ელზა პაპოშვილი
08.02.2023

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული მორიგი აქცია ჩავარდა ხალხის შესამჩნევი სიმეჩხრის გამო, ისევე როგორც ანალოგიური შეკრება სამშაბათს მთავრობის სასახლესთან. ხელისუფლება ამბობს, რომ სწორედ ეს არის იმის ნათელი მტკიცება, რომ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“  და მის მიერ დაანონსებული რევოლუციები არ აინტერესებს.  

პარტიაში დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი პარლამენტისთვის ბოიკოტი და მანდატების შესაძლო  დატოვება გახდა. ნიკა მელია და მისი ფლანგი ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს და ფიქრობენ, რომ ეს ზუსტად ხელისუფლების წიქსვილზე წყლის დასხმაა. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე შუამდგომლობა ორთვიანი განხილვის მერე საბოლოოდ მაინც არ დააკმაყოფილა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე პარტიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან მომდევნო დღეებში საპროტესტო აქციები დააანონსა: 

9 თებერვალი, 13:00 - აქცია ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში; 

10 თებერვალი, 13:00 - აქცია ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში;

11 თებერვალი, 15:00 - აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ხაბეიშვილი მოსახლეობას აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ენმ აქციებით უახლოეს მომავალში მთელ საქართველოს მოიცავს, რისთვისაც, მისი თქმით, „საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება“.    

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით ბოიკოტი და პროტესტი სასიკეთო შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ენმ-ს ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნია. 

„ბევრი ბოიკოტი, ბევრი პროტესტი გვინახავს, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით მომდინარე დესტრუქციული ოპოზიციისგან და რა თქმა უნდა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არც ეს ბოიკოტი მოიტანს მათთვის სასიკეთო შედეგს. ქვეყნისთვის კი დასანანია. არ დადგა ის დრო ჩვენს ცხოვრებაში, რომ პარლამენტში სახელისუფლებო უმრავლესობას და მთავრობაში ხელისუფლებას გაგვიჩნდეს კომპეტენტური, ძლიერი ოპოზიციური შემადგენლობა იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად წავიდეს წინ. რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა. რაიმე პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, არ გააჩნია,“ - ამბობს თეა წულუკიანი.   

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებას, რომელიც პროტესტის ფორმის საკითხს უკავშირდება, მმართველი გუნდი ეხმაურება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ მანდატები დასატოვებლად ენანება, ვინაიდან ეს მათთვის და კეზერაშვილისთვის დამატებით ფინანსურ შეღავათს წარმოადგენს.

„რეალურად მანდატები ენანებათ, ეს დაინახა ყველამ. მეორე, მათი ფინანსები ბუნებრივია არის შეღავათი კეზერაშვილისთვის, ისინი თუ მანდატებს დატოვებენ, ეს იქნება დამატებითი ფინანსური ტვირთი იმ ოლიგარქისთვის, რომელიც აფინანსებს დღეს „ნაცმოძრაობის“ შესაბამის ფრთას.

ჩვენთვის არც ასე, არც ისე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა რეჟიმში იქნება „ნაცმოძრაობა“, მთავარია, რომ ისინი არიან დასუსტების რეჟიმში, ეს არის მთავარი რეჟიმი, რომელიც ახასიათებს დღეს ამ პარტიას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი თავმჯდომარეა ხაბეიშვილი და ეს ძალიან კარგია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამწუხაროდ ვერაფერი ვერ ისწავლა და ერთიდაიგივე წრეზე ტრიალს აგრძელებს. იმის ანალიზსაც ვერ აკეთებენ, ქუჩაში ხალხი კი არა,  მათი ამომრჩეველი მაინც რატომ არ გამოდის. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი რევოლუციების დაანონსება და მერე კომიკურ ვითარებაში თავის ჩაგდება, ყველაზე მეტად პარტიას აზიანებს, როემელიც ხელისუფლების პოზიცის კიდევ უფრო ამყარებს. 

„ის, რასაც უკვე მეორე დღეა ვუყურებთ, მოსალოდნელიც იყო და ამაზე არაერთი პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი საუბრობდა. როცა თამასას ამხელაზე მაღლა წევ, ის მაინც უნდა ცოდე, რა სახის ზიანი შეიძლება მოგიტანოს. შეცდომა იყო თავიდანვე იმაზე საუბარი, რომ თუ მოსამართლე სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებდა, მაშინ ხელისუფლება ქუჩაში ომს და რევოლუციას მიიღებდა. სააკაშვილს ფიზიკურად დავიხსნიო, ხაბეიშვილი ამბობდა. რას ვუყურებთ დღეს? ვუყურებთ იმას, რომ ხალხს რადიკალიზმი, რევოლუცია და დაპირისპირება არ სურს. მითუმეტეს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება და მანდატების დატოვება.  

თუმცა ამ ხნის განმავლობაში ნაციონალები პარლამენტში არც არაფერს აკეთებდნენ, არ ვიცი, დარბაზში რაღაცა სითხის დასხმა მათ თუ საპარლამენტო საქმიანობა ჰგონიათ, ძალიან ცდებიან. სხვაგვარად, რაც პარლამენტში შევიდნენ,  არაფერიც არ გაუკეთებიათ.  მსგავსი საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური 2 წლის განმავლობაში ტარდებოდა. რა მიიღეს? წავიდა სადმე „ოცნება“? ხელისუფლება გადაიბარეს? ხალხს ეს პროცესი უკვე კომიკურად ეჩვენება და სანამ ენმ-ი როგორც პარტია სრულად არ დაშლილა, გონს მოეგონ და პარლამენტში პოლიტიკუირ ცხოვრება გააგრძელონ. სხვაგვარად მათი რეიტინგი 6%-იდან კიდევ უფრო  დაბლა დაიწევს“, - აცხადებს ძაბირაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×