თამთა ჩაჩანიძე
11.06.2025

საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს კვლავ სუფთა ფურცლიდან სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს უნდა მოხდეს "კონკრეტული გზამკვლევით და კონკრეტული ამოცანებით", თუმცა რას გულისხმობს კობახიძე გზამკვლევში, ეს ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, "ოცნების" წევრებიც აცხადებენ, რომ მზად არიან ურთიერთობის გადატვირთვისთვის "ბევრად მეტი გააკეთონ, ვიდრე ეს იყო".

"გზამკვლევი გულისხმობს უპირველეს ყოვლისა იმ მიდგომების გადახედვას, რაც წინა ადმინისტრაციას ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში და შესაბამისად, საქართველოს ინტერესების უფრო მეტად და უკეთ გათვალისწინებას შექმნილ სიტუცაიაში. საქართველომაც უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, ამერიკელებმა მეტ-ნაკლებად ეს ნაბიჯები გააჟღერეს",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".

მისი შეფასებით, მხარეებმა "შეხების წერილები" უნდა მოძებნონ.

"სტრატეგიული პარტნიორობა სტრატეგიული პარტნიორობაა. ამათი გზამკვლევი ჩვენ ყველამ ვიცით რაცაა, აქ რასაც მინდა გავაკეთებ და თქვენ არ ჩაერიოთ არაფერში. ამაზე ამერიკის პრეზიდენტი, ან მთავრობის წევრი დათანხმდება?",- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ აშშ-ს პოლიტიკა "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის "ინტერესებზე ვერ აეწყობა".

უნდა აღინიშნოს, რომ ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილი ინიშნება, განკარგულება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს გამოსცა, რომ ტალიაშვილი ელჩის მოვალეობას 10 ივლისიდან შეუდგება.

რას გულისხმობს "კონკრეტული გზამკვლევი"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გზამკვლევი დიდი ალბათობით გულისხმობს აშშ-ს მხრიდან იმ მიდგომების გადახედვას, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც უნდა გულისხმობდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა, ისე, რომ "სუვერენიტეტი არ შეილახოს და საკუთარი ინტერესები არ დააზიანოს".

"ჩვენ ალბათ უნდა ვიხილოთ ამ გზამკვლევის თუნდაც ზოგადი ორიენტირები, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად რას გულისხმობს საქართველოს ხელისუფლება ამ გზამკვლევში.

მე რამდენადაც შემიძლია ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ვთქვა, ისაა, რომ ეს გზამკვლევი გულისხმობს უპირველეს ყოვლისა იმ მიდგომების გადახედვას, რაც წინა ადმინისტრაციას ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში და შესაბამისად, საქართველოს ინტერესების უფრო მეტად და უკეთ გათვალისწინებას შექმნილ სიტუაციაში.

"საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაფუჭდა მაშინ, როდესაც წინა ადმინისტრაციამ მთელი რიგი აქტები მიიღო, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, სანქციები და ა.შ. სავარაუდოდ, ეს გზამკვლევი გულისხმობს ამ ყველაფრის გადახედვას და შეცვლას",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რას შეიძლება გულისხმობდეს, ანალიტიკოსმა გვითხრა:

"წესით, ჩვენი მხრიდანაც უნდა გულისხმობდეს, რადგან მოგეხსენებათ, ცნობილი გამონათქვამია, რომ "ტანგოს ორი ცეკვავს", საქართველომაც უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო, ამერიკელებმა მეტ-ნაკლებად ეს ნაბიჯები გააჟღერეს, ერთის მხრივ მარკო რუბიომ სენატში განაცხადა, რომ არ გვსურს საქართველოში ანტიამერიკული მთავრობა ვიხილოთო, მეორეს მხრივ, ყაველაშვილის სახელზე ტრამპის მოსალოც წერილში საუბარი იყო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე.

"ასევე, აქ რომ ჩამოვიდა ტრამპის ერთ-ერთი თანამოაზრე სენატორი სტივ დეინსი, მანაც გაამახვილა ყურადღება მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც მათ შორის გულისხმობს ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობას, ანუ ვფიქრობ, ამერიკელებს სურთ, რომ საქართველომ გაითვალისწინოს აშშ-ს სტრატეგიული ინტერესები საქართველოში იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ამჟამად ითვალისწინებს, მაგალითად ივივე ჩინეთის ინტენსიურ შემოსვლასთან დაკავშირებით, თუნდაც",- განაცხადა ანალიტიკოსმა.

დამატებით კითხვაზე, რამდენად მოსლაოდნელია აშშ-ს ეს ინტერესები გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუყფლებამ დღეს და რამდენად მზადაა ამაზე წავიდეს, ანჯაფარიძემ გვიპასუხა:

"ვფიქრობ, ესაა მოლაპარაკებების საგანი, რადგან ახალი გზამკვლევის შემუშავება ვერ მოხდება, რადგან მხარეები ერთმანეთს ეპისტოლარულ ჟანრში ესაუბრებიან და ახალი ელჩი იმიტომ დაინიშნა, რომ მან რაღაც კონტაქტები დაამყაროს აშშ-ს შესაბამის სტრუქტურებთან და დაიწყოს მოლაპარაკებები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმის თაობაზე, თუ ამერიკული ინტერესი რა არის.

როგორ შეუძლია საქართველოს ეს დააკმაყოფილოს ისე, რომ საკუთარი სუვერენიტეტი არ შელახოს და საკუთარი ინტერესები არ დააზიანოს და შესაბამისად, საქართველომაც უნდა დადოს მაგიდაზე თავისი ინტერესები აშშ-ს უთხრას, რომ აი, ესაა ჩვენი ინტერესი და მოდი განვიხილოთ სად შეგვიძლია ვიპოვოთ შეხების წერტილები. ესაა ჩემი აზრით ის, რასაც ურთიერთობის გადატვირთვა ჰქვია, რომ მხარეებმა შეხების წერტილები მოძებნონ",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" გზამკვლევში გულისხმობს იმას, აკეთონ ის, "რაც მოეხასიათებათ" და ამაზე აშშ-ს რეაქცია არ ჰქონდეს, რაზედაც ამერიკის ადმინისტრაცია არ წავა.

"ეგენი ალბათ გზამკვლევში გულისხმობენ, რომ თვითონ რაც მოეხასიათებათ, ის უნდა აკეთონ და ამერიკამ ამის გამო ამათ წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ უნდა მიიღოს. თუმცა, რასაც არ უნდა გულისხმობდნენ, ის ელჩი, რომელიც დაინიშნა, საკრებულოში ჩემი კოლეგა იყო და მე რაც მის უნარებს ვიცნობ, მისი უნარებიდან გამომდინარე, ეჭვი მეპარება, რომ ამერიკელებამდე გასაგებად და ისე მიიტანოს ხმა, რომ მათ იქ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნონ.

"აბსოლუტიური სისულელეა, რა გზამკვლევი, რის გზამკვლევი?! სტრატეგიული პარტნიორობა სტრატეგიული პარტნიორობაა. ამათი გზამკვლევი ჩვენ ყველამ ვიცით რაცაა - აქ რასაც მინდა გავაკეთებ და თქვენ არ ჩაერიოთ არაფერში. ამაზე ამერიკის პრეზიდენტი, ან მთავრობის წევრი დათანხმდება?

"ამერიკის პრეზიდენტი, ან მთავრობის წევრი რომ იყოთ, დათანხმდებით? რომ რაღაცა პატარა ქვეყანამ, რომელთანაც 30 წელი ურთიერთობა გაქვს, მილიარდები გაქვს ჩადებული, ახლა გეუბნებოდეთ ასეთ რაღაცას, რომ მე რაც მომეხასიათება გავაკეთებ და შენ თუ არ შემაქებ, თავი მაინც დამანებე საერთოდო და რასაც გავაკეთებ, ყველაფერი მოიწონე. ეს არასერიოზულია.

"რეალურად, ქართული მხარისა და ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნაა, რომ აქ დემოკრატია არ მომთხოვოთო - არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება ეს, დამოუკიდებელი მასმედია, თუ დამოუკიდებელი სასამართლო, ესეთი რაღაცეები არ გინდათ და სხვა რაც გინდათო და სხვა რა არის? არაფერი არ არის "სხვა" - ეს არის და საქართველო ამითაა ფასეული. სატრანზიტო ფუნქცია კი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ფუნქციის გამო, რომ საერთოდ არავინ არ შეეხოს და ამათ რაც მოეხასიათებათ, ის გააკეთონ იგივე რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან ურთიერთობაში, აქ ხომ ამერიკის ინტერესებიც იკვეთება?

"ახლა ასე არაა და ვერ აეწყობა აშშ-ს პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე. დამიბრუნეთ რომ წამართვით ის ფულიო და იმას ვერ აგებინებენ, რომ ამერიკას მისთვის ის ფული არ წაურთმევია. ის კერძო ბანკია, თავისი ამბავი აქვს და ამერიკის მთავრობას არ შეუძლია კერძო ბანკს უთხრას, რომ მიდი ფული დაუბრუნე ბიძინასო - ამას ვერ აგებინებენ და სხვას რას გააგებინებენ?"- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა "რეზონანსთან".

რას აცხადებენ "ქართულ ოცნებაში"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან.

„ნამდვილად იყო სპეკულაციები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ მიიღო ე.წ. აგრემანი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ოფიციალურად დანიშნული ელჩი, უკვე წარდგინება არის გაგზავნილი პრეზიდენტთან და თამარ ტალიაშვილი, რომელიც არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, იქნება დანიშნული ელჩის პოზიციაზე. რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არის აბსოლუტურად ცხადი - ჩვენ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება.

"ჩვენ პირველ რიგში ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე და უფრო მეტიც, ჩვენ ვაცხადებთ ღიად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ელჩის ამოცანაც, რომ დაარწმუნოს ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია.

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირებულებითი თანხვედრის პირობებში ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება სრულად წარმატებული ამ ბრძოლაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილიც აცხადებს, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ იქნება "მუშაობის მაღალი ტემპი იმისთვის, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს".

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულ შტატებში საქართველოს ეყოლება ელჩი. აგრემანი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციისგან ქალბატონმა ტალიაშვილმა მიიღო, სწორედ ამაზე მეტყველებს და ძალიან მალე, ეს პროცესი, პრეზიდენტის მხრიდან, დასრულდება. ქვეყანას ეყოლება შეერთებულ შტატებში შესაბამისი, დიპლომატიური, სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ელჩი. ეს გულისხმობს იმას, რომ უკვე საელჩოს მაღალ დონეზე იქნება სრული მზაობა და მუშაობის მაღალი ტემპი იმისთვის, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

"ამაზე მეტყველებს და ეს გამომდინარეობს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გამოხმაურებებიდან, წერილიდან, მოლოცვიდან, რომელიც პრეზიდენტმა ყაველაშვილმა მიიღო, იმ ღირებულებითი თანხვედრიდან, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ხელისუფლებას და ტრამპს და მის ადმინისტრაციას. ასე რომ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ მზად ვართ, ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე იყო დღემდე ე.წ. სტრატეგიულ ურთიერთობაში შეერთებულ შტატებთან.

"ეს ურთიერთობა უნდა იყოს ნამდვილი, რეალური, გაწერილი, გზამკვლევით უნდა იყოს ორიენტირებული ისე, რომ ორივე ერმა, ორივე სახელმწიფომ სტრატეგიული თვალსაზრისით, ნამდვილად მიიღოს არა მხოლოდ ურთიერთმხარდაჭერა, არამედ ის სიკეთეები, რაც მოჰყვება სტრატეგიულ ურთიერთობას. ამისთვის, ბუნებრივია, საქართველოს ახალი ელჩი, როდესაც ის ოფიციალურად დაინიშნება, აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×