ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს იწყებს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. „ოცნებას" მიაჩნია, რომ პროტესტი „პანიკის შექმნას ემსახურება", რომ საზოგადოებაში საბანკი სექტორის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება შეიქმნას. ექნება თუ არა აქციებს განგრძობითი ხასიათი და იქნება თუ არა ეს მასობრივი, ანალიტიკოსთა შეხედულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მზად არის შესაბამისი დასკვნის მიღების შემთხვევაში, ყოფილ მთავარ პროკურორს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტოს. ნაწილი ანალიტიკოსებისა ფიქრობს, რომ სჯობს ოპოზიცია ამ დასკვნას დაელოდოს და პროტესტის გეგმები ისე დასახოს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევასი გამოსვლები განგრძობითიც იქნება და მასობრივიც.
ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს თანამშრომლები ტოვებენ, მანამდე სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა".
საქართველოს ორი უმსხვილესი კომერციული ბანკი - „საქართველოს ბანკი" და „თიბისი ბანკი" - აცხადებენ, რომ იცავდნენ და დაიცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო სანქციებით დაწესებულ რეგულაციებს. „ლიბერთიც" „რადიო თავისუფლებასთან" აცხადებს, რომ ფარცხალაძე ამ ეტაპზე მათი კლიენტი არ არის და სანქციების დაწესების მომენტშიც არ ყოფილა.
„აქციები და საერთო პროტესტი! ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ანტიეროვნული ქმედების წინააღმდეგ ერთად ბრძოლაა საჭირო!" - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით სებ-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, რუსული კრიმინალური მმართველობა საქართველოში არ იქნება.
„ვიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან, ვისთვისაც ქვეყნის დასავლური მომავალი მნიშვნელოვანია!" - აცხადებს ხაზარაძე.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კი ნათია თურნავას ბრძანების შემდეგ ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ აქცია პანიკის შექმნას ემსახურება და „მთავარი თემაა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს, და ამისთვის ოპოზიცია ნებისმიერ საკითხს გამოიყენებს".
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სანქციები დაუწესდეს? - ვოლსკი ამბობს, რომ „არ სურს, ჰქონდეს რწმენა, რომ საქართველოს მიმართ ვინმემ შეიძლება არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს".
„გამოვრიცხავ იმას, რომ უსამართლოდ მოგექცევა ვინმე მაშინ, როცა ასეთი სერიოზული საკითხია. არ მინდა ასეთი რწმენა მქონდეს, რომ საქართველოს მიმართ ვინმემ შეიძლება არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ თქვენ და ნებისმიერი სხვა ეცდება საბანკო სექტორის მიმართ გაჩნდეს ისეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში, რომ შეიქმნას პანიკა და ამ პანიკის შექმნას ემსახურება ყველა აქცია, რომელსაც თქვენ გეგმავთ," - განაცხადა ვოლსკიმ.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს „რეზონანსთან" ეეჭვება, რომ ოპოზიციამ სანქციების ტემაზე საპროტესტო აქციების აგორება შეძლოს, ანალიტიკოსი რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
„ძალიან მეეჭვება, რომ ოპოზიციამ ამ თემაზე საპროტესტო მოძრაობის გაშლა მოახერხოს და ამას განგრძობითი ხასიათი მიეცეს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი პირველი ისაა, რომ მოსახლოება ოპოზიციის საპროტესტო აქციებს ნაკლებად ენდობა და მეორე, ამერიკული სანქციების მიმართ გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულებაა გაჩენილი, არა იმიტომ, რომ ფარცხალაძის მომხრეები არიან.
„ფარცხალაძე ქართულ სინამდვილეში იმთავითვე ნეგატიური ფიგურა იყო, მაგრამ გარკვეულ წრეებში სანქციების პათოსით ასეთი აღტყინება შეიძლება არ იყოს და გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულებაც არსებობს. ბევრს აქვს იმის განცდა, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ გარკვეული უსამართლო ნაბიჯები იდგმება. ეს ნიშნავს, რომ საპროტესტო გამოსვლებში ასეთი ხალხი მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთანავე ალბათ სუს-ის გაფრთხილებაც ალბათ იმოქმედებს იმაზე, აყვება თუ არა საზოგადოების ფართო ფენები ოპოზიციის აქციებს.
„ბევრი რამ ჯერ პროცესშია და ოპოზიცია მემგონი ცოტა ჩქარობს, რადგან პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ თუ გაირკვევა, რომ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე უკანონოდაა, მაშინ მზად ვარო, რომ მოაქალაქეობა მოვუხსნაო. თუკი პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა მოუხსნა, მაშინ სანქციები ამუშავდება.
„სასურველია, რომ პროცესებს დაველოდოთ, გაჟღერებით ყველა საპროტესტო მოწოდება გაჟღერდა, შინაარსი გასაგებია, მაგრამ იმიტომ პრომ პროცესი ბილომდე მიყვანილი არაა, შესაძლოა კიდევ ერთ-ერთი მიზეზი გახდეს იმისა, რომ ამ საპროტესტო აქციებს მომხრეები ნაკლები ჰყავდეს. თუკი ოპოზიცია პროცესს ბოლომდე დაელოდება და პროტესტს უფრო მკაფიო შინაარსი ექნება, თუნდაც თურნავას იმპიჩმენტი, ან სხვა ამდაგვარი, ალბათ უფრო სწორი იქნება თავად აქციების ორგანიზაციის თვალსაზრისით", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
განსხვავებული მოსაზრება აქვს შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს, მას მიაჩნია, რომ ოპოზიციის აქციები განგრძობითიც იქნება და ხალხმრავალიც.
„მგონია, რომ აქციებზე ბევრი ადამიანი გამოვა, რადგან წინა წელს 8-9 მარტს დვინახეთ, რომ დასავლეთის თემაზე დიდი პროტესტი იყო. ახლაც საკითხი მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას და ფარცხალაძეს არ ეხება, საფრთხე ქვეყანას ექმნება. ამას წინ უძღვოდა კორუფციული სკანდალები. თან შემოდგომა პოლიტიკურად შედარებით უფრო აქტიურია. პარლამენტში სხდომაც დაპირისპირებით გაიხსნა. ჩემი აზრით, პროტესტს განგრძობითი ხასიათი ექნება, ოღონდ ოპოზიციამ მოსახლეობასთან უნდა იმუშავოს და ხალხს აუხსნას რა ხდება და „ოცნება" რას აკეთებს.
„თუ ეროვნულმა ბანკმა საანქციების პირობები დაარღვია, ბუნებრივია ეს დასავლეთი საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე აისახება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".