
საქართველოს ხელისუფლება ღიად გამოხატავს ნატო-ს მიმართ იმედგაცრუებას და ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს შესაძლოა საფუძველის შემზადება იყოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმისთვის. თუმცა, კონსტიტუციაში არსებული ცნობილი ჩანაწერის გამო, პირდაპირ ამის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელი იქნება, კონსტიტუციის შესაცვლელად კი „ქართულ ოცნებას" პარლამენტში საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს.
„ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების თქმით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან მხოლოდ „ცარიელი სიტყვები" ისმის და ამას არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია ქვეყნის რეალური უსაფრთხოებისთვის. ეს იყო პასუხი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება სამხედრო ბლოკის წევრი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი მთავრობის დადგენილებით, 1-ლი ივლისიდან საქართველოში უქმდება „საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ". ამ გადაწყვეტილების მიღება და ნატო-სთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ორ კვირაში, 24-25 ივნისს, ჰააგაში ნატო-ს სამიტია დაგეგმილი.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ხელისუფლების ეს გზავნილები შეიძლება იყოს მინიშნება იმაზე, რომ „ოცნებას" სურს ნატო-სკენ მისწრაფებაზე უარი თქვას და საერთოდაც გაწყვიტოს მასთან კავშირი, თუმცა ოფიციალურ დონეზე ეს და მათ შორის ნეიტრალური სტატუსის განხილვაც ნაკლებ სავარაუდოა, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს გამოხატავს და ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციითვის.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მთავარი მიზეზი პრემიერ კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული ცნობილი განცხადება გახდა, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველო თავად არ მოახდენდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის ინიცირებას 2028 წლამდე. ნატო-სთან დაკავშირებით მსგავსი განცხადების გაკეთების შემთხვევაში, ანალიტიკოსები პროტესტის ახალ მძლავრ ტალღას ფატობრივად გამორიცხავენ.
რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ნაწილი ანალიტიკსოებისა მიიჩნევს, რომ ნატო-ზე უარის თქმა ხელ-ფეხს გაუხსნის რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთან დაკავშირებით თავისი გეგმების განსახორციელებლად; ნაწილი კი პირიქით ფიქრობს, რომ ამით საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიულ გეგმებს საფუძველი გამოეცლება.
ხელისუფლების გზავნილები
პარლამენტის თავმჯომარე სალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მთელი თაობა დაიბადა და გაიზარდა ისე, რომ საპასუხოდ ნატო--ს მხრიდან „მხოლოდ სიტყვები გვაქვს და არ გვაქვს არც მაპ-თან (ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) დაკავშირებული და არც სხვა გადაწყვეტილება, რომელიც გვაჩვენებდა, რომ ამ სიტყვების უკან დგას ქმედითი გადაწყვეტილება და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები".
„ჩვენი მხრიდან რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ჩვენი სანდო პარტნიორობა, საქართველოს მნიშვნელობა ნატო-სთვის და ნატო-ს მნიშვნელობა საქართველოსთვის გვეჩვენებინა, ჩვენ ეს ყველაფერი ვაჩვენეთ, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ სიტყვებს ვხვდებით და ამგვარ განცხადებებს, რომელიც, თუ არ ვცდები, ნატო-ს ადგილობრივი ოფისის მხრიდან გავრცელდა.
„განცხადება კარგია, მაგრამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავს და ეს ჩვენ უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, რომლის მიმართ ბევრი განცხადება კეთდება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველა ხვდება, რომ ნატო-ს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა განცხადებები ნატო-ს ოფისების მხრიდან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.
„ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს დიდწილად დამოკიდებულია როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პოზიციებზე. ბუნებრივია, ცალმხრივად ამ პროცესის წარმოჩენა არასწორია და არ არის მართებული. ეს არ არის პროცესი, რომელიც მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული. დიდწილად ეს არის დამოკიდებული ევროკავშირისა და ნატო-ს მხარეზე", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
რაზე მიანიშნებს „ოცნების" განცხადებები
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ „ოცნება" ნატო-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებზე უარის თქმისთვის საფუძველს ამზადებდეს, თუმცა ნეიტრალური სტატუსის გამოცხადების საკითხი მხოლოდ მმართველი პარტიის ნება-სურვილზე არაა.
„ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია, მისი პოლიტიკა პირდაპირ უპირისპირდება იმას, რასაც დასავლეთი - ევროპა და ამერიკა ჰქვია. დიდი ხანია ამ სტრუქტურებიდან გათიშვის პოლიტიკას აწარმოებენ. ჩვენ ფაქტიურად იმის ყოველგვარი პერსპექტივა დავკარგეთ, ამ ეტაპზე მაინც, რომ ევროკავშირის წევრი გავხდებით. ის კი არა, ვიზალიბერალიზაციის საკითხი დგას დღის წესრიგში.
„განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება და რა მოთხოვნებიც რუსეთს აქვს არა მარტო უკრაინასთან მიმართებაში, არ გამოვრიცხავ და დიდი ალბათობით ასეა, რომ ხელისუფლება ემზადებოდეს იმისთვის, რომ ნატო-სთან ყოველგვარი კავშირი შეწვიტოს.
„რაც შეეხება ნეიტრალურ სტატუსს, ამის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებაზე და მათ სურვილზე არაა დამოკიდებული. ჯერ ერთი, სამეზობლოში არც ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს და მერე - ნეიტრალურ სტატუსს თუ აცხადებ, რა ტერიტორიაზე აცხადებ, რა ხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებაში?! მოკლედ ბევრი ფაქტორებია. ასე რომ, ჯერჯერობით შესაძლოა იყოს ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, რომ აი, ნატო-სთან ურთიერთობა გავწყვიტოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ უსაფრთხოების თემები ასე უფრო ნორმალურად გვაქვს, ვიდრე ნატო-ს ქოლგის ქვეშ ყოფნით", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „ოცნების" განცხადების პათოსს იზიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის 78-ე მუხლს ვერ გააუქმებს.
„ეს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაწერილია და ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი, რადგან მაშინდელი ოპოზიციისგან არავითარი ზეწოლა არ იყო, „ოცნებამ" თავისი ინიციატივით ჩაწერა. მაგრამ მე მთლიანად ვიზიარებ ახლანდელ განცხადებებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად ნატო-ს მხრიდან არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა. პირიქით, საქართველო სააკაშვილის დროს ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში განსაკუთრებით დიდ კონტინგენტს აგზავნიდა და მსხვერპლი საკმაოდ დიდი იყო.
„ნატო-სთან ურთიერთობა სიტყვიერ დონეზეა და მეტი არაფერი. ეს მხოლოდ რუსეთის აგრესიულ წრეებს ეხმარებოდა, რომ აი, ნატო-სკენ ისწრაფვიანო.
„პუტინის მორჩილი და სასარგებლო იდიოტი სააკაშვილისა და ბიძამისის ხელში ნატო- იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ პირიქით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება განადგურებულიყო. ახლა ასე არაა, მაგრამ არც არაფერი გაკეთებულა.
„ნატო-ზე ოფიციალური უარის სათქმელად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაც კი არ შეუძლიათ, რადგან ამას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება - ხმების სამი მეოთხედი. აქ ეს გამორიცხულია", - განაცხადა მამრაძემ.
კითხვაზე, ოფიციალურ დონეზე თუ არა, კავშირების მთლიანად გაწყვეტაზე თუ წავა „ოცნება", ანალიტიკოსმა გვითხრა:
„არ მგონია ამაზე წავიდნენ. კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ითქვა, რომ ჩვენი დავალება შესრულებული გვაქვს და ახლა ბურთი ნატო-ს მოედანზეა. ამ დროს მონტენეგრო მიიღეს. დასავლური პრესა და ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს საქართველოსთვის სილის გაწვნა იყო, რადგან მონტენეგრო შეუდარებლად დაბლა დგას ნატო-ს სტანდარტებით, ვიდრე საქართველო, რომელიც თავისი მომზადებით ალიანსის არერთ ქვეყანას უსწრებს. სიმართლეს ვერავინ ამბობდა, რომ როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული რუსეთის მიერ, რომელიც გაეროს უშიშროების მუდმივი წვერია თავისი ვეტოს უფლებით და მეტიც, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობს, მძლავრი ბაზები აქვს განლაგებული და დედაქალაქიდან 30 კმ-ში ტანკები და რაკეტები დგანან, ამ დროს ნატო არც კი გაიფიქრებს ჩვენზე. მახსოვს კონფერენციაზე ოფიციალურად ყვიროდა პოლკოვნიკი დევიდ სმიტი - „არასდროსო", მაგრამ ამას საჯაროდ იშვიათად ამბობენ.
„2014 წელს ობამამ გააკეთა განცხადება და გადაგვარჩინა, რომ არც უკრაინა და არც საქართველო არ დგანან იმ გზაზე, რომელმაც შეიძლება ნატო-ში მიიყვანოს. სჯერდებიან იმას, რომ ბუქარესტის სამიტის ერთგულები ვართო, რომელმაც მაშინ საქართველოს საშინელი დარტყმა მიაყენა", - განაცხადა მამრაძემ.
პოლიტიკური შედეგები
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნატო-ზე უარის თქმის შემთხვევაში, ოპოზიციურად განწყობილი ხალხის უკმაყოფილება კი მოჰყვება, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ბიძგი მძლავრი ტალღის ასაგორებლად.
„ჩვენთან ახლა პრობლემაა არა ის, რომ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და გნებავთ ექსპერტები რას იტყვიან, არამედ ის, რომ ამ ნაბიჯს და ნათქვამს მოჰყვება თუ არა სერიოზული საპროტესტო მოძრაობა და იქნება თუ არა ეს ბიძგი ახალი დიდი საპროტესტო ტალღის ასაგორებლად. ამ ეტაპზე მგონია, რომ ეს მთლად ასე არ იქნება. კი, ყველა იტყვის, რომ ეს არის ცუდი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ოპიზიციურ საზოგადოებაში არ არის ისეთი რადიკალური განწყობები, რომ ხელისუფლებიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს რაღაც სერიოზული პროტესტი მოყვეს.
„ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ არა. ოპოზიციამ ყველაფერი „გააკეთა" იმისთვის, რომ ეს საზოგადოება მეტ-ნაკლებად ოპოზიციურად დარჩა, მაგრამ პროცესებიდან მოხდა მისი გარიყვა. ახლაც ისეთ რამეებზე მსჯელობენ, ფიქრობენ და აკეთებენ, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვთ", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციისგან პროტესტი მოსალოდნელია.
„დიდი ალბათობით, „ნაცები" ყვირილს დაიწყებენ, რომ აი, კრემლის კიდევ ერთი ბრძანება სრულდება, რუსული ხელისუფლება რეებს აკეთებს და ა.შ., რაც ტყუილია. იმას კი არ ამბობენ, სააკაშვილმა თავის დროზე რაც თქვა - რომ აწი აღარასდროს არ მიიღებენ საქართველოს ნატო-შიო. მისმა რეჟიმმა ნატო-სკენ გზა საერთოდ ჩაურაზა საქართველოს და სხვათა შორის, ევროკავშირთანაც იგივე ქნეს.
უსაფრთხოების საკითხი
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსზე უარის თქმა გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს თავისი გეგმები განხორციელების საშუალებას მისცემს.
„ქვეყნის უსაფრთხოების მხრივ ამ ეტაპზე არც არაფერი იქნება, მაგრამ ეს იქნება რუსეთისთვის მიცემული დრო, რომ როცა მოუნდება და ჩათვლის რომ მზად არის, ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია მოახდინოს. დღეს ჩვენ თუ რეალური საფრთხე გვემუქრება, სწორედ რუსეთისგანაა. ცალსახაა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის უკანა ეზო ვრჩებით, მაგრამ პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება" აწარმოებს, ისედაც აქეთ მიდის, რომ რუსეთის უკანა ეზოდ ვრჩებით", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
პეტრე მამრაძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა რუსეთის მხრიდან მუქარის ზრდის საფუძველი იყო და ამის დასაბალანსებლად თავად ნაქტოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ იდგმებოდა.
„რაც შეეხება უსაფრთხოებას, კრემლი ყოველთვის ხელებს იფშვნეტდა იმაზე, რომ აი, ნატო-მ წვრთნა ჩაატარა, ამაზე პასუხი მოგვიწევს და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ მუქარა იზრდებოდა და უსაფრთხოებოს გასაძლიერებლად არავითარი ნაბიჯი არ ყოფილა. 2008 წლიდან ათი წლის თავზე აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას უფლება მისცა, რომ „ჯაველინები" შეესყიდა, მანამდე გრამი შეიარაღება არ შემოსულა. არ შეიძლება ისეთ ქვეყანას მისცე შეიარაღება, რომელსაც შეუძლია ისეთი პროვოკაცია მოაწყოს, როგორიც საკაშვილმა 2008 წელს მოაწყოო - ამბობდნენ მაშინ სენატო-რებიც და სხვებიც.
„შემდეგ, როდესაც მიხვდნენ, რომ „ოცნების" სტაბილური ხელისუფლებაა, „ჯაველინები" კი არ გვაჩუქეს, არამედ შესყიდვის უფლება მოგვცეს და დაახლოებით 180 მილიონი დოლარი დაიხარჯა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.