
გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებია - საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, ასევე სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების და "სხვა სახის დახმარების ფორმით" გრანტად იქნება მიჩნეული. გარდა ამისა, იმ სფეროთა ჩამონათვალს, რა მიმართულებითაც გრანტი შეიძლება გაიცეს, თავდაცვა და უსაფრთხოება ემატება.
ამ შინაარსით გადამუშავდა „გრანტების შესახებ" კანონში მორიგ ჯერზე დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს მეორე მოსმენით - მუხლობრივი განხილვისთვის წარედგინა.
კანონპროექტის გადამუშავებული რედაქციით, ჩასწორდა გრანტის გამცემ დონორთა ჩამონათვალი და მათ სიას "აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია" დაემატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებისმიერი სახსრები გრანტად იქნება მიჩნეულნი.
კორექტირებული კანონპროექტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი იქნება როგორც წერილობითი ხელშეკრულება დონორსა და გრანტის მიმღებს შორის, ასევე უცხოური გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილება.
გრანტების შესახებ" კანონს ასევე ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, "ჰორიზონტი ევროპა" (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა "ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში განხორციელებული გრანტები მთავრობისგან თანხმობის გაცემის ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება.
„ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია. უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ამბობს: „ეს კანონი გულისხმობს იმას, რაც აღნიშნულია, ანუ დავუშვათ, თუ რომელიმე დონორი ორგანიზაცია ტექნიკურ დახმარებას უწევს ადგილობრივ ორგანიზაციას, მაგალითად ჩამოჰყავს რომელიმე ჯგუფი, რომელმაც უნდა დაატრენინგოს ადგილობრივი ორგანიზაციები და მათი ბენეფიციარები რაღაცა სფეროში, ეს ჩაითვლება გრანტად. ან შესაძლოა ტექნიკური დახმარება გაუწიოს, სადაც შეიძლება იგულისხმებოდეს რაღაც გარკვეული ტექნიკის აღჭურვილობის მიწოდება, ესეც განხილული იქნება, როგორც გრანტი", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, გრანტების შესახებ კანონი მთლიანად ემსახურება იმას, რომ ყველაფერი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქციონ.
„გრანტების კანონში ცვლილებები შედის მხოლოდ ერთი მიმართულებით და მიზნით - ქვეყანაში შეზღუდონ რესურსი იმის, რომ განსხვავებული მოსაზრებების ტირაჟირება ხდებოდეს. ეს არის ამ კანონის მთლიანი არსი. არც ის უნდათ, რომ სხვგავარად მოაზროვნეები ახალ ტექნოლოგიებს დაეუფლონ, ანუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
ასევე, არც ის უნდათ, რომ მათ რაღაც ფინანსური შემოსავალი ჰქონდეთ. ამიტომ ყველაფერზე მიდიან, რათა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქციონ აბსოლუტურად ყველაფერი. მიზანიც არის ის, რომ თუ აკონტროლებს, ფიქრობს, ძალაუფლებას შეინარჩუნებს.
ეს არის და ეს და პათეტიზმი, რომ სამშობლო და ა.შ. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არავის აინტერესებს. ყველასთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ის, თუ რა შემოსავალი ექნებათ, როგორ იცხოვრებენ და ა.შ. ხომ ხედავთ სანქციებსაც კი აღარ ერიდებიან იმ მიზნით, რომ ახლა თუ ფულს დააგროვებენ, ოდესმე მოუხსნიან. ამ ხალხის ფსიქოლოგია და ფილოსოფია დაახლოებით ეს არის", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".