ნატალია ჯვარიძე
02.07.2025

რუსეთმა უკვე ოფიციალურად გაუგზავნა საქართველოს შეთავაზება „ჩრდილოეთ-სამხრეთის" სატრანსპორტო დერეფანში ჩართვაზე. ასევე, კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ „3 პლუს 3" ფორმატის კარი ჩვენთვის ღიაა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია „ოცნების" სავარაუდო გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კრემლი რეგიონში გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, საქართველოზე დებს ფსონს. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ამ საკითხებზე მოსკოვსა და თვილის შორის უკვე იყო კონსულტაციები.

„რუსეთს აზერბაიჯანთან და სომხეთან სიტუაცია დაიძაბა. ამის ფონზე, მოსკოვი აპირებს საქართველოზე დადოს ფსონი, რათა გახდეს მისი გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრი. სამწუხაროდ, ეს რეალობა შეიქმნა და კრემლი უკვე ღიად აფიქსირებს. ეს ოფიციალური განცხადებაც სწორედ ამაზე მიანიშნებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რუსეთი „საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაციისკენაა" განწყობილი და მზად იქნებოდა მის ჩასართავად „ჩრდილოეთ-სამხრეთის" საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დმიტრი მასიუკმა მოსკოვში გორჩაკოვის ფონდის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამის, „კავკასიური დიალოგის" გახსნაზე განაცხადა.

„ნორმალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების ნაწილად იქცა ქართული საქონლისთვის რუსეთის ბაზარზე შეღავათიანი წვდომის უზრუნველყოფა, პირდაპირი ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება. რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად გარკვეული საქონლის მიწოდების საკითხში. ჩვენ მზად ვართ, წინ წავიდეთ - იქამდეც, რომ ჩავრთოთ საქართველო სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფანში „ჩრდილოეთი-სამხრეთი", - განაცხადა მასიუკმა.

ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი რუსეთის სანქტ-პეტერბურგის პორტს ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მუმბაის პორტთან აკავშირებს. მისი სიგრძე დაახლოებით 7200 კმ-ია. დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმებას 2000 წელს ხელი მოაწერეს რუსეთმა, ირანმა და ინდოეთმა. მოგვიანებით, ინიციატივას აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, თურქეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სხვა ქვეყნები შეუერთდნენ.

რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოსთვის ღიაა რეგიონული „3 პლუს 3" ფორმატის კარი. თბილისმა არაერთხელ თქვა უარი ამ მექანიზმში მონაწილეობაზე. ამასობაში, მის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა მოსკოვში (2021), თეირანში (2023) და სტამბოლში (2024) რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით.

„ჩვენ „3 პლუს 3" ფორმატს ევრაზიული უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ერთ-ერთ საყრდენ ელემენტად განვიხილავთ. დარწმუნებული ვართ, რომ რეგიონის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს აქტიური მონაწილეობა მისი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაღები იქნება", - განაცხადა მასიუკმა.

რაზე მიუთითებს ახალი შეთავაზება და მიიღებს თუ არა საქართველო

ვახტანგ მაისაიას აზრით, რუსეთს აზერბაიჯანთან და სომხეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე სურს, სწრაფად განახორციელოს პროექტი.

„მე ადრე გამოვთქვი ვარაუდი, რომ საქართველოს შესაძლოა მოუწიოს ჩრდილო-სამხრეთის სატრანზიტო კორიდორის, ანუ რუსული გეოეკონომიკური პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, რომელიც დაახლოებით 600 მილიარდი დოლარის პროექტია.

„მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. წესით, ამ პროექტში ერთ-ერთი მთავარი აზერბაიჯაინი უნდა იყოს. როგორც ჩანს, რუსეთს სურს თავი დაიზღვიოს და მასთან ერთად გაიყვანოს პროექტის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე.

„მოგეხსენებათ, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაიძაბა ურთიერთობა და ფაქტობრივად, ცივი ომის პროცესი შეიძლება დაიწყოს. ასევე, კრემლს დღევანდელ სომხეთის ხელისუფლებასთანაც დაეძაბა სიტუაცია. სწორედ ამ ფონზე შესთავაზა საქართველოს ეს. თან უკვე ოფიციალური მიწვევა გააკეთეს.

„როგორც ჩანს, კრემლს უნდა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა, რადგან ამ მონაკვეთის გარეშე, ფაქტობრივად, პროექტის განხორციელება ალბათ შეუძლებელი იქნება. არ ვიცი რას ითვალისწინებს, მაგრამ სავარაუდოდ, რამდენიმე მომენტი იქნება - საზღვაო და ორი სახმელეთო. ორიდან ერთი იქნება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიოტორიიდან და მეორე, ბუნებრივია, ჩრდილოეთ ოსეთიდან წამოსული საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთი, რომელიც თბილისს ვლადიკავკაზთან აკავშირებს. ამას დამატებული კიდევ უფრო გაძლიერებული საჰაერო მიმოსვლა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალი ვაზიანის აეროპორტი აშენების შემდეგ გამოყენებული იყოს საჰერო კორიდორის გასაძლიერებლად", - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

იგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამ საკიტხზე თბილისსა და მოსკოვს შორის უკვე იყო კონსულტაციები, რადგან, სხვა შემთხვევაში ასეთი მაღალი რანგის რუსი დიპლომატი ამ შეთავაზებას არ გააკეთებდა.

„ვერ გეტყვით ზუსტად, რას გააკეთებს „ქართული ოცნება". მთავარი ის არის, რომ რუსეთმა გაბედა ოფიციალურად შეთავაზება. ეს რომ ეთქვა ვიღაც დამოუკიდებელ ექსპერტს, ან არასამთავრობო პირს და რუსულ მასმედიაში გაჟღერებულიყო, კი, ბატონო, მაგრამ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი აპრობაცია. თუმცა, როცა ამას ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, თან არცთუ ისე უმნიშვნელო, ეს აჩენს ეჭვს, რომ წინასწარ იყო მოლაპარაკებები. სხვანაირად ეს განცხადება არ გაკეთდებოდა. ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად შესთავაზებენ საქართველოს „3 პლუს 3" ფორმატში ჩართვას, რადგან ეს ავტომატურად მიბმულია.

„რასაც კრემლი ჩვენს მიმართ ახორციელებს, ძალიან სახიფათო თამაშია და არ ვიცი სადამდე მიგვიყვანს. აზერბაიჯანთან იმდენად არის დაძაბული სიტუაცია, რომ ახლა, დავუშვათ, დროებით რომც მოაგვარონ ეს პრობლემა, მაინც დიდ ხინჯად დარჩება. აზერბაიჯანი არასდროს აპატიებს რუსეთს ეროვნული ინტერესების შებღალვის მცდელობას.

„კრემლი სომხეთს საკმაოდ ეჭვის თვალით უყურებს. რჩება საქართველო და მისი ხელისუფლება, რომელიც, როგორც ჩანს, მისი გადამრჩენელი იქნება. ამიტომ, სავარაუდოდ, მოსკოვი აპირებს საქართველოზე დადოს ფსონი, რათა გახდეს მისი გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრი. სამწუხაროდ, ეს რეალობა შეიქმნა და კრემლი უკვე ღიად აფიქსირებს. ეს ოფიციალური განცხადებაც სწორედ ამაზე მიანიშნებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×