
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, საბოლოო მიზნად არჩევნების ჩაშლა აქვს დასახული. ამის მისაღწევად კი რამდენიმე მიმართულება აქვთ დასახული. პირველი, ესაა არჩევნების დელეგიტიმაცია - ამომრჩევლებთან მუშაობა და მათი დარწმუნება, რომ არ წავიდნენ არჩევნებზე; მეორეა ქუჩის პროტესტის გაძლიერება და ბრძოლა „ქუჩის მოსაგებად"; და ბოლოს - უშუალოდ არჩევნების დღეს თბილისში, „დინამოს" სტადიონზე ეროვნული ყრილობის გამართვა.
არჩევნების დელეგიტიმაციასა და ხალხთან მუშაობაზე განცხადება „კოალიცია ცვლილებებისათვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 28 ივნისს გააკეთა, როდესაც თავის თანამოაზრე გედევან ფოფხაძესთან ერთად პარლამენტის წინ შიმშლობის აქცია ჰქონდა გამოცხადებული.
„სწორი სტრატეგია რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი - ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან, რაც ნიშნავს არა მხოლოდ არჩევნებზე უარის თქმას, არამედ ამ არჩევნების სრულ დელეგიტიმაციას. საჭიროა მუშაობა ხალხთან ქვეყნის მასშტაბით, რომ ეს არჩევნები უბრალოდ ვერ შედგეს - ისე, როგორც ვერ შედგა პარლამენტი, პრეზიდენტი, კომისიები და ა.შ. ამ პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის დაორგანიზებას. როდესაც პოლიტიკურ სივრცეში მეტი სიცხადე გაჩნდება, აქციებიც ახალ ეტაპზე გადავა", - განაცხადა ხოშტარიამ.
ოპოზიციის გეგმის კიდევ ერთი ნაწილი ისევ ქუჩის პროტესტს უკავშირდება. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ აცხადებს: „ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა".
„გვინდა დამოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის მოპოვებაც ქუჩიდან უნდა დავიწყოთ. დანარჩენი ყველაფერი ხალხის მოტყუებაა. ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა. სრულად ვუჭერ მხარს რვა პარტიის განცხადებას", - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს რვა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე საჯაროდ გამოუცხადა არჩევნებს ბოიკოტი და ამის შემდეგ ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პარლამენტთან შიმშილობა შეწყვიტეს.
უშალოდ უშუალოდ არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს კი ეროვნული ყრილობის გამართვაა დაგეგმილი. ამ ინიციატივით პაატა ბურჭულაძე გამოვიდა და თბილისის მერიისგან „დინამოს" სტადიონის გადაცემას ითხოვს. ამასთან, ბურჭლაძეს სურს, რომ მერიამ თავად გადაიხადოს სტადიონის ქირის ხარჯები.
„4 ოქტომბერს უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა. მივმართავთ თბილისის მერიას, თხოვოს რომან ფიფიას, რომ „დინამოს" სტადიონი დაგვითმოს და თან გადაგვიხადონ თანხა. სად გვაქვს ჩვენ იმის რესურსი, კიდევ სტადიონების ქირა გადავიხადოთ?" - აღნიშნა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში რევოლუციური განწყობები სერიოზულად გააქტიურდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან საშიშია. ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი მისი შეფასებით, სწორედ ეროვნული ყრილობის ჩატარებაა.
რას მისცემს ოპოზიციას ეროვნული ყრილობა
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ „ეროვნული ყრილობისგან" დიდ გარდატეხებს არ ელოდება, რადგან არათუ ხალხი, არამედ თავად ოპოზიციონერების ნაწილიც ბურჭულაძის იდეებს დიდი ენთუზიაზმით არ იზიარებს:
„მოგეხსენებათ, ეროვნული ყრილობის ფორმა ახალი არ არის, იყო ადრეც, ზვიადის დროიდან მოყოლებული. ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ მაშინ ამგვარი პოლიტიკური ცენტრს მომხრეები ჰყავდა, თან ბევრნი. ახლა რისი მომცემი თან ოპოზიციისთვის, ნამდვილად არ ვიცი, რადგან ოპოზიციური პარტიები ამაში მონაწილეობას არ იღებენ. ყოველ შემთხვევაში, ვხედავთ რომ დიდ ენთუზიაზმს ბურჭულაძის იდეების მიმართ არ გამოხატავენ. აი, მოსახლეობა როგორ მიიღებს მონაწილეობას, ეს უკვე რუსთაველზე გამოჩნდება."
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი პოზიტიურად უყურებს ყრილობის მოწვევის ინიციატივას და ამბობს, რომ სწორი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს:
„სწორი საინფორმაციო კამპანია უნდა წარიმართოს, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. იგივე პაატა ბურჭულაძეს სურს, რომ ამას ორგანიზება გაუკეთოს „დინამოს" სტადიონზე, რათა პროცესში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სხვადასხვა რეგიონებიდან. აქ მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სწორედ „დინამოზე" ჩატარდეს აღნიშნული ღონისძიება.
„გარდა ამისა, ბატონი პაატა მოგზაურობს საქართველოს რეგიონებში, ხვდება საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რაც მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, რომ დაარწმუნონ ადამიანები არ წავიდნენ არჩევნებზე, ხოლო მეორეს მხრივ, ეს ადამიანები ჩამოვიდნენ თბილისში და მივიდნენ „დინამოზე".
ჩიტაძეს თქმით, მხოლოდ ყრილობა საკმარისი არ არის, ოპოზიციამ უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები და სამოქმედო პროგრამა:
„რა თქმა უნდა, მარტო ყრილობის ჩატარება არ არის საკმარისი. საზოგადოებას უნდა გაეცნოს სამოქმედო გეგმა - რას ეძღვნება ეს ყრილობა, რა ხდება ყრილობის ჩატარების შემდეგ ან რა მიზანი აქვს კონკრეტულ ღონისძიებას. უნდა შემუშავდეს კონკრეტული პროგრამა და განისაზღვროს პრიორიტეტები."
არჩევნების დელეგიტიმაცია
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე იხსენებს 2012 წელს, როდესაც მოსახლეობამ არჩევნების გზით შეძლო „ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება. მისი თქმით, ახლა სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მაშინ დამარცხდა, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას სთავაზობს საზოგადოებას.
„საინტერესოა, როგორ აპირებენ ხალხის დარწმუნებას, რადგან 2012 წელს ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა სწორედ არჩევნების გზით ჩამოშორა „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც დღეს ოპოზიციის ბირთვს წარმოადგენს. ახლა ამ ოპოზიციის ბირთვ სურს დაუმტკიცოს მოსახლეობას, რომ არჩევნებზე არ უნდა წავიდნენ? ანუ, რასაც ხალხმა 2012-ში საკუთარი ძალისხმევით მიაღწია, თავადვე უნდა გადაყაროს წყალში? რისთვის? ისევ „ნაციონალური მოძრაობა" რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში? მაინტერესებს, სხვა რა ალტერნატივას სთავაზობენ მოსახლეობას, თუ არჩევნებზე არ წავლენ", - აცხადებს საყვარელიძე.
ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ ეროვნული ყრილობის მოწვევის პარალელურად ამომრჩევლებთან მუშაობა ოპოზიციისათვის ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.
„ვფიქრობს, ეს გეგმა პრაგმატულია. პირველთან ერთად, ორივე შემთხვევაში, ორივე მიდგომა ეწინააღმდეგება არჩევნებზე მისვლას", - განაცხადა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი არ წავა არჩვენებზე.
„ძალიან ბევრი ადამიანი არ წავა, რადგან ის პარტიები არწმუნებენ საკუთარ ამომრჩევლებს, რომლებსაც ოპოზიციაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას" და „კოალიცია ცვლილებებისთვის". თუ მათი ამომრჩეველი არ წავიდა, პარალელურად „ლელოც" მერყეობს. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი არ გამოცხადდება არჩევნებზე, ძალიან მცირე რაოდენობა მივა. თუმცა „ოცნება" შეეცდება, გაზარდოს ამომრჩეველთა მაჩვენებლები. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", -განაცხადა ჩიტაძემ.
ბრძოლა „ქუჩის მოსაგებად"
რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ალოგიკურია. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტს არ აქვს საფუძველი იყოს ხალხის ქუჩაში გამოყვანის ინიციატორი, რადგან მისი ფიგურა და პოსტერები საზოგადოებაში გაღიზიანებას იწვევს.
„სააკაშვილის განცხადება ალოგიკურია. გავიხედოთ რუსთაველზე, რამდენი ხალხი გამოდის... ამას ამბობს ის პოლიტიკოსი, რომლის ფოტოებიც თავად ამ აქციებზე ადამიანებს აღიზიანებს. მაინტერესებს, ასეთ ვითარებაში როგორ შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ ხალხს ქუჩაში გამოიყვანს? მით უმეტეს, როდესაც თავად ოპოზიციის ნაწილი და აქციებზე მყოფი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სააკაშვილის სურათების დანახვაზე პირდაპირ ამბობენ - წადით, ხალხს აფრთხობთო", - აცხადებს საყვარელიძე.
მისივე თქმით, საზოგადოება, რომელსაც სააკაშვილის პოსტერები ქუჩაში აშფოთებს და აღიზიანებს, რთულია, სწორედ მისი ინიციატივით გამოვიდეს პროტესტზე, მით უმეტეს გამარჯვების იმედით:
„სააკაშვილი, რომლის სურათიც ხალხს აფრთობს საჯარო თავშეყრის დროს, შეიძლება აღმოჩნდეს ხალხის ქუჩაში გამოყვანის ინიციატორი და ამ ინიციატივით გამარჯვების მომპოვებელი? ვფიქრობ, არა."
რაც შეეხება საპროტესტო მუხტის შესაძლო ზრდას, საყვარელიძე ამბობს:
„დღევანდელი მოცემულობით, მმართველი გუნდის მიმართ მუხტის მკვეთრ ზრდას არ ველოდები. თუმცა, ოპოზიციის წინააღმდეგ ასეთი მუხტი აშკარად იგრძნობა."
ნიკა ჩიტაძე კი კითხვაზე, ღირს თუ არა ფსონის დადება ისევ ქუჩის პროტესტზე, გვპასუხობს:
„ცოტა რთულია. ვარდების რევოლუციის დროს განსხვავებული სიტუაცია იყო, დღეს კი განსხვავებული ვითარებაა. საჭიროა მოსახლეობის კონცენტრაცია და მათი დარწმუნება, რომ საპროტესტო აქციებზე გამოცხადდნენ. ქუჩის პროტესტს აუცილებლად აქვს აზრი და მნიშვნელობა", - განაცხადა ჩიტაძემ.