
"ქართული ოცნება" ამჯერად ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს მწვავედ აკრიტიკებს, მათი განცხადებით, ბრიტანელი დიპლომატი ერეოდა ქვეყნის შიდა "საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესში", 11 ივნისს კი, მათი თქმით, "პოლიტიკურად ანგაჟირებადი გააკეთა", როცა ახალი კანონის გაურკვევლობის მოტივით, საელჩომ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებული დაგეგმილი გრანტები გააუქმა.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ" ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ" გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.
"ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიტანეთის საელჩოს განცხადება არის "გარკვეული თავდასხმა - როცა რამდენიმე დღით ასწრებ „გრანტების შესახებ" კანონის მიღებას და ზიანს აყენებ სახელმწიფოს".
დიპმისიებთან დაპირისპირების შესაძლო მიზეზები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნებას" დიდი ბრიტანეთისგან ორი საკითხი აღიზიანებს, ერთია სანქციები და მეორე, მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებული გრანტების პროგრამის გაუქმება, რომლითაც ფაქტიურად დიდი ბრიტანეთი არ ცნობს თვითმმართველობის არჩევნებს.
"ქართული ოცნება" გაღიზიანებულია თუნდაც იგივე დიდი ბრიტანეთის მიერ გატარებული პოლიტიკით. ვიცით, რომ ბრიტანეთმა რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსნის მიმართ სანქციები აამოქმედა და ამიტომ "ოცნებას" მათ მიმართ მორიგი ანტიდასავლური გზავნილები აქვს.
"დიდი ბრიტანეთი აპირებდა, რომ გრანტები გაეცა, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებს უკავშირდებოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ პროგრამას აუქმებს, ამან "ქართულ ოცნებაში" გაღიზიანება გამოიწვია, ანუ ბრიტანეთი არ ცნობს მომავალ მუნიციპალურ არჩევნებს ლეგიტიმურად. ორი ფაქტორი აღიზიანებს - ერთის მხრივ ბრიტანეთის სანქციები, მეორეს მხრივ, საგრანტო პროგრამის გაუქმებით, ფაქტიურად ბრიტანეთი არ ცნობს ლეგიტიმურად არჩევნებს.
"ელჩებზე თავდასხმის კამპანია, ესაა დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი შენადგენელი ნაწილი. "ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის, რომ მისი ქმედება დემოკრატიულ პრონციპებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, აღნიშნულს დასავლეთიდან კრიტიკა მოჰვება და ამით, თითქოს თვითონ უნდათ, რომ დაასწრონ და დასავლელ პარტნიორებს აქეთ დააბრალონ საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა.
"ამაყად აცხადებენ, რომ საქართველო ასეთი სუვერენული არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა, ამაში გულისხმობენ იმას, რომ თითქოს, კორუფციის მხრივ ახლა უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ და დასავლეთის მითითებებს არ დაელოდებიან",- განაცხადა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ მმართველი პარტია არავის უპირისპირდება, პირიქით, ელჩები აქეთ უპირისპირდებიან "ქართულ ოცნებას".
"როგორც ჩანს, გერმანიის, საფრანგეთის, ევროკავშირის, შვედეთის ელჩების უსაქციელობას, ახლა კიდევ უფრო აქტიურად შეუერთდა დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისია, რომლის ბოლო განცხადება გრანტებთან დაკავშირებით აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი, ანსტისახელწიფოებრივი და დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასული იყო.
"მაშინ, როდესაც პარლამენტში კანონპროექტი დამუშავების სტადიაშია, რატომღაც, ბრიტანეთის საელჩოსთვის გამონაკლისი უნდა გაკეთებულიყო წინსწრებად და უცხოური გრანტების დეფინიციით, მათთვის რაღაც განსაკუთრებული პრივილეგია უნდა ყოფილიყო.
"მემგონი საქართველომ ინგლისურიდან გადმოიღო სიტყვები - კანონის უზენაესობა. კანონის უზენაესობითა და დემოკრატიით კი დიდი ბრიტანეთი ისტორიაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო. თუმცა, ამჟამინდელი და წინა მმართველობის პირობებში, გაერთიანებულ სამეფოში ეს ნამდვილად არ შეიმჩნევა.
ის თავხედური განცხადება, რაც დიდი ბრიტანეთის საელჩომ გააკეთა, მემეგონი ამით უფრო იცავდა ამჟამინდელ, თუ მომავალ ბენეფიციარებს ენჯეო სექტორში, რომლებიც გამუდმებით ებრძვიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ცდილობენ შეარყიონ მისი დემოკრატიული წესწყობილება.
"ხელისუფლება არავის არ უპირისპირდება, "ქართული ოცნების" გუნდს უპირისპირდებიან ცალკეული ელჩები, განსაკუთრებით გამოირჩევიან გერმანიის ელჩი და ევროკავშირის წარმომადგენელი, რომლებიც მრავალგზის არღვევენ დიპლომატიური ურთიერთობების საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ერევიან რა, მათი ადგილსამყოფელი მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში.
"მათი მხრიდან ეს დაპირისპირება როგორც გამწვავდება, ისევე მათი მხრიდანვე ჩაცხრება, როცა მიხვდებიან, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არანაირ გარე შანტაჟსა და დამუნათებას არ ექვემდებარება არც დღეს, არც ხვალ და არც მაზეგ",- განაცხადა გია აბაშიძემ.
მმართველი პარტიის განცხადებები
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პირდაპირ აცხადებს, რომ დიდი რბიტანეთის ელჩი საარჩევნო და საერთოდ პოლიტიკურ პროცესში "პირდეპირ ერეოდა".
„ვიფიქრებდი, ბრიტანეთის ელჩმა შეცდომა დაუშვა და იჩქარა კომენტარები რომ გააკეთა, რომ არ ჰქონდეს იმ ცუდი გამოცდილების მაგალითები, რომელიც გაგვაჩნია ბრიტანეთის ელჩთან ურთიერთობაში, როდესაც იგი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესში, საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში, იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი და პირდაპირ მოუწოდებდა ოპოზიციის მხარდაჭერას. ეს ჩვეულებრივი ამბავია ბოლო პერიოდში. მანდ ბრიტანეთის ელჩი შეიძლება იყოს ცალკე გამოყოფილი. ეს გერმანიის ელჩსაც ეხება, საფრანგეთის ელჩსაც და სხვასაც.
"რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით გრანტის გაცემას მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემას ეს ეხმარება, მაგრამ გრანტის გაცემა მაგალითად, „ისფედზე" უნდა იწვევდეს დამატებით შეკითხვებს, ვინაიდან „ისფედი" იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ამახინჯებდა მონაცემებს, შემდეგ შეცდომებს არ აღიარებდა, იმიტომ, რომ შემდეგ რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო. ბრიტანეთის ელჩმა იჩქარა თუ არ იჩქარა, შეცდომა მოუვიდა თუ არა, რასაკვირველია, არ ჩაეთვალა არანაირ პოზიტივში, კონსტრუქციულობაში, რაც ელჩს ევალება. არამედ, კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, ვინაიდან ზუსტად იცის, რამდენიმე დღეში ეს თემა მოგვარდება, არჩევნებამდე დიდი დროა და მას ექნება საშუალება წარმოადგინოს საკუთარი პროექტი ამის დაფინანსების ორგანიზების თაობაზე," - განაცხადა ვოლსკიმ.
„დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება" - დაახლოებით ამას ჰგავდა ის განცხადება, რაც ბრიტანეთის საელჩოსგან სამწუხაროა",- აცხადებს "ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე, მისი თქმით, ეს არის გარკვეული თავდასხმა საელჩოს მხრიდან, რაც ძალიან ცუდია.
„არის წესი, რომელსაც ქვეყანა ადგენს. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენთ, იცით, რომ მიმდინარე პროცესია. როდესაც რამდენიმე დღეში, წესით, კანონი უნდა ამოქმედდეს და ამის თანახმად, შეგიძლია მიმართო ხვალ თუ ზეგ მთავრობას და თანხმობა მიიღო... თუ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს გრანტის გამცემს, როცა რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან ცუდი რამ", - განაცხადა მდინარაძემ.