ელზა პაპოშვილი
26.11.2022

პრეზიდენტისა და იუსტიციის სამინისტროს განცხადებებში სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში განიხილავენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების შესაძლებლობას. ასე ფიქრობს ანალიტიკოსთა ნაწილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს „ოცნების“ მხარდამჭერებში სერიოზულ უკმაყოფილებას არ გამოიწვევს.

გასულ კვირას ამ თემაზე განცხადება გააკეთეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა. ძამაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდის გადავადება „სასამართლოს პრეროგატივაა, სასამართლო კი ხელმძღვანელობს კონკრეტული დასკვნის საფუძველზე“.

პრეზიდენტმა პრაქტიკულად პირდაპირ განაცხადა, რომ ადვოკატებმა უნდა მოამზადონ სამედიცინო დასკვნა სააკაშვილის ჟანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და წარუდგინონ სასამართლოს, რომელმაც „ღირსეული გადაწყვეტილება“ უნდა მიიღოს.

„არ ვარ ექსპერტი და არ მაქვს ინფორმაცია, რა დონეზეა დაზიანებული ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა. დასკვნა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება. სწორად მიმაჩნია, რომ დასკვნა წარდგენილი იყოს სასამართლოში და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ჯანმრთელობის საკითხს, თუ ამ დონეზეა დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის. მეორე საკითხსაც გადაწყვეტს - სასამართლო მოგცემს გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც იქნება ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პარასკევს სალომე ზურაბიშვილმა.

რა შემთხვევაში გაუშვებენ სააკშვილს

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სანამ ხელისუფლება თავად არ დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მანამდე ის მის ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მისივე შეფასებით, ფაქტია, რომ დღეს ეს რისკები იზრდება, მაგრამ „ოცნება“ ჯერჯერობით ფიქრობს, რომ ამასთან გამკლავება შეუძლია. თუმცა, ამ ყველაფერს თუ დაემატა დასავლეთის კიდევ უფრო  მძაფრი კრიტიკა, არ არის გამორიცხული სააკაშვილი საზღვარგარტეთ სამკურნალოდ გაუშვან.

„ხელისუფლებას ახლა დასავლეთთან სიტუაცია ძალიან გართულებული აქვს. ვხედავ ზოგიერთი ევოპარლამენტარი თუ სენატორი ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ გარშემო რა განცხადებებსაც აკეთებს. ხოლო ამ ყველაფერს თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესებაც დაემთხვა, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მისი ქვეყნიდან გაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ოღონდ ამ შემთხვევაში ამას ისე გააკეთებენ, რომ მთლად თავადაც არ გამოჩნდეს. ვხედავთ, რომ უკვე იუსტიციის სამინისტროც და პრეზიდენტი ზურაბიშვილიც  აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს პრეროგატივაა. ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამას გაიძახიან. ამიტომ ყველა თავს იზღვევს, რომ ვაითუ მართლა ცუდად იყოს, რაღაც გამოსავალი ხომ უნდა დაიტოვონ.  

„ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ მის  ქვეყნიდან გაყვანას გადაწყვეტენ, ეს კანონით და სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შეფუთული. სხვანაირად სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა არასამართლებრივი იქნება. ხელისუფლებას რა უფლება აქვს სამართლებრივად, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს?! სასამართლომ ნებისმიერი დასკვნა შეიძლება ამის საბაბად გამოიყენოს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება „ოცნების“ ამომრჩეველს და მათ დამოკიდებულებას ამ თემის მიმართ, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ვინც დღეს მხარს უჭერს, ის მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას უპირობოდ იღებს და ეს არაერთ შემთხვევაში უკვე გამოჩნდა. 

„ხელისუფლებას დღეს კრიტიკული ამომრჩეველი აღარ ჰყავს. ჰყავს ისეთი მხარდამჭერი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მხარს დაუჭერს. „ოცნების“ მხარდამჭერების 90% ან მატერიალურად არის დაინტერესებული, ან სამსახურეობრივი თვალსაზრისით მხარს მაინც მათ უჭერს. სააკაშვილთან მიმართებაში კი არა, აგერ უკრაინის ომთან დაკავშირებით უჭერენ მხარს. რუსეთთან მიმდინარე პოლიტიკას ამართლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა უმრავლესობას ევროპასთან ურთიერთობა უნდა. 

„აქ პირდაპირ პირადი ინტერესებია მიბმული და სააკაშვილი ქვეყნიდან რომც გაიყვანონ, ამ მოცემულობას ძალიან ჩვეულებრივად მიიღებენ. ამით პოლიტიკურად ხელისუფლება არ დაზიანდება, აქ მას პრობლემა არ აქვს. პრობლემა აქვს იმ მიმართულებით, რომ მას სააკაშვილი პოლიტიკურად თავად სჭირდება, როგორც „საფრთხობელა“, რათა 2024 წლისთვის რაღაცნაირად ისევ გამოიყენოს, რომ ამით შეშინებულმა ხალხმა მხარდაჭერა კვლავ მას გამოუცხადოს. ესაა სააკაშვილის მთელი როლი და სხვა აქ არ ველი, რომ რამე კატასტროფა მოხდება. 

„ხელისუფლება ჯერ ვაჭრობს და როცა შეხედავს, რომ მართლა უკვე ძალიან ცუდადაა და დასავლეთიც „აწვება“, აი, ამის მერე მიიღებს მისი ქვეყნიდან გაყვანის გადაწყვეტილებას“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.  

ურთიერთგამომრიცხავი ცნობები

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთლეობის მდგომარეობის გარშემო სრულიად სხვადასხვა და ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, რის ფონზეც პრაქტიკულად შეუძლებელია რეალური სურათის დანახვე და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.

„იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ თქვაა, რომ კლინიკაში მყოფ, პატიმარ სააკაშვილს ალტერნატიული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას სთავაზობს. არაერთი სამედიცინო გამოკვლევა ჩატარდა, რომელიც ოჯახს უნდოდა. ერთ წელწადში ჩვენ ვერ ვიხილეთ ზუსტი და კვალიფიციური პასუხები, თუ რეალურად რა სჭირს სააკაშვილს. უფრო დამალული სიმართლე ან ნახევარ სიმართე გვესმის. 

„ისიც ახსოვს სააზოგადობას, რომ მარიამ ჯიშკარიანმა სრულიად ახალი ტერმინი - ფარმაკოლოგიური წამება გამოიგონა, რომელიც შემდეგ აღარ დადასტურდა. ასევე ბოლოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მოწამლული იყო და ჩვენ ვნახეთ, რომ თავად სააკაშვილმა ეს სოციალურ ქსელში უარყო. საზოგადოებას მოუწდა, რომ სპეკულაციებს ამ თემაზე შეეშვან. 

„ამიტომ აქ არის ძალიან ურთიერთგამომრიცხავი ცნობები. ერთია, რომ სააკაშვილთან დაახლოებული „ექიმი პოლიტიკოსები“ გაურკვეველ განცახდებებს აკეთებენ, მეორეა სააკაშვილის ოჯახის  წევრები და მესამე - თავად სააკაშვილის განცხადებები. სრულიად აბდაუბდა ინფორმაცია ვრცელდება. აი, ამაზე დაყრდნობით როგორ შეიძლება ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღოს?! ან სასამართლოს ხომ სჭირდება კონკრეტული და მყარი მტკიცებულებები იმისთვის, რომ აქ მისი მკურნალობა შეუძლებელია.  

„გამოსავალი ის არის, რომ ნეიტრალური ფართო კონსილიუმი შედგეს, რომელშიც  სხვადასხვა სპეციალისტები შევლენ. მათ შორის ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, რომლებიც დადებენ ისეთ უტყუარ დასკვნას, რომელზეც პოლიტიკური ინსინუაციების საშუალება არ იქნება“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარემოსთან შეგუებას ვერ ახერხებს და ამ ინფორმაციას მისი ოჯახი და გარემოცვა ჩქმალავს. აბაშიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა ბინძური სპეკულაციების საბაბი თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ გახდა. მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზცია და მასთან აფილირებული ექიმთა ჯგუფი, ცდილობენ, რომ ხელისუფლება ჯალათად გამოიყვანოს, რომელიც სააკაშვილს აწამებს. თუმცა ამის არ სჯერა არც მის ამომრჩეველს და არც მითუმეტეს ხელისუფლების მხარდამჭერებს. ამიტომ ხელისუფლება ვერავის ვერსად ვერ გაიყვანს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×