თამთა ჩაჩანიძე
27.11.2022

რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ მოახლოებული ზამთარი უკრაინისთვის რაც შეიძლება გაუსაძლისი გახდეს. ამის პარალელურად, როგორც ჩანს, ეს ზამთარი რუსეთისთვისაც საკმაოდ რთული იქნება, რადგან კრემლში თავი იჩინა ისეთმა გარემოებებმა, რომელიც ნათელს ხდის რუსეთის ხელისუფლებაში მიმდინარე შიდა ბრძოლის სიმძაფრესა და მასშტაბებს.

საუბარია იმაზე, რომ რუსეთში ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის პოლიტიკური გავლენა იზრდება და ამის დასაბალანსებლად კრემლში რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ. ერთის მხრივ, აძლიერებენ მისივე მოკავშირე ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს და უპირისპირებენ პრიგოჟინს და ასევე ქმნიან ახალ კერძო სამხედრო კომპანიას. ანალიტიკოსთა შეფასებით, შესაძლოა პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტის სკამსაც კი უმიზნებდეს და ეს თავად პუტინსაც ესმის.

რაც შეეხება უკრაინის მოლოდინებს, უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის" ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, მომავალი კვირა რუსული საჰაერო თავდასხმების მხრივ რთული იქნება. მისივე თქმით, ხელისუფლება, სამხედროები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები ამისთვის ემზადებიან და სხვადასხვა სცენარის მოლოდინში არიან.

ზამთარი - პუტინის იარაღი უკრაინასთან ომში

ნატოს გენდმივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ კრემლი უკრაინასთან დამარცხებაზე დიდი სისასტიკით რეაგირებს, პუტინი ცდილობს ზამთარი უკრაინის ომში იარაღად აქციოს, თუმცა დასძენს, რომ მას ეს არ გამოუვა და რუსულ ჯარს ეს პერიოდი ვერ დაეხმარება.

სტოლტენბერგმა გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ალიანსი დარწმუნებულია, რომ გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას დაეხმარება საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საავადმყოფოების რუსული რაკეტებისგან დაიცავს. ამასთან, ნატის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა პარტნიორმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

„ზამთრის დადგომასთან ერთად მოსკოვმა უკრაინის ენერგომომარაგების ობიექტების დაბომბვა დაიწყო, რათა ქვეყანა დააჩოქოს. პუტინი ცდილობს ზამთარი იარაღად გამოიყენოს, მაგრამ ეს არ გამოუვა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ექსპერტთა აზრით, ზამთრის წინა პერიოდში უკრაინაში რუსული ჯარები იძულებული გახდნენ შეტევების ინტენსივობა შეემცირებინათ, თუმცა თავად საომარი მოქმედებები კვლავ აქტიური იქნება. ამის პარალელურად კი უკრაინის შეიარაღებული ძალებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ახალი ტერიტორიები გაათავისუფლონ.

ამერიკული ორგანიზაციის „ომის შესწავლის ინსტიტუტის" ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გაყინული რელიეფით ისარგებლონ. მათი აზრით, ზამთარში ყინვისას უფრო ადვილად გადაადგილებიან, ვიდრე შემოდგომაზე ტალახსა და წვიმაში.

აღსანიშნავიოა, რომ რუსეთმა უკრაინული ენერგოსისტემის განადგურება 10 ოქტომბერს დაიწყო. ყველაზე ძლიერი დარტყმები 15 და 23 ნოემბერს განახორციელა, შედეგად ქვეყანა თითქმის მთლიანად ჩააბნელა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მსგავსი სიძლიერის იერიშები კვლავ განმეორდება.

როგორც ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, პუტინი ცდილობს, ზამთარი გაუსაძლისი გახადოს უკრაინელებისთვის, თუმცა კრემლს იმედი გაუცრუვდება.

„პუტინის მიზანია, რომ უკრაინისთვის ზამთარი რაც შეიძლება რთული და გაუსაძლისი იყოს, ამიტომაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. თუმცა ზამთარი არც რუსეთისთვის იქნება ადვილი. პრობლემები, რაც აქვთ, ამ პერიოდში თავს სერიოზულად იჩენს.

„თუ უშუალოდ ფრონტის ხაზზე ვილაპარაკებთ, რუსეთს საკუთარი ჯარის მომარაგება კიდევ უფრო გაუჭირდება. საჰაერო დარტყმებით ცდილობს ეს პერიოდი გაუსაძლისი გახადოს. კი, ზამთარი რთული იქნება, მაგრამ არც ისეთი, როგორც რუსეთში ელოდებიან, რადგან, რა ინფორმაციაც მაქვს, უკრაინა საკმაოდ დიდ დახმარებას იღებს არა მხოლოდ ფულადს, არამედ იგივე გენერატორებს, საწვავს და ა.შ.

„პარტნიორები მაქსიმალურად ცილობენ, ჯერ ერთი, დაცულობა გაზარდონ, დარტყმების სიხშირე და მათი ზიანი შეამცირონ და მეორეს მხრივ, ქვეყანას დახმარება გაუწიონ. ეჭვი მეპარება, რომ პუტინმა თავის მიზანს მიაღწიოს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ეს ზამთარი შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს, თუმცა არც დასავლეთი და არც უკრაინა უკან არ დაიხევს

„რუსეთ-უკრაინის ომში ეს ზამთარი შეიძლება საკმაოდ სერიოზული მომენტი აღმოჩნდეს. ამ პერიოდში შეიძლება სახმელეთო შემტევით ოპერაციები დროებით დააკონსერვონ და საჰაერო გააძლიერონ. ამის პარალელურად მხარეები გაზაფხულისთვის ემზადებიან. მაგრამ აქვე არსანიშნავია, რომ საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების სიზუსტე მცირდება, რადგან ნისლი, თოვლი და წვიმები ხელს უშლის.

„რუსეთმა ზამთარში ამაზე მეტი სისასტიკე რა უნდა გააკეთოს, ძნელი სათქმელია, მაგრამ პუტინის ჩანაფიქრი ისაა, რომ მოსახლეობა ფაქტიურად გაყინოს და მათი პოლიტიკური ნება გადატეხოს. უკრაინა ბოლომდე ბრძოლას აპირებს. დასავლეთიც აპირებს, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგეს. მაგრამ ერთი ისაა, რომ ასეთ მომენტში პუტინი ყველაფერზე წავა", -განაცხადა მაისაიამ.

„სამეფო კარის თამაშები" კრემლში

რუსეთში „ვაგნერის" ხელმძღვანელის და ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის პოლიტიკური გავლენა იზრდება და ამის დასაბალანსებლად კრემლში რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ - აძლიერებენ მისივე მოკავშირე ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს და უპირისპირებენ პრიგოჟინს და ასევე ქმნიან ახალ კერძო სამხედრო კომპანიას.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კადიროვის პრიგოჟინთან მეტოქეობა სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ახალი კერძო სამხედრო კომპანიის შექმნა კრემლის მომხრე ბიზნესმენს არმენ სარქისიანს დაევალა, რომელიც უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთანაა კავშირში.

აღნიშნულია, რომ სარქისიანმა ახალი სამხედრო დაჯგუფება პატიმართა რეკრუტირების საფუძველზე ჩამოაყალიბა, სპონსორი კი სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენი, კომპანია „ტაშირის" მფლობელი და „გაზპრომის" ქვეკონტრაქტორი სამველ კარაპეტიანია.

თავის მხრივ, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რეგულარულად უჭერს მხარს ჩეჩნეთის ბაზაზე პარალელური სამხედრო სტრუქტურების შექმნას. რისთვისაც ცოტა ხნის წინ პუტინს შეხვდა.

„რუსეთის ოფიციალურ პირებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ კადიროვის პარალელურ სამხედრო სტრუქტურებს და სარქისიანის მცდელობებს შექმნას კერძო სამხედრო კომპანია პრიგოჟინის გავლენების ზრდის წინააღმდეგ, რომელიც თავის სტრუქტურებს რუსეთის პოლიტიკაში ცენტრალურ ფიგურად ჩამოყალიბებისთვის იყენებს", - აცხადებენ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანალიტიკოსები.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, კრემლში პრიგოჟინის გავლენები იზრდება და არაა გამორიცხული, რომ მას პრეტენზიები თავად პრუსეთის პრეზიდენტთანაც გაუჩნდეს. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ პუტინი მის საპირწონედ სხვა სამხედრო დაჯგუფებებს აყალიბებდეს.

„კადიროვს და პრიგოჟინს შორის ჯერ არავითარი დაპირისპირება არ ჩანს. რაც შეეხება სამხედრო კერძო კომპანიების ჩამოყალიბებას, რუსეთში ეს ისედაც ყალიბდება და „ვაგნერის" გარდა კიდევ ხუთი კომპანიაა. მაგალითად, დონეცკის ოლქში „სპარტაკი" მოქმედებს, რომელსაც „ვაგნერზე" ანარაკლები შეიარაღება და პოტენციალი აქვს. ასევე არსებობს დაჯგუფებები „დინამო", „ბარსი","პატრიოტი". ეს დაჯგუფებები იმ ოლიგარქებისაა, რომელსაც კრემლში გავლენები აქვთ.

„პრიგოჟინის და ზოგადად სპეცსამსახურების გავლენები კრემლში იზრდება, რომლებიც ძალოვნების დაჯგუფებას უპირისპირდებიან. მანამდე პუტინმა ხელი მოაწერა იმ დოკუმენტს, რომ „ვაგნერს" უკვე მძიმე შეიარაღებაც გადასცეს. იგულისხმება საბრძოლო ავიაციის ელემენტები. ასევე კერძო კომპანიის მებრძოლებს სამხედრო ვეტერანების სტატუსი მიენიჭათ.

„გარედან არაფერი შეიმჩნევა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ პრიგოჟინის საპირწონედ პუტინს სხვა ოლიაქრებთანაც ქონდეს მოლაპარაკება, რომ სამხედრო დაჯგუფებები შექმნან და გააძლიერონ. კადიროვი, პრიგოჟინი და ზოლოტოვი ჯერჯერობით ერთ გუნდში არიან და მათ ერთმანეთი სჭირდებათ, თუმცა მომავალში არაფერია გამორიცხული.

„პრიგოჟინის არმია უკვე 50 ათას ადამიანს მოიცავს, მას უკვე მძიმე ტექნიკა და საბრძოლო ავიაცია „სუ-25"-ები ჰყავს. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ თავად პუტინთან მიმართებაშიც ამბიციები გაუჩნდეს. შესაძლოა ეს პუტინმაც იცოდეს და სხვა ფრთას აძლიერებდეს, მაგრამ ჯერჯერობით პრიგოჟინის კლანს იყენებს.

„პუტინმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს რუსეთის შიარაღებული ძალების შემადგენლობაში იმსახურონ. როგორც ჩანს, ისინი ავღანელებსაც მიიწვევენ და შესაძლოა თალიბანის მებრძოლებიც გამოჩნდნენ, ბაშარ ალ ასადაის მებრძოლების გადასროლა მიდის და ა.შ.", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

როგორც ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, კრემლში ახლა „სამეფო კარის თამაშები" მიდის. პუტინი ბოლო პერიოდში აღარავის ენდობა და ძირითადი ინტრიგები ჯერ კიდევ წინაა.

„შიგნით „სამეფო კარზე" რომ დაპირისპირებაა, ეგ ცხადია. რამდენიმე ჯგუფია. აქ მთავარი მიზეზი სამხედრო წარუმატებლობა და მარცხია, რომელსაც რუსული არმია მუდმივად განიცდის, რომელიც, თავისთავად ცხადია, შოიგუს და სამხედროებს ბრალდებათ. მათ წინააღმდეგ კი სხვები თავის საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ.

„თავის მხრივ ამას სამხედროები სპეცსამსახურების გაუმართავ მუშაობას აბრალებენ და ამ მღვრიე წყალში ისეთი ოდიოზური პიროვნებების როლი იზრდება, როგორიც პრიგოჟინია. მაშინ, როცა რეგულარული არმია მარცხს განიცდის, სპეცსამსახურები და თავდაცვა კი ურთიერთქიშპით არიან დაკავებული, „ვაგნერელებს" რაღაც განსაკუთრებულ დავალებებზე უშვებენ. ამას პრიგოჟინი თავისი პოლიტიური დივიდენდების ჩასაწერად იყენებს და საკმაოდ სერიოზულად მიდის საუბარი როგორც სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე, ასევე შემდგომში პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებაზე და „ვაგნერის" პეტერბურგის შტაბბინაც საკმაოდ პომპეზურად გამოიყურება.

„რაც ახლა მიმდინარეობს, სუფთა „სამეფო კარის თამაშებია". თავისთავად ცხადია, რომ აქ თავად პუტინის ფიგურა მნიშვნელოვანია, რადგან ის ბოლო პერიოდში აღარავის ენდობა. პრიგოჟინს პუტინთან პირადი კავშირი რაღაც უპირატესობებს აძლევს, მაგრამ ძირითადი ინტრიგები და ბრძოლა კიდევ წინაა.

„ამ შემთხვევაშიც კადიროვიც იგივე პოლიტიკურ დივიდენდებზე თამაშობს, რაზეც პრიგოჟნი. მაშინ, როდესაც სპეცსამსახურები ვერ მუშაობენ, ყაჩაღთა ეს ბანდა მათ მეთაურს პირად ერთგულებას ეფიცებიან და ამის პოლიტიკურ კაპიტალიზაციას ცდილობენ. ისეთი რეჟიმისათვის, როგორიც რუსეთია, სადაც კრიმინალი და პოლიტიკა ერთმანეთში შეზრდილია, ეს სრულიად დამახასიათებელი და ბუნებრივი მოვლენაა", - განაცხადა ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×