
პარტიის ლიდერების პატიმრობის ფონზე, ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია მიიღებს თუ არა „ლელო“ მონაწილეობას 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში. პარტიაში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ და მათ პოზიციას პრინციპული მნიშნელობა ექნება როგორც ბოიკოტის, ისე არჩვნებში მონაწილეობის მომხრე ოპოზიციური ძალებისთვის.
ანალიტიკოსთა შეფასებით, „ლელო“ საჩოთირო მდგომარეობაშია და სხვა ოპოზიციური ძალების მხრიდან ერთგვარ ბულინგს განიცდის. ასეთ ვითარებაში ისინი პარტიას გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ურჩევენ.
„ახლა „ლელო“ ძალიან საჩოთირო მდგომარეობაშია და მათ პრინციპული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ჩემი აზრით, ეს პრინციპული გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის მიღება იქნებოდა“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან“.
„ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილების შესახებ „სწორ დროს“ შეატყობინებენ.
„ყველა პოლიტიკურ სუბიექტს გააჩნია საკუთარი ხედვა, პოლიტიკური გადაწყვეტილება და მე მას პატივს ვცემ. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ამას საზოგადოებას შევატობინებთ სწორ დროს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ხედვა და საზოგადოება მალე შეიტყობს“, - განაცხადა გეგელიამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ „ლელოს“ მოუწევს პოზიციის შეცვლა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიას საკუთარ ამომრჩეველთანაც პრობლემა შეექმნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ „ლელოს“ მოუწევს პოზიციის ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ წავა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც ექნება პრობლემა. მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც დაკავშირებულია მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან.
„აქ თუ ახლა ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ მე მივალ და ამომრჩეველს მოვატყუებ, რომ მის ხმას ამ სისტემაში დავიცავ და ამით ხელისუფლების ცვლილებას შევუწყობ ხელს, შემცდარა. არ შეიძლება თვალებში ასეთ დონეზე შეაყაროს ამომრჩეველს ცერცვი“, - აცხადებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე.
რა მნიშვნელობა აქვს „ლელოს“ გადაწყვეტილებას
ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია თითოეული პარტიის გადაწყვეტილება და არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
„ამ სიტუაციაში, როდესაც ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი ძალიან აგრესიულად და ენერგიულად ილაშქრებს არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგ და ასევე, აქტივისტების ის ჯგუფი, რომლებიც ყოველდღე უწყვეტ აქციებში მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, ასეთი განხეთქილება ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი ფორაა. ამ ვითარებაში „ლელო“ იქნება, გახარიას პარტია, თუ ნებისმიერი სხვა, ვისაც გაცხადებული ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობა და შესაბამისად, სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდნენ, თუ ისინი ბოიკოტზე წავიდნენ, მგონი უფრო მეტს დაკარგავენ.
„ვფიქრობ, ბოიკოტი არსებითად არასწორი გადაწყვეტილებაა და უფრო ოპოზიციას დააზარალებს. ხელისუფლებას ვერაფერს დააკლებენ, რადგან 100%-იანი ბოიკოტი მაინც არ იქნება და წვრილ-წვრილი პარტიები არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ“, - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც ასევე ფიქრობს, რომ პოლიტიკური პროცესისთვის და თავად „ლელოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია.
„მე ვფიქრობ, პოლიტიკური პროცესისთვის და თავად „ლელოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნებოდა. ყველა სხვა ფაქტორი რომ გვერდზე გადავდოთ, პარტიისთვის, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, ამის ალტერნატიული მიმართულება მისი მარგინალიზაცია და ქუჩაში დარჩენაა. შესაბამისად, პარტია ნებაყოფლობით არჩევნებში არმონაწილეობით იკლებს რესურსებს, უარს ამბობს იმაზე, რომ ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში მათი წარმომადგენელი ჰყავდეთ.
„აუცილებელი არ არის, რომ მაინც და მაინც არჩევნები მოიგონ. თუ საკრებულოებში შენი წარმომადგენელი გეყოლება, ეს უკვე პარტიისთვის რესურსია იმისათვის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადო. როცა ამ ყველაფერზე შენ ნებაყოფლობით უარს ამბობ, ამით საკუთარ პარტიას აზიანებ.
„კი, გასაგებია, რომ არსებობს რაღაც ეფემერული ერთობის მოთხოვნა, მაგრამ ნებისმიერი პარტია სუვერენულია თავის გადაწყვეტილების მიღებაში. მე რომ ვიყო „ლელოს“ ხელმძღვანელების ადგილას, რადიკალი ოპოზიციონერების მოთხოვნებს ყურს არ დავუგდებდი და მივიღებდი მონაწილეობას. „ლელო“ იქნება თუ სხვა, არჩევნებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ამით პარტია იგებს, რა დონის მხადაჭერა აქვს“, - თქვა ზაალ ანჯაფარიძემ.
შეუერთდება თუ არა „ლელო“ ბოიკოტს
კითხვაზე, რა იქნება „ლელოს“ სავარაუდო გადაწყვეტილება, დავით ზურაბიშვილი პაუსხობს:
„ვერ გეტყვით რას იზამს „ლელო“, თუმცა რომც შეუერთდეს (ბოიკოტს), შედეგი ერთი ექნება. პარტიის გადარჩენის თვალსაზრისით, რათა განსხვავებული იყოს, უმჯობესია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თორე ქვეყნისთვის დიდი განსხვავება არ იქნება“.
ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ „ლელო“ გაურკვეველ მდგომარეობაშია და საჭიროა სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება.
„მე ასე მგონია, ამ 8 ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც ცალსახად განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, შეიძლება დაიწყონ „ლელოს“ მიმართ გარკვეული ინფორმაციული შეტევები. რამდენად გაუძლებს „ლელო“ ამ ზეწოლას, კიდევ საკითხავია. თუმცა, თავად ეს პარტია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაყვა ამ ბულინგს, თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს, რადგან, თუ ის მაინც აპირებდა ამ გადაწყვეტილების (ბოიკოტთან შეერთება) მიღებას, მაშინ რა საჭირო იყო ინტრიგის შემოგდება და არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრის დაწყება?!
„მანამდე ძალიან აქტიურად საუბრობდნენ, ვიდრე ელენე ხოშტარია შიმშილობას დაიწყდებდა. ახლა „ლელო“ ძალიან საჩოთირო მდგომარეობაშია და მათ პრინციპული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ჩემი აზრით, ეს პრინციპული გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის მიღება იქნებოდა“, - აღნიშნა ანჯაფარიძემ.
გავლენა გახარიას პარტიის პოზიციაზე
ბოიკოტის მომხრე ოპოზიციონერები პერიოდულად აკეთებდნენ განცხადებას, რომ „ლელოს“ პოზიცია მნიშნელოვან გავლენას მოახდენდა პარიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც უკვე ღიად აქვს გამოცხადებული, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მათი ვარაუდით, თუ „ლელო“ შეუერთდება ბოიკოტს, ეს გახარიას პარტიასაც აიძულებს, რომ გადახედონ თავის პოზიციას.
დავით ზურაბიშვილს ეს მოსაზრება საეჭვოდ მიაჩნია.
„რა თქმა უნდა, თუ „ლელომ“ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, ეს გავლენას გახარიას პარტიაზე არ მოახდენს. მხოლოდ ის მოხდება, რომ „ლელო“, როგორც პარტია, ბოიკოტის შემთხვევაში ვეღარ იარსებებს“, - განაცხადა ზურაბიშილმა „რეზონანსთან“.
ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ პირიქით - შეიძლება გახარიას პარტიის გადაწყვეტილებამ მოახდინოს „ლელოზე“ გავლენა.
„ლელო“ ალბათ უყურებს იმას, თუ რას იზამს გახარიას პარტია არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუ გახარია მყარად გადაწყვეტს, რომ მიიღოს მონაწილეობა, ეს შეიძლება „ლელოსთვის“ ერთი დამატებითი სტიმული იყოს იმისათვის, რომ მანაც მიიღოს მონაწილეობა.
„პარტიები ახლა ერთმანეთს უყურებენ. გახარიაც დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია, როგორც „ლელო“. თავიდან განაცხადეს, ნებისმიერ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობასო. ახლა რომ ადგნენ და გადათქვან, ეს ისევ პარტიის იმიჯს დააზიანებს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან“.