ნატალია ჯვარიძე
10.06.2025

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა („ეფ-ეს-ბემ") სოხუმის აეროპორტის თანამშრომელი დააკავა, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის მუშაობდა. რუსული მედიის ცნობით, დაკავებული გეგმავდა უკრაინისთვის აეროპორტის და მიმდებარე დახურული ავტოსადგომის გეგმა-სქემის გადაცემას უკრაინული დაზვერვისათვის. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია აფხაზეთში უკრაინის დაზვერვის სავარაუდო ინტერესებს განიხილავს და ამბობს, რომ აფხაზეთში ხალხის უკმაყოფილება უკვე შეინიშნება.

მაისაიას თქმით, ეს უკმაყოფილება პირველ რიგში იმას უკავშირდება, რომ კრემლი აფხაზეთის მოსახლეობასა და აფხაზეთის ტერიტორიას სულ უფრო აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, რასაც შესაძლოა კონკრეტული შედეგები მოყვეს.

„სხვათა შორის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. მაღალჩინოსანი აცხადებდა, რომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო აფხაზეთმა უკრაინის ომში და უკმაყოფილებას გამოთქვამდა. რა თქმა უნდა, უკრაინას საკმაოდ სერიოზული საბაბი აქვს, რომ დაინტერესებული იყოს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რუსული მედია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ „ეფ-ეს-ბეს" თანამშრომლებმა, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინჟინრო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა.

დაკავებული 1980 წელსაა დაბადებული და ის რუსეთის მოქალაქეა. რუსული დაზვერვის ოფიციალური ცნობით, დადგინდა, რომ იგი კონფიდენციალურ თანამშრომლობას აწარმოებდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელთან, რომლის დავალებითაც მან უკრაინულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია იმ სამუშაოს ხასიათის შესახებ, რომელსაც ასრულებდა სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ის საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტად ირიცხებოდა.

მათივე ცნობით, დაკავებული გეგმავდა უკკრაინისთვის აეროპორტის და მიმდებარე დახურული ავტოსადგომის გეგმა-სქემის გადაცემას, რომელიც ოფიციალური საერთაშორისო დელეგაციების მისაღებად გამოიყენება.

„გეგმა შესაძლოა გამოყენებულიყო ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩადების გზით. დაკითხვის დროს მან აღიარა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო დირექტორატთან თანამშრომლობა, რომ მიაწოდა ინფორმაცია შესრულებული დავალებების და მისთვის დაკისრებული დავალებების შინაარსის შესახებ, რომელიც ეხებოდა რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მიერ რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას", - აცხადებენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში.

ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით აღძრა.

რა ინტერესები აქვს უკრაინულ დაზვერვას აფხაზეთში

ვახტანგ მაისაიას აზრით, უკრაინის დაზვერვას ბევრი მიზეზი აქვს იმისათვის, რომ ასეთი ქმედებები განახორციელოს აფხაზეთის ტერიტორიაზე.

„რა თქმა უნდა, უკრაინას საკმაოდ სერიოზული საბაბი აქვს, რომ დაინტერესებული იყოს. ჯერ ერთი, აფხაზეთი გადაქცეულია დაქირავებული მებრძოლების მომზადებისა და მათი შეგროვების მთავარ ლოჯისტიკურ ჰაბად, რომელიც შემდეგ უკვე პირდაპირ ურტყამს უკრაინის სამხედრო ინტერესებს. მეორეც, შავი ზღვის ფლოტის გარკვეული ნაწილი არის გადმოსროლილი, როგორც მე ვიცი, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვაო აკვადორიაში.

„მესამე, არის კიდევ ის ვარიანტი, რომ შესაძლებელია ოჩამჩირის სამხედრო საზღვაო ბაზაზე, რომელიც ზოგს ჰგონია სამშვიდობო, თუმცა ეს სამხედროა, განათავსონ წყალქვეშა საბრძოლო ნავები. მეოთხე, რუსულმა საზღვაო სპეცდანიშნულების რაზმმა მოახდინა ერთ-ერთი საზღვაო საკომუნიკაციო სისტემის განადგურება და გამორიცხული არ არის, რომ ამისთვის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიოტორია გამოიყენეს.

„ასე რომ, უკრაინის სამხედრო დაზვერვას სერიოზული ინტერესი აქვს. მითუმეტეს, ახლა სოხუმში აეროპორტი გაიხსნა, რაც არაკანონიერია. იქ რას ჩაიტანენ რუსი ოკუპანტები და რას ჩაიდენენ, არავინ იცის. ამიტომ მე არ მიკვირს, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა ახორციელებს რაიმე კონკრეტულ ქმედებას", - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×