ია აბულაშვილი
30.11.2022

ორ ბანაკად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით ბრძოლის დაწყებას უკავშირდება.

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა 3 დეკემბერს "ქართული ოცნების" ოფისთან აქციის გამართვა დაანონსა, მაგრამ პარტიის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა, მოტივით, რომ სასამართლომ სააკაშვილისთვის პატიმრობის გადავადების საკითხი უნდა განიხილოს და აქციის გამართვა მიზანშეწონილი არ არისო.

პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება და სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. მელიას საბრძოლო გეგმაა: სასამართლოში შუამდგომლობის დროულად შეტანა და საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურანალოდ გადაყვანის პროცესში.

"მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ერთიანობა მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ჩვენი მეგობრების ნაწილი განცალკევებულად ცდილობს ნაბიჯების გადაგმას, რაც არ ემსახურება საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას და შედეგს.

იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე გამოიტანს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ მითქვამს, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება სწორედ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, რადგან უკანონობასა და უსამართლობას არა და ვერ შევეგუები. მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება"- აცხადებს ნიკა მელია.

"ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ის, რაც "ნაცმოძრაობის" შიგნით ხდება, არის არსებული ჯგუფების შეჯიბრი, ვინ უფრო მეტად შეძლებს სააკაშვილის ჯანმართელობის მდგომარეობით პოლიტიკურ სპეკულაციას.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდმარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა, და არ შეიძლება, ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს.

"ნებისმიერ თემაზე, რომელიც პატიმარს უკავშირდება, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ და არ შეიძლება ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყოს. როცა რადიკალური ოპოზიცია და ლობისტები გვთავაზობენ, საკითხი პოლიტიკური გავხადოთ, სამართლისა და კანონის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

არ შეიძლება ეს საკითხი დისკუსიის საგანი იყოს. ერთადერთი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურთ, არის ის, რომ როგორმე ქვეყანა არიონ, იგივე ცხელი შემოდგომა და ა.შ. ამის მიღწევა სააკაშვილის გათავისუფლებით უნდათ, რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვტილებას ვერავინ მიიღებს და ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

აქვს თუ არა "ნამოძრაობას" იმის რესურსი დაიწყოს გადამწყვეტი ბრძოლა სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ პარტიის დაპირისპირებული გუნდები ცდილობენ სააკაშვილის მდგომარეობის გამოყენებით მისი ელექტორატის გულის მოგებას.

"ნაცმოძრაობას" არ აქვს იმისი რესურსი ულიმატუმებით ესაუბროს ხელისუფლებას. ასეთმა მუქარებმა არა მგონია, რაიმე გადაწყვეტილება მიაღებინოს ხელისუფლებას.

"მელია და ხაბეიშვილისთვის ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, ისინი იბრძვიან პარტიის თვმჯდომარეობისთვის; სააკაშვილის მდგომარეობის გამოყენებით მისი ელექტორატის გულის მოგებას. ხაბეიშვილის აქციაც ამიტომ იმართება და მელიას განაცხადებებიც ამას ემსახურება"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე დარწმუნებულია, რომ არც მელიას და არც სხვას არა აქვს იმის რესურსი, რომ სააკაშვილის საზღვარგერთ გაყვანის მოთხოვნით მასშტაბური აქცია მოაწყოს.

"ფიზიკურად ასეთი რესურსი არ არსებობს, სააკაშვილის უცხოეთში გაყვანის მოთხოვნით გამართოს მასშტაბური აქცია, მელია იქნება თუ ხაბეიშვილი. ერთი წლის მანძილზე, რაც მიშა ციხეშია, ეს უკვე დასაბუთებულია.

"სექტემბერში იძახდნენ, რომ მეორედ მოსვლა იქნებოდა, მაგრამ თვითონაც კარგად იციან, რომ ეს ვერ გამოვა. რამდენიმე ასეული ადამიანის შეკრება შეიძლება შეძლონ "ქართული ოცნების" ოფისთან, ან პარლამენტთან, მაგრამ სააკაშვილის ჩამოსვლამ და დაპატიმრებამ, არც თბილისში და არც რეგიონებში მასშტაბური საპროტესტო სახე არ მიიღო იმ ღამესვე; ეს იყო წერტილი და პერფორმანსების პროფესიონალმა "ნაციონალებმა" მაშინვე დაინახეს, რომ ეს იყო განაჩენი მიშასთვის და მათთვისაც.

იძულებული არიან ხმაურიანი განცხადებები გაკეთონ და ერთმანეთს არ ჩამორჩნენ, რადგან სურთ სააკაშვილის ელექტორატის გადმობირება"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×