ნაზი ბერიძე
20.09.2023

შეხლა-შემოხლის და ურთიერთბრალდებების ფონზე ოთხშაბათს საკანონმდებლო ორგანოში დაძაბული ვითარება იყო. კონფლიქტების სერია დილიდან დაიწყო. მიზეზი სებ-ის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ამერიკის მიერ ეფესბეს აგენტად მიჩნეულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. ოპოზიცია სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას იმპიჩმენტს ითხოვდა.

წულუკიანის გამოსვლა

თეა წულუკიანს რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში მივიდა, პროტესტის ფონზე მოუწია გამოსვლა. მას ოპოზიციონერმა ქალებმა - თინა ბოკუჩავამ, ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და სალომე სამადაშვილმა აქცია ტრიბუნასთან მოუწყვეს, სადაც საგანგებოდ მომზადებული პლაკატი გაშალეს - „ქართული ოცნების" დროშაზე წარწერით: „Русский военный корабль иди н..уй!"

„თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ამათ [ოპოზიციას] ტელევიზიები აქვთ დაპყრობილი წივილით, თავიანთ ტელევიზიებზე ვამბობ, კივილით და ვერ ინელებენ, ვერ ეგუებიან იმას, რომ კულტურის სამინისტროში შეიცვალა მიდგომები. კულტურის სამინისტროში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად შეიცვალა ის, რომ მე რითაც ვარ ცნობილი, იმას ვაგრძელებ. მე ვერ ვიტან თხოვნებს, ვერ ვიტან ჩაწყობას. როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს რაღაც არ ეკუთვნის, ეს მაღიზიანებს, სულ რომ ეს ადამიანი იყოს ჩემი სისხლი და ხორცი. მე დღეს ძალიან ბევრი ჩემი სისხლი და ხორცი მყავს განაწყენებული და მგონია რომ ეს ძალიან კარგია. აი, ასე მოუხდება ყველას.

„რატომ?! იმიტომ რომ ეს სამინისტრო არ არის ჩემი, ეს სამინისტრო არის სახელმწიფოსი და ეს სახელმწიფო ძლივს შეიქმნა. ეს სახელმწიფო რომ ძლივს შეიქმნა და ამ სახელმწიფოს შექმნაში რომ ქართველი გოგოების სისხლი დევს, რომელიც ამ შენობის წინ დაიღვარა, ჩვენ გვაქვს ელემენტარული პასუხისმგებლობა, ცოტა უფრო დიდ გოგოებს, რომ მოვიქცეთ წესიერად და მე ვცდილობ, მოვიქცე წესიერად და ამ წესიერად ქცევის მცდელობაში ხელს ვერავინ ვერ შემიშლის.

„ესენი არიან უკმაყოფილო იმით, რომ აღარ არიან გაპარპაშებული და რომ არავის აღარ ეშინია მათი. მე არ მეშინია კრიტიკის, არ მეშინია ლანძღვის. მეძახონ უკულტურო, მეძახონ გაუნათლებელი, მე არ მაქვს არავითარი პრობლემა. მესმის, რომ ნორმალური ადამიანები ამაზე ნერვიულობენ. მე ამაზე არ ვნერვიულობ, ამას ვამბობ ღიად. ამიტომ, ვინაიდან მე არ ვნერვიულობ იმაზე, რომ მლანძღავენ და ამ მხრივ არ ვარ ნორმალური, გთხოვთ, ნუ შეწუხდებით ჩემი ლანძღვისთვის. ვერაფერ შედეგს ეს ვერ მოიტანს," - თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

ბრალდება პრორუსულობაზე

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. სხდომას ესწრებოდა დეპუტატი არმაზ ახვლედიანი, ასევე „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატები ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს უარი უთხრა პოლიტიკურ დებატებზე ოთარ ფარცხალაძის საკითხთან დაკავშირებით და თქვა, რომ დადგენილს დღის წესრიგს მიჰყვებოდნენ. ამას უმალ დაპირისპირება მოჰყვა. გააძევეს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

„რუსო" - ამ შეძახილებით შეაწყვეტინა ირაკლი კობახიძეს ბრიფინგი ოპოზიციამ. პარლამენტის ფოიეში ვითარება უკიდურესად დაძაბა. „კობახიძე, შენ ხარ რუსის ჯაშუში" - მიმართა ანი წითლიძემ ოცნების თავმჯდომარეს. კობახიძეს წითლიძისგან ჯერ რიმა ბერაძე იცავდა, შემდეგ კი მანდატურებიანად კობახიძეს „ოცნების" სხვა წევრებიც გადაეფარნენ. „ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კი პასუხად წითლიძეს „ამერიკის ჯაშუშს" ეძახდა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი კობახიძემ მომხდარი დაპირისპირების შედეგ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ განცხადებები გააკეთეს.

„ქალთან ვერ შევალ პოლემიკაში, ასეთი წესია. შეიძლება, სექსისტურია ეს განცხადება, მაგრამ ქალთან მგონი ჩემგან არ არის სწორი, რომ შევიდე მასთან რაღაცა პოლემიკაში და არ შევდივარ მასთან არანაირ დაპირისპირებაში და ამით სარგებლობენ," - განაცხადა კობახიძემ ანი წითლიძეზე მას შემდეგ, რაც ენმ-ს დეპუტატმა მას ჟურნალისტებთან განცხადების გაკეთებაში ხელი შეუშალა და „რუსეთის ჯაშუში" უწოდა.

პაპუაშვილი ქალი დეპუტატების მიერ წულუკიანის მიმართ გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა.

„ეს არის დისკრედიტაცია, მათ შორის ქალის როლის პარლამენტში, როდესაც მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული, ეს არის ისტერია, ეს არის რადიკალიზმი, ეს არის აბსოლუტური შელახვა ადამიანების ღირსებისა. ქალი დეპუტატების გამოისობით ხდება ისეთი აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში შეუძლია მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი," - ამბობს პაპუაშვილი.

ფარცხალაძე და აგენტების პრობლემა

„რა იცი ბიჭო, [ოთარ ფარცხალაძე] აგენტი რომაა, დადე მტკიცებულება," - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, „მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილს.

„რა იცი, ბიჭო, აგენტი რომაა, რა იცი? დადე მტკიცებულება! იმათმა დადონ მტკიცებულება, ვინც დაასანქცირა. მომცენ მტკიცებულებები და გამოვიძიებო ეუბნებიან. მტკიცებულებები მომეციო ეხვეწებიან და არ აძლევენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა მდინარაძეს სთხოვა კონტრდაზვერვის სისტემასთან წვდომის უფლების მიცემა, ოთარ ფარცხალაძის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

„შენ მეუბნები, რომ არ არის ოთარ ფარცხალაძე აგენტი, მე გეუბნები, რომ აგენტია. მიმიშვი კონტრდაზვერვაში და დაგიდებ მტკიცებულებას! „კაი" კაცია? არაა აგენტი? ნუ მიყვირი მამუკა! „ნაციონალებში" ნუ შეგეშლები, რა! მე არც „ნაციონალები" მადარდებს, არც მიშა, არც გრიშა და არც რევოლუციის გეგმა, მე ჩემი საქართველო მადარდებს. მოდი, მოვიწვიოთ სუს-ის უფროსი", - აღნიშნა ელისაშვილმა.

დაპირისპირება ვერბალური მეთოდებით არ შემოფარგლულა. იყო გაწევ-გამოწევაც, რომელიც ალაგ-ალაგ ჩხუბში გადაიზარდა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, როგორც ვიცი, გაილახა გიორგი ვაშაძეო.

„მე როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც,ძალიან ცუდია, ეს არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ, ასეთი პროცესები წავიდეს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წვერებს თავშეკავებისკენ, რთულია ადეიშვილის მოადგილე რომ გეძახის რუსს და პასუხი არ უნდა გასცე, რა თქმა უნდა რთულია," - თქვა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×