ნაზი ბერიძე
24.03.2023

ენმ-ის ახალი მენეჯმენტი ცდილობს, არამხარდამჭერი დეპუტატები ან თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს ან, უფრო უკეთესი, საერთოდ ჩამოაშოროს პარტიას, და თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ამას შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის" გახლეჩა მოჰყვეს, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებტან დაკავშირებით.

რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძესთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ბაჩუკი ქარდავამაც შეიძლება დატოვოს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პარტიის ხელმძღავნელობა „ახალი ვერტიკალის ჩამოყალიბებაზე" მუშაობს.

როგორც ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, თუკი ფრაქციიდან წავა, პარლამენტში მანდატს მაინც შეინარჩუნებს. ის წასვლის მთავარ მიზეზად ბოიკოტს ასახელებს. „თუ „ნაციონალური მოძრაობა" იგივე რეჟიმში დარჩება, მე პარლამენტში მუშაობას ისე გავაგრძელებ, როგორც სწორად მიმაჩნია, ბოიკოტის შეწყვეტას ვგულისხმობ" - განაცხადა ქარდავამ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" რღვევის პროცესი შეიძლება გაგრძელდეს.

„პარტიის რღვევის პროცესი რომ დაიწყო, ფაქტია. ჯერ რომან გოცირიძემ დატოვა პარტია, შემდეგ ხატია დეკანოიძემ. ახლა ბაჩუკი ქარდავა ტოვებს. ეს არის გამოძახილი იმ პოლიტიკისა, რასაც ატარებს პარტიის ახალი ხელმძღვანელობა. უფრო სწორად, ხდება ახალი ვერტიკალის ჩამოყალიბება და ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს, ის ადამიანები, რომლებიც მისი მხარდამჭერები არ არიან, ნელ-ნელა ჩამოიშორონ გზიდან. ყველაზე კარგი საშუალება იქნება, თუკი ისინი პარტიას დატოვებენ. პრინციპში ამ მიმართულებით მუშაობს დღეს „ნაციონალური მოძრაობის" ახალი ხელისუფლება. ეს პროცესი ალბათ გაგრძელდება, ვინც გაიმარჯვა, ის ცდილობს ჩამოაყალიბოს ახალი ვერტიკალი ყველა დონეზე.

„პარტიის ლიდერები ცდილობენ, არამხარდამჭერი დეპუტატები, ან თამაშგარე მდგომარეობაში დატოვონ, ან უფრო უკეთესი, საერთოდ ჩამოაშორონ პარტიას. ჯერჯერობით ეს პროცესი მიდის მოძრაობაში, რაც შეიძლება გაგრძელდეს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ნაციონალური მოძრაობის გახლეჩა. ამას არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×