თამთა ჩაჩანიძე
25.11.2022

ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე გაერთიანება შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, რათა დაეხმაროს საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დამოუკიდებლობის დაცვაში. ამასთან, დასძენს, რომ საქართველო ძალიან ღირებულია პარტნიორია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სტოლტენბერგის განცხადება მისასალმებელია, თუმცა, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის რეალური პერსპექტივა მაშინ გაჩნდება, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდება და დამთავრდება დასავლური ღირებულებებისა და უკრაინის გამარჯვებით.

ჩვენ შევხდებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბუქარესტში, მოლდოვისა და ბოსნია- ჰერცოგოვინას მინისტრებთან ერთად. ვფიქრობ, ფაქტი რომ ეს შეხვედრა შედგება ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, უკვე ბევრს მოწმობს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დემონსტრირება ნატოს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის უაღრესად ღირებული პარტნიორების მიმართ.

„საქართველო ძალიან ღირებულია პარტნიორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. პარტნიორები რომლებიც ჩამოვთვალე და საქართველო მათ შორის რუსეთის მხრიდან ჩარევას განიცდის. საქართველოში განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დრომდე კონტროლდება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს იმ მუშაობას და თანამშრომლობას რაც გვაქვს საქართველოსთან. ვეხმარებით საქართველოს უსაფრთხოებისა და მედეგობის გაზრდაში, ვეხმარებით დაიცვას საკუთარი თავი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, იენს სტოლტენბერგი დასძენს, რომ ბუქარესტის შეხვედრაზე ალიანსი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, რათა საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დამოუკიდებლობის დაცვაში დაეხმაროს.

„ბუქარესტის შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრები, რათა ამ რთულ დროს ნატო-სთან მათი მზარდი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელონ" - განაცხადა ნატოს გენმდივანმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს რუსეთის ზეწოლა სხვადასხვა გზით ემუქრება.

„ამიტომ, ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვაში და საკუთარი თავდაცვის უნარის გაძლიერებაში", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, შესაძლოა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობა გაუჩნდეს, თუმცა, ამასთან აუცილებელია, რომ ქვეყანამ რეფორმები გაატაროს.

„სტოლტენბერგის განცხადება, როგორც ნატოს თავმჯდომარის, მისასალმებელია, თუმცა, ალიანსის ფარგლებში გადაწყვეტილებას, (ეს იქნება მაპის მინიჭება, თუ გაწევრიანება) ჩრდილოატლანტიკური საბჭო კონსენსუსის საფუძველზე იღებს და არა უმრავლესობის.

„აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საქართველომ რეფორმები გაატაროს, რომ ნატოს სტანდარტები დააკმაყოფილოს. 1995 წელს ნატომ მიიღო დოკუმენტი, კვლევა გაფართოების შესახებ, სადაც საუბარია კონკრეტული ასპირანტი ქვეყნისთვის კონკრეტულ მოთხოვნებზე, რომ ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული.

„ასევე, სასაზღვრო დავა უნდა იყოს მოგვარებული, ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარებული უნდა იყოს, ასევე, უნდა არსებობდეს სამოქალაქო კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე, მათ შორის შეიარაღებულ ძალებზე და თავისთავად ქვეყანამ მზადყოფნა უნდა გამოხატოს, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში თავისი წვლილი შიტანოს.

„ნატოს გაფართოვებას ალიანსის წესდების მეათე მუხლი ითვალისწინებს, რომელიც წევრი ქვეყნებისთვის საბაზისო დოკუმენტია",-განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რამდენად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, ჩიტაძემ განაცხადა, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მეტი პერსპექტივა გაუჩნდება.

„შესაძლებელია სიტუაცია შეიცვალოს, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დასრულება და დასრულდება უკრაინისა და დასავლური ღირებულებების გამარჯვებით. ამის შემდეგ მგონია უკვე ნატოს დღის წესრიგში დადგება, რომ საქართველოსთან და სხვა მოკავშირეებთან პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. მანამდე ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილი რუსეთთან კონფრონტაციაზე მაინც თავს იკავებს, 2008 წლის ზაფხულის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ამიტომაც ვერ მიიღო.

„საშუალოვადიან პერსპექტივაში კი შესაძლებელია ვითარება გარკვეულწილად შეიცვალოს, ჯერ საუბარი გაწევრიანებაზე არაა, მაგრამ შესაძლებელია ნატომ საქართველოსთან ისედაც მჭიდრო ურთიერთობა უფრო გააფართოოს",-განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×