თამთა ჩაჩანიძე
23.11.2022

ოფიციალური კიევის განცხადებით, უკრაინის გამარჯვების ფორმულა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა - როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ აღნიშნა - „ყირიმში უნდა დაბრუნდეს უკრაინული დროშა და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება, რომ ომი აღარ არის". როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დასავლეთი უკრაინას გვერდში ბოლოდე დაუდგება და რეალურად ეს დამოკიდებულია თავად უკრაინის პოზიციასა და ბრძოლების შედეგებზე.

უკრაინის ხელისუფლების თქმით, უკრაინაში დეოკუპირებულია 1886 დასახლება და ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ორი ათასი ქალაქი და სოფელი უნდა გაათავისუფლონ.

გამარჯვების როგორი ფორმულა აქვს უკრაინის ხელისუფლებას

„შეიძლება ჩვენს ქუჩებში ბნელა. შეიძლება ჩვენს სახლებში ცივა. ბევრი ცვლილებაა, მაგრამ მათ ვერ შეცვალეს ყველაზე მთავარი. ღირსეულები უნდა ვიყოთ, არ უნდა დავნებდეთ. იმიტომ რომ უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება, იმიტომ რომ ღირსება და ამიტომ თავისუფლება - აქვთ! ეს უცვლელი რჩება. ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ!"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის: უკრაინის წინადადებებია: რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება, გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობა იქნება რუსეთის გასვლა უკრაინის ყველა დაპყრობილი ტერიტორიიდან.

დასავლეთის პოზიცია

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

„ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ვადებში, მაგრამ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ ფოკუსირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე, ხოლო უკრაინა კი იმაზე, რომ დარწმუნდეს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი სუვერენული ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიბრუნოს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ის მიიჩნევს, რომ უკრაინა მზად იქნება ზამთრის თვეებში საბრძოლველად და ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე.

ამასთან აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტმა რუსეთს კატეგორიულად მოუწოდა, რომ უკრაინიდან თავისი ჯარები გაიყვანოს, „რათა დასრულდეს ეს ომი, რომელსაც ის ვერ და არ მოიგებს.

ერთ-ერთი დასავლელი ლიდერი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის საკითხში დიდ აქტიურობას იჩენდა, იყო დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, როგორცმან ოთხშაბათს განაცხადა, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ყოვლისმომცველი შეჭრის დაწყებამდე დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

„ეს იყო დიდი შოკი. ჩვენ ვხედავდით რუსული ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების შეკრებას, მაგრამ, სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული პერსპექტივები ჰქონდა. პირველ ეტაპზე, გერმანიის შეხედულება იყო, რომ თუ შეჭრა მოხდებოდა, ეს იქნებოდა კატასტროფა და აჯობებდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო, უკრაინა სწრაფად დამარცხებულიყო.

„მე ამას მხარს ვერ დავუჭერდი. ვფიქრობდი, რომ ეს იყო დამღუპველი გზა, მაგრამ მესმის, რატომ ფიქრობდნენ და გრძნობდნენ ასე. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ომის დაწყების შესაძლებლობას", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კი აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

„ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული"

"რონდელის ფონდის" ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის გამარჯვების რა ფორმულა იქნება, ეს მხოლოდ კიევზეა დამოკიდებული და იმაზე თუ ბრძოლის რა შედეგები დადგება.

„დასავლეთი კიევს ბოლომდე მიჰყვება, ეს განაცხადა აშშ-ს ხელმძღვანელობამაც და ევროპელმა ლიდერებმაც გააკეთეს. მაგრამ ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული - თუ გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკებების დამთავრებამდე, ყირიმი დროებით უკრაინის იურისდიქციის გარეთ დარჩეს, მაშინ დასავლეთი ამაში რა თქმა უნდა წამოყვება, მაგრამ თუ უკრაინა ამაში კატეგორიული წინააღმდეგი იქნება, დასავლეთი დაეხმარება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და რუსეთი უკრაინიდან მთლიანად განდევნოს.

„რეალურად ყველაფერი ბრძოლების შედეგებზეა დამოკიდებული და იმაზე თუ ამ ომში ვინ უფრო მალე დაიღლება, ასევე, როგორი იქნება მსხვერპლი და ა.შ. უამრავი რაღაცაა ისეთი, რაზეც ახლა საუბარი ძნელია და ცალსახად იმის თქმა, თუ უკრაინა რაზე დათანხმდება და რაზე არა.

„უკრაინის მინიმალური მოთხოვნა, ამ წლის 24 თებერვლამდე არსებული სტატუს-კვოა, მაქსიმალური კი მთელი უკრაინის გათავისუფლება.

„რუსეთთან მოლაპარაკებებში ნდობა აღარ არსებობს, ყველაფერს თავისი გარანტიები დასჭირდება, თუ მოლაპარაკება იქნება, რომ ჯარებს გაიყვანს, ეს ყველაფერი მონიტორინგის საგანი იქნება, უკრაინაც თავის ჯარებს არ გაიყვანს, სანამ მოსკოვი ამას არ იზამს.

„თუ ჯარების გაყვანაზე იქნება საუბარი, მაშინ ეს პარალელურად მოხდება, ყირიმის მისადგომებიდან უკრაინაც დახევს თავის ჯარებს და რუსეთიც გაიყვანს. ამის რეალიზაცია როგორ მოხდება, ეს უკვე ტექნიკური საკითხებია",- განაცხადა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×