
აშშ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, ოფიციალური ვაშინგტონი აშშ-ის საქართველოს ახალ ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურას დათანხმდა. თან მომავალმა ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტისაგან აგრემანი სავარაუდოდ იმ დღეს მიიღო, როდესაც საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ არის და აშშ-საქართველოს ურთიერთობებში პირველი პოზიტიური ნაბიჯები იდგმევა. ნაწილი კი ამ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„არანაირი გადატვირთვა და საერთოდ ეს ტერმინი ამერიკასთან ურთიერთობაში სრულიად წარმოუდგენელია, ეს არ მოხდება", - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით კი, ეს შეიძლება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის თუ არა, ნორმალიზების პროცესის დასაწყისი გახდეს:
„ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში პირველი პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, რადგან აშშ-ის ხელისუფლებას შეეძლო ეს არ გაეკეთებინა. შესაბამისად, ამ მხრივ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ - ეს არის პატარა ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვა შეიძლება არა, მაგრამ გარკვეულწილად ნორმალიზების პროცესი დაიწყოს".
მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს დასანიშნად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა 10 ივლისიდან უნდა დაიკავოს.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს წარდგენილ ელჩს აგრემანი გადასცა, რომელიც თამარ ტალიაშვილმა სწორედ იმ დღეს მიიღო, როდესაც რობინ დანიგანი გადადგა.
თამარ ტალიაშვილი იყო თბილისის საკრებულოს წევრი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე; 2017 წლიდან - საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; 2018 წლიდან ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი; 2020-2022 წლებში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". 2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლების თანხმობა ახალი ელჩის კანდიდატურაზე აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის იმედს იძლევა.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი არის და ჩვენ კვლავ ერთგული ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც უკვე რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ - რომ ჩვენ გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე. ასე რომ, ქალბატონი თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი, ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა და მიხარია, რომ ის იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის ეს „კარგი მომენტია".
„ელჩის დანიშვნა, წარგზავნა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. დასრულდა პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა თამარ ტალიაშვილის დანიშვნას. ჩვენ 4 ივნისს მივიღეთ საბოლოოდ აგრემანი აშშ-დან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უმოკლეს დროში ელჩი ჩავიდეს ვაშინგტონში და დაიწყოს მუშაობა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკის მხრიდან აგრემანის გაცემაც ჩვენთვის სასიხარულოა, რადგან ჩვენ მიერ წარდგენილი, შეთავაზებული კანდიდატი მათთვის მისაღები იყო და დადასტურდა. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთხელ კარგი მომენტი, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებს შევხედოთ ახალი ფურცლიდან, ახალი თვალით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დაიწყო თუ არა ურთიერთობების გადატვირთვა
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში პირველი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა.
„რამდენადაც მე ვიცი, ელჩმა ამერიკის ხელისუფლებისგან აგრემანი უკვე მიიღო, რაც თაისთავად ნიშნავს იმას, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში პირველი პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, რადგან აშშ-ს ხელისუფლებას შეეძლო ეს არ გაეკეთებინა. შესაბამისად, ამ მხრივ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის პატარა ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვა შეიძლება არა, მაგრამ გარკვეულწილად ნორმალიზების პროცესი დაიწყოს. დანარჩენს ვნახავთ იმის კვალობაზე, რა პოლიტიკას გაატარებს აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც საგარეო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი. ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ გარკვეულწილად გაფანტოს ის ეჭვები, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება არსებობდეს იქ და ის მემკვიდრეობა დაძლიოს, რაც ახალ ადმინისტრაციას გადმოჰყვა ბაიდენის ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში.
„მარკო რუბიოს სენატში გამოსვლას თუ მოუსმინეთ, მან თქვა, რომ ჩვენ შევისწავლით საკითხს, არის თუ არა საქართველოში ანტიამერიკული მთავრობა. როგორც ჩანს, იქ რაღაც განცდები და აღქმები არსებობს ამის თაობაზე. შესაბამისად, საჭიროა ორმხრივი მუშაობა როგორც მათგან, რომ გაიგონ სიმართლე, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში, ასევე აქედან, რათა მათთან მიიტანონ ალტერნატიული ინფორმაცია. ჩემი აზრით, ჯერჯერობით მათთან მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია მიდის", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
დავით ზურაბიშვილის აზრით კი, ელჩის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთვება.
„არანაირი გადატვირთვა და საერთოდ, ეს ტერმინი ამერიკასთან ურთიერთობაში სრულიად წარმოუდგენელია, ეს არ მოხდება. მე ქალბატონ ტალიაშილს პირადად ვიცნობ და საკმაოდ კარგად. ის იქნება აბსოლუტურად უსიტყვო შემსრულებელი ყველაფრის, რასაც ირაკლი კობახიძე დაავალებს. აი, რომ უთხრას აღმა დაიწყე სიარული, ის ეტყვის - კი, ბატონოო. ანუ ჩათვალეთ, რომ ხელისუფლებისგან რაღაც დამოუკიდებელი, განსხვავებული შეხედულებების მაგვარი თუნდაც კულუარულ დონეზე მას არ ექნება. მოკლედ, სრული მონა-მორჩილი იქნება. აქ სხვა მეტი არაფერია.
„ტალიაშილი დასანქცირებული არ ყოფილა და ამერიკა არ დაიწყდება ახლა - ის არ დანიშნოთ, ეს არაო და ა.შ. ეს ჩვენი ხელისუფლების გადასაწყვეტია. ამერიკის ელჩის წასვლასთან ეს ფაქტი არავითარ კავშირში არ არის", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანთან".