
02.07.2025

ყოფილი პრემიერისა და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიასა ჩართვამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ცხარე კამათის და ურთიერთშელაპარაკებების ფონზე ჩაიარა. მთავარი კითხვა, რაც კომისიის წევრებს ყოფილ შს მინისტრთან ჰქონდათ იყო - რატომ დაიკარგა ჩორჩანას ტყეში ერთი მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია, მას შემდეგ, რაც გახარიამ კოორდინაციის გარეშე საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო ჩადგა. კომისიის წევრებს ფურცლებზე სპეციალურად ამობეჭდილიც კი ჰქონდათ ეს ოკუპირებული ტერიტორია, თანაც გახარიას პარტიის ფერებში.

გახარიას ჩართვამდე რამდენიმე საათით ადრე კი პარლამენტმა პარტიის „გახარია საქართველოსთვის" 12 მანდატის გააუქმა. ეს ნიშნავს, რომ ექსპრემიერი სადეპუტატო იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებს, რაც პროკურატურას საშუალებას აძლევს გახარიას ჩორჩანას საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენოს. უწყებამ ამ მიმართულებით გამოძიება ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო. თან საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმაც არ გამორიცხა, რომ გახარია „ერთ დღეს" პროკურატურაში დაიბარონ.

დაბრუნდება თუ არა გახარია საქართველოში, ეს ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია. თუმცა, კომისიის წევრებს მიაჩნიათ, რომ ის გაიქცა, რაზედაც თავის მხრივ კი გახარიამ უპასუხა: „ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით!"

ამ განცხადებას მცირე რეპლიკით უპასუხა წულუკიანმაც - „მიიღებს, ალბათ, იქ გარანტიებს და ჩამოვა მერე".

დისტანციურად ჩართვამ ხარვეზების გარეშე ჩაიარა. სხდომა 5-ის ნახევარზე დაიწყო და დაახლოებით ორ საათს გასტანა. ჩართვისთანავე კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ გახარიასთვის გაფრთხილების ტექსტი გაგზავნილია, მას ხელი აქვს მოწერილი და ეს პროცედურა დაცულია, რაც თავად გახარიამაც დაადასტურა.

წულუკიანმა გამოკითხვის დაწყებისას აღნიშნა, რომ გახარიას საკმაოდ ადრე, 11 ივნისს შეატყობინა კომისიამ, რომ გამოსაკითხად მეორედ იყო დაბარებული, თუმცა 13 ივნისს მან ცალმხრივი ბილეთი შეიძინა და საზღვარგარეთ წავიდა, თავის მხრივ გახარიამ უპასუხა, რომ ვიზიტი დაგეგმილი ჰქონდა, რომ ბერლინში სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესს დასწრებოდა, რადგან შემოდგომით პარტიის ოჯახის ფარგლებში უნდა განიხილონ „გახარია საქართველოსთვის" გაწევრიანების საკითხი და „ამიტომ არაა უკანა თარიღი".

წულუკიანმა სიტყვა შეაწყვეტინა და ჩაეკითხა, თუ სად იყო ამის მტკიცებულება, ან მიწერ-მოწერა მაინც წარმოედგინა, რომ მისი ქვეყნიდან გასვლა 11 ივნისზე ადრე დაიგეგმა. გახარიამ საპასუხოდ უთხრა, რომ ეს ორი-სამი თვის უკან დაიგეგმა, თუმცა დასძინა, რომ მას არ აქვს ვალდებულება კომისიას თავისი მიმოწერა წარუდგინოს, რის შემდეგაც მცირე შელაპარაკება მოხდა წულუკიანსა და გახარიას შორის.

კამათში კომისიის წევრი ალუდა ღუდუშაური ჩაერთო და გახარიას წულუკიანისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა მოსთხოვა.

ოკუპირებულ მონაკვეთზე საუბრისას წულუკიანმა გახარიას მიმართა, რომ შესულიყო ჩორჩანას ტყეში და „ჯონჯოლი გამოეტანა".

გარდა ამისა, საუბარი შეეხო 20 ივნისის მოვლენებსაც, სადაც გახარიამ დაადასტურა, რომ პარლამენტოს შენობაში გერმანიის ელჩი იყო, მაგრამ ვინ შეუშვა „წარმოდგენა არ აქვს".

კამათი ბილეთზე

წულუკიანმა გახარიას პირველი კითხვა ქვეყნიდან მის გასვლაზე დაუსვა.

„ბატონო გიორგი, ჩვენ საკმაოდ ადრე შეგატყობინეთ იმის თაობაზე, რომ გვსურდა თქვენთან ამ დარბაზში გასაუბრება ისე, რომ თქვენ, როგორც პირველ შემთხვევაში, ფიზიკურად გამოცხადებულიყავით, მაგრამ ამის შემდეგ თქვენ შეიძინეთ ბილეთი და გაფრინდით. რატომ?" - მიმართა წულუკიანმა გახარიას.

გახარიამ უპასუხა: „იმიტომ, რომ დაგეგმილი მქონდა. მე, როდესაც ჩამბარდა ეს თქვენი მოწვევა, უკვე ბილეთი აღებული მქონდა და შესაბამისად, დაგეგმილი მქონდა ვიზიტი. ეს არის და ეს, მეტი არაფერი", - განმარტა გახარიამ.

წულუკიანი გახარიას ამ განმარტებას არ დაეთანხმა და როგორც აღნიშნა, კომისიამ გახარიას 11 ივნისს გაუგზავნა ცნობა იმის შესახებ, რომ კომისიაზე ხელმეორედ იყო მიწვეული, ბილეთი კი 13 ივნისს არის შეძენილი.

„რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ისეთი?" -ჰკითხა წულუკიანმა გახარიას.

„კომისიის კვლევის საგანი გახდა, მე ბილეთი როდის ავიღე?" ასევე კითხვით უპასუხა გახარიამ წულუკიანს.

„დაგეგმილი გქონდათ (ვიზიტი) და იმიტომ არ მობრძანდით, ეს ასე არ არის?" - უპასუხა წულუკიანმა.

გახარიამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ წულუკიანი იტყუება, რაზეც თავად წულუკიანმა ასე უპასუხა:

„ვინც არის მატყუარა, ეს კარგად გამოჩნდა წინა სხდომიდან და ის ბილეთი, რაც თქვენ გამოგზავნეთ, აგერ არის - „one way ticket" (ცელმხრივი ბილეთი). ჰო, ეს „one way ticket" კარგია, მოწმობს იმას, რომ 13 რიცხვში, სამის ნახევარზე ბილეთის ერთი, იქეთ გზა გაქვთ ნაყიდი", - აღნიშნა წულუკიანმა.

გახარიამ საპასუხოდ წულუკიანს უთხრა, მაშინ აღნიშნული საკითხი პროკურატურაში გადაგზავნონ.

„მოდით, დავრჩეთ კორექტულობის ფარგლებში, თორემ ეპითეტები თქვენზე ცოტა მეტი ვიცი. ლექსიკასაც მგონია მეტს მოვძებნი დახასიათებებისთვის... მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით," - უპასუხა წულუკიანმა გახარიას.

მანდატების შეწყვეტა

2 ივლისს გახარიას პარტიის საარჩევნო სიის პირველ 12-ეულს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ. შესაბამისად, ისინი იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებენ და მომდევნო 6 თვეს პარტია დაფინანსებას ვერ მიიღებს. კომისიის სხდომაზე ეს თემაც წამოჭრა თეა წულუკიანმა და მას „სამწუხარო" უწოდა.

„დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც ექცევით საკუთარ ამომრჩეველს და საპარლამენტო მანდატს? თუ ასე სწორია, რა არის ამის მიზეზი, რომ არ აღიარებთ პარლამენტს? მაშინ რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო? ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ. ჩემი პოზიციაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა. 2 წევრი არ უნდა იჯდეს. დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც თქვენ მოექეცით მანდატებს და ამომრჩეველს?" - მიმართა წულუკიანმა გიორგი გახარიას.

„ჩვენთვის მანდატების შეწყვეტას რომ კენჭი უყარეთ, თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - აქეთ თუ მთხოვთ, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თქვენს ლეგიტიმაციაზე, ძალიან ცდებით - გადავდოთ ჩემი მორალური შეფასებები, რატომ არ არიან ჩვენი დეპუტატები ამ კომისიაში და რატომ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, გადავდოთ და საქმეზე გადავიდეთ", - უთხრა პასუხად გიორგი გახარიამ.

ჩორჩანის თემა

წულუკიანმა გახარიას მთავარი კითხვით მიმართა - დააკარგინა თუ არა საქართველოს ტერიტორიები „მისი შეუთანხმებელი და გაუაზრებელი ნაბიჯით", საპასუხოდ კი გახარიამ წულუკიანს უთხრა:

„საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტორლი საქართველოს არ ჰქონდა და ამას ახოციელებდა საოკუპაციო ძალები. შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისიდან ყველა შესაბამისი ორგანო, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაც, სუს-იც, მათ შორის გდდ-ის შესაბამისი დანაყოფებიც, ამ ტერიტორიაზე დროდადრო იყვნენ. იმიტომ, რომ მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და შეუძლებელი იყო. შედეგად, იქ აღმოჩნდა ეს ნიშნები, რომ საოკუპაციოდ, ბორდერიზაციის განსახორციელებლად ეს ტერიტორია მზადდებოდა. აქედან მომდინარეობდა ეს რისკები, როცა იქ შესულ ადამიანებს აკავებდნენ, ზოგს უშვებდნენ", - განაცხადა გახარიამ.

მან მოუწოდა წულუკიანს, რომ შეიქმნას კიდევ ერთი კომისია, რომელიც ჩორჩანას ეპიზოდს გამოიძიებს, რადგან, მისი თქმით, იმ საგუშაგოებზე ქართული დროშების ნაცვლად, რუსული დროშები ფრიალებს, ამაში კი გახარიამ გდდ და სუს-ი დაადანაშაულა.

„რაც შეეხება ამ საგუშაგოს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და ამაზე მინდა, რომ ბატონმა ტაბატაძემ ყურადღებით მომისმინოს. რეალურად, ამ გეგმით, იქ უნდა გაკეთებულიყო შვიდი საგუშაგო. პირველი საგუშაგო გაკეთდა 24 აგვისტოს. ამის შემდგომ მე წარდგენილი ვიყავი პრემიერობის კანდიდატად 3 სექტემბერს. 8 სექტემბერს მე ვიყავი დამტკიცებული საქართველოს პრემიერად. აი, ამ პერიოდში, როგორღაც გასაოცრად, იმ კოორდინატებზე, რომელზეც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები. მე გეუბნებით, რომ მოვა დრო, როდესაც შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს, რატომ მოხდა შეფერხება იმ გეგმის დასრულების, რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს გზა; რა გააკეთა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასულმა გომელაურმა იმისთვის, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა და გეგმა არ მიეყვანა ბოლომდე; ან რა გააკეთა მაშინ სუს-ში დამტკიცებულმა თუ მოადგილის ფუნქციით მოვალეობის შემსრულებელმა ლილუაშვილმა მაშინ, როდესაც ამ ყველა წერტილზე, რომელსაც თქვენ დღეს ამაყად აფრიალებთ რუსეთის დროშებს, უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგო.

„რაღაც მომენტში, როდესაც ეს გარდამავალი ეტაპი ხდებოდა, მაშინ მოხდა ამ გეგმის საბოტაჟი და ეს იყო, სხვათა შორის, მინდა გითხრათ, პირველი სერიოზული კონფლიქტი ჩემსა და სუს-ის მაშინდელ ხელმძღვანელობას შორის. იმიტომ, რომ ის გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და რუსული დროშების მაგივრად დღეს იქ ქართული დროშები უნდა ყოფილიყო, ეს იყო გდდ-სა და სუს-ის მიერ შემუშავებული გეგმა, რომლის სრულად განხორციელების პირობებში, ეს საკითხი, რასაც თქვენ ახლა ამბობთ, საერთოდ არ იქნებოდა", - განაცხადა გახარიამ.

წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან რატომ არ გააგრძელა დაწყებული საქმე და ამის საშუალება მასვე დაქვემდებარებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მისცა თუ არა.

„მინისტრმა საშუალება არ მომცა-მეთქი - მე ეს არ მითქვამს. მინისტრმა და კიდევ ვიღაცამ დრო იხელთა", - აღნიშნა გახარიამ.

„თქვენ ხომ ყველას უფროსი გახდით და რატომ ვერ გააკეთეთ ის, რაც ქვეყნისთვის (გინდოდათ)?" - ჰკითხა წულუკიანმა.

„ვიღაცამ დრო იხელთა იქ იმიტომ, რომ გამბედაობა არ ეყო, საქმე ბოლომდე მიეყვანა, ეტყობა „დიპ სთეითიდან" დაურეკეს", - თქვა გახარიამ.

„თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ..."

„ეს არის კვაზი ორგანო. „კვაზი" რას ნიშნავს, მანდ იურისტები ხომ იმალებიან ეკრანის უკან და აგიხსნიან ამასობაში", - ასე უპასუხა წულუკიანმა გახარიას, რომელმაც მანამდე კითხვა დასვა: „ეს ტრიბუნალია?!".

მოგვიანებით წულუკიანმა გახარიას უთხრა, რომ ის კომისიაზე მომზადებული მივიდა და ალიბიც აქვს, თუმცა ეს ალიბი არ ვარგა.

„ჩემი თხოვნა იქნება, თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ, ეს ალიბი სახლში დატოვეთ, არ ვარგა," - მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: „თქვენ ჩემზე ნუ ღელავთ".

„შენ ჩვენთან თუ არ გაივლი გაკვეთილს, რომელ პროკურატურაში მისასვლელად ვარგიხარ?" - ესეც გახარიას მისამართით წულუკიანის კიდევ ერთი რეპლიკა იყო.

დაპირისპირებები

თეა წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ რა მიზნით მართავს შეხვედრებს ევროპაში, რაზეც ყოფილმა შს მინისტრმა თქვა, რომ ის პარტნიორებს უხსნის, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირისგან მომავალ სარგებელს იმსახურებს. ამის შემდეგ კომიის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა გახარიას მიმართა: „სანამ მაგას გააკეთებ, თუ ასეთი მაგარი ხარ ქართველებისთვის...", რა დროსაც გახარიამ გააწყვეტინა და თქვა, „ეს კლოუნია ჩვეულებრივი".

შს ყოფილმა მინისტრმა ღუდუშაურს მიუთითა, რომ რუკა, რომელიც ხელში ეჭირა, „შუბლზე აეკრა".

„შუბლზე აიკარი და ისე დაჯექი," - მიმართა გახარიამ ღუდუშაურს, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: „მომისმინე ახლა, წყნარად იყავი მანდ და გააკონტროლე. შუბლზე შენ რას აიკრავ, მაგას ქართველი ხალხი განახებს. ასეთი მშიშარა, ბანძი რომ ხარ და რომ გაიქეცი, გაიპარე. ქართულ მიწაზე რომ იძახი - შუბლზე აიკარიო და იკრიჭები მანდ, ხალხს გაეცი პასუხი. შე კურდღელო კაცო, რომ გაიპარე აქედან, წყნარად იყავი! აქ არ იყავი?! მაშინ რატომ არ გამოიყენე ეგ ლექსიკა. მატყუარა გეძახე და ხმა ვერ გამეცი. კურდღელივით გაიპარე და ახლა ხარ მანდედან მაგარი", - განაცხადა ღუდუშაურმა.

კომისიის კიდევ ერთ წევრ თენგიზ შარმანაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კამათი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც გახარიამ შარმანაშვილს „პუტჩისტი" უწოდა.

„ან მაგას დაადასტურებთ, რომ ეროვნული მთავრობის დამხობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ანდა კიდევ ერთი ტოპმატყუარა ხართ. არ გიჩივლებ, ახლა კიდევ მადევნინეთ თქვენი თავი. იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ", - განაცხადა შარმანაშვილმა.

ამას გახარიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „მიშასთან ძმაკაცობით რომ ამაყობდით, ეგეც ტყუილია?"

შარმანაშვილის თქმით, ის უბრალოდ სააკაშვილთან ერთად პარლამენტის წევრი იყო, ხოლო გიორგი გახარია კი „ახლა ძმაკაცობს მიშასთან".

„მიშასთან კი არ ვძმაკაცობდი, ერთ კომიტეტში ვმუშაობდი წლების განმავლობაში. მერე რა? პარლამენტის წევრები ვიყავით და გვქონდა ურთიერთობა, რა მერე? მაშინ მიშა დეპუტატი იყო, მეტი არაფერი და შენ ახლა ძმაკაცობ მიშასთან. ჩვეულებრივი იაფფასიანი ტიპი ხართ და არ ვიცი რა უნდა გელაპარაკოთ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, გიორგი გახარიას „შინაარსის გაგების" პრობლემა აქვს.

„საქართველო გავიდა 72-ე ადგილზე წაკითხულის შინაარსის გაგებითო, რაღაც გამოკითხვა იყო და თუ თქვენ გამოგკითხეს ალბათ იმიტომ გვაქვს ასეთი დაბალი რეიტინგი. ამდენი რამ ვილაპარაკეთ თქვენს საწინააღმდეგოდ და აქეთ მომიტრიალეთ სრულად ულოგიკოდ, ეს თქვენი სტილია", - განაცხადა შარმანაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×