თამთა ჩაჩანიძე
24.03.2023

საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია. ამიტომ, ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით. ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თბილისში ვიზიტის ფარგლებში კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს. „გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც ხდებოდა „უცხოური აგენტების" კანონპროექტზე. ევროპული დროშები ფრიალებდა. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებიც ევროპულ დროშას აფრიალებდნენ. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის არამხოლოდ შანსი, არამედ ევროპული ღირებულებების რწმენა.

„ადამიანების, საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია. ამიტომ, საქართველოში ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით. ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ. გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ ",- აღნიშნავს ბერბოკი.

მისი თქმით, ახლა დასაკარგი დრო აღარაა და პოლიტიკის ამოცანა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება უნდა იყოს.

„ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ [...] დემოკრატიის დანერგვის განუყოფელი ნაწილია მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მათ შორის, საზოგადოებაში",- განაცხადა ბერბოკმა.

მისი თქმით გერმანიაში საქართველოს მიმართ ინტერესი „უდიდესია". აღნიშნა, რომ 12 პრიორიოტეტი პრესისა და მედიის თავისუფლებას, მათ შორის, კორუფციის დაძლევას და კანონის უზენაესობას ითვალიწინებს, რაც ევროკავშირის ამოსავალი წერტილია. იმედოვნებს, რომ საქართველო აუცილებლად შეასრულებს ამ რეკომენდაციებს.

რაც შეეხება ილია დარჩიაშვილს, მისი შეფასებით, 12 რეკომენდაციიდან უმრავლესობა შესრულებულია, დარჩენილ რამდენიმე პუნქტს კი პარლამენტში აქტიურად განიხილავენ. მას აქვს მოლოდინი, რომ ევროპაში საქართველოს პროგრესს სამართლიანად შეაფასებენ.

„დღეს ჩვენი საუბრის ერთ-ერთი საკვანძო თემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო. კოლეგას ის ინტენსიური სამუშაო გავაცანი, რაც ევროკომიტეტის 12 რეკომენდაციის შესრულებისას გავწიეთ. მათი უმრავლესობა შესრულებულია და რჩება რამდენიმე პუნქტი, რომლებსაც პარლამენტში აქტიურად განიხილავენ. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესს სამართლიანად და დამსახურებულად შეაფასებენ და საქართველო და ევროკავშირი ისტორიულ გადაწყვეტილებას ერთად ვიზეიმებთ.

„კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. ბუნებრივია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და უსაფრთხოების საგანგაშო გარემო დეტალურად განვიხილეთ. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით იქ არსებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ შევეხეთ. აღსანიშნავია, რომ მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, საოკუპაციო ხაზს უშუალოდ ეწვევა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მსურს, გერმანიის ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანიის მნიშვნელოვან წვლილს განსაკუთრებით ვაფასებთ. საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზას ადგას და ამ პროცესი გერმანიისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლიერია.

„რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ, ხაზი გავუსვით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური ფუნქციონირების კრიტიკულ მნიშვნელობას", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ქვეყნის ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან და ამ საკითხის სხვანაირ პრიზმაში დანახვისგან და კონკრეტული ადამიანების მისამართით კონკრეტული კანონის მიღების დაკავშირებისგან, კარგი იქნება თუ ყველა თავს შევიკავებთ", - თქვა დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×