მარიამ ვეკუა
13.06.2025

თბილისში 14 ივნისს ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა საპროტესტო აქციები: თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტები მათე დევაძის 4,5 წლით პატიმრობას აპროტესტებდნენ, მეორე აქცია კი პოლონეთის საელჩოსთან - პრემიერ დონალდ ტუსკის 11 ივნისს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ორივე აქცია გზის გადაკეტვით და სამართალდამცავების გაფრთხილებით გაგრძელდა, თუმცა მასშტაბური დაპირისპირება არ დაფიქსირებულა.

მას შემდეგ, რაც აქციაზე დაკავებულ მათე დევაძეს 12 ივნისს , 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აქცია გაიმართა. აქცია გაგრძელდა 14 ივნისსაც, თუმცა სამართალდამცავებმა შეკრებილებს ტროტუარზე გადანაცვლებისკენ მოუწოდეს, დრო კი 15 წუთი მისცეს.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონის თანახმად, შეკრება-მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15-წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. უწყებამ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ გზა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

თსუ-ს პირველ კორპუსთან ამ დროისთვის აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე რჩება.

თავდაპირველად დემონსტრანტების შეკრების ადგილი მელიქიშვილის გამზირი იყო, ხოლო შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირისკენ დაიძრნენ. ამასთან ერთად, ადგილზე ორი კარავი გაშალეს. რამდენიმე საათის განმავლობაში კი გადაიკეტა გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.

მანამდე სამართალდამცავების მხრიდან გაფრთხილება რამდენჯერმე გაისმა, ამის შემდეგ კი იყო მცირე ხმაური აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. საბოლოოდ დარჩენილმა დემონსტრანტებმა ტროტუარზე გადაინაცვლეს.

ჯერჯერობით დაკავებულების შესახებ ოფიციალური განცხადებები არ ვრცელდება.

აქცია პოლონეთის საელჩოსთან

პარალელურად, პოლონეთის საელჩოსთან შეკრებილი სტუდენტები პრემიერ დონალდ ტუსკის განცხადებას აპროტესტებდნენ და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

მოგვიანებით, „ტვ პირველმა" გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ინფორმაცია, სადაც წერია, რომ „ოცნებამ" პარტიული აქტივისტები რიგით მოქალაქეებად გაასაღა.

შეგახსენებთ, 11 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა:

„ბოდიში ქართველებთან, ვისაც შეიძლება ეწყინოს, მაგრამ მთლიანობაში ხალხის უვიზოდ შემოსვლის შეზღუდვის ძლიერი მხარდამჭერი ვარ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც, როგორც საქართველო, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, [ქვეყნებიდან] რომლებიც ავტორიტარულ მმართველობას ეხება, ასევე, ქვეყნებიდან, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ წესრიგს ჩვენს ქვეყანაში ან ევროპაში," - აღნიშნა მან.

სტუდენტების აქციას პოზიტიურად აფასებენ „ოცნებაში". უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ აქცია სამართლიანი იყო.

„რადიკალების პატრონებს რაც სჭირდებათ, იმას თუ არ შევასრულებთ, გვემუქრებიან. ესე იგი, მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. ტუსკი ნაცების მეგობარი და სააკაშვილის, მზეთუნახავის ერთ-ერთი ლობისტია. მათ ინტერესებს თუ არ მივყვებით და სახელმწიფოს ინტერესებს დავთმობთ, ბერკეტებს, მუქარებს გამოიყენებენ. ამას არ გავატარებთ. ასეთი ბევრი მუქარა მოგვისმენია. კანდიდატის სტატუსი ღირსებით მივიღეთ და ასე გავაგრძელებთ. ტუსკისა და სიკორსკის ლუსტრაცია მოხდა, რომელთათვისაც ნაცმოძრაობა დემოკრატიის შუქურაა, საზოგადოებისთვის - ტირანი და ბანდა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×