თამთა ჩაჩანიძე
27.11.2022

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის მონასტერში მომხდარ ტრაგედიაში მედიასაშუალებები დაადანაშაულა. მისი თქმით, „გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების, „თეოლოგის" თუ „ექსპერტის" მხრიდან, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს". აღნიშნულს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის „უკიდურესად საშიში და არასწორია".

ანალიტიკოსთა შეფასებითაც, მედია მხოლოდ გამტარია და თუ ცენზურა დაუწესდა, მაშინ ეს საბჭოთა პერიოდში დაბრუნებას ნიშნავს, რაც მათი აზრით სწორი არაა.

„როგორ მივედით აქამდე?!

- ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი - დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა.

„გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების ("მთავარი არხი", ,,ტვ პირველი", ,,ფორმულა"), „თეოლოგის" თუ „ექსპერტის" მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს", - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი წერს, რომ „სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა".

„მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.

„მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს",-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მედია მხოლოდ გამტარია, ანტიეკლესიურ განცხადებებზე პასუხისმგებლები კი მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, თუ მედიას ცენზურა დაუწესდა, ეს მხოლოდ საბჭოთა პერიოდში დაბრუნებას ნიშნავს.

„რამდენად ლოგიკურია ამა თუ იმ მოვლენაში მედია დაადანაშაულო, როცა ის მხოლოდ გამტარია?! თუნდაც ანტიეკლესიური განცხადებების გამოქვეყნება მედიის საქმეა, მაგრამ ამ განცხადებების გამკეთებელი ხომ სხვა არის?!

„ზოგადად ეს საკითხი დგას, თუ მედია რაზეა პასუხისმგებელი. თუ იმას გავიზიარებს, რაც ითქმება, მაშინ ყველაფერი უნდა გამოაქვეყნოს, არაფერზე არაა პასუხისმგებელი და გამოქვეყნებით ის თავის საქმეს აკეთებს. თუ არა და მაშინ ცენზურის და შერჩევის მექანიზმი უნდა ჩაიდოს, რა არის გამოსაქვეყნებელი და რა არა, ამით კი საბჭოთა პერიოდთან დავბრუნებით, რაც ალბათ გამართლებული არაა.

„მემგონი მედიაც უნდა შეეჩვიოს, რომ სხვისი მოსახვედრი ქვა ხშირად მას მოხვდება. ანუ ადამიანებს რეაქცია აქვთ იმაზე, ვინც ამბობს, მაგრამ ქვას ესვრიან ხოლმე მას, ვინც ნათქვამს აქვეყნებს, ტირაჟირებას უკეთებს, ანუ მედიას. მედიისგან იმის მოთხოვნა, რომ ტირაჟირება არ გააკეთოს, უკვე ნიშნავს იმას, რომ უნდა შეარჩიოს რისი ტირაჟირება გააკეთოს და რისი არა, ეს უკვე პოლიტიკური მედიაა.

„თუ მედიას პოლიტიკური ამოცანებისგან დავცლით და მას მხოლოდ მისივე ამოცანებს დავუტოვებთ, მაშინ ასეთი მოთხოვნა არ უნდა იყოს.

„რაც მოხდა რა თქმა უნდა ცუდია. საპატრიარქოს განცხადებაში ის მიმაჩნია სწორი, რომ ეს ნაწილობრივ იმის შედეგია, რა დამოკიდებულებაც საზოგადოებაში ეკლესიის მიმართ ყალიბდება.

„თუკი ეკლესიის მიმართ რიდი და პატივისცემა გაქრება, ან შემცირდება, რა თქმა უნდა ასეთი შემთხვევები უფრო ხშირი იქნება. ოღონდ ამაში მედიაა დამნაშავე? თუ ისინი, ვინც საპატრიარქოს მიმართ კრიტიკულები არიან და თავისუფლად მსჯელობენ? ასეთი ადამიანები ბევრია და ძალიან ხშირად უნდათ, რომ პოლიტიკური ნიშა იპოვონ და ეკლესიის წინააღმდეგ ამიტომ მხედრდებიან", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×