ია აბულაშვილი
23.11.2022

დაიწყება თუ არა "ნაციონალური მოძრაობაში" შიდა კომპრომატების ომი - მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია "კარტების გახსნას" ჯერ არ აანონსებს, მაგრამ, მიიჩნევს, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესებში ყველა ინტერესი საჯარო უნდა იყოს და გარკვეული ადამიანები ჩრდილიდან გამოვიდნენ, რათა მინიშნებები არ იყოს არაფორმალურ პროცესებზე. ლევან ხაბეიშვილის აზრით კი, ნიკა მელიას ბოლო პერიოდში შეექმნა პრობლემები და ის ვეღარ, ან აღარ არის აქტიური, პარტიას კი აქტიური თავმჯდომარე სჭირდება.

თავჯდომარეობის კანდიდატებს აფასებენ პარტიის წევრებიც. ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ხაბეიშვილს კვალიფიკაციას უწუნებს და აცხადებს, რომ კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, ხაბეიშვილს ნაკლები ხარისხით აქვს. მისი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უნდა იყოს უკვე ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, რეგიონში ცნობილი ადამიანი, ფლობდეს რამდენიმე უცხო ენას, უნდა ჰქონდეს მკაცრად ჩამოყალიბებული სტრატეგია საერთაშორისო პარტნირებთან, "ახლა რაც ხდება, ეს პარტიას არ გააძლიერებს" - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ექსპერტთა აზრით, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაკეთებული ხისტი განცხადებები აჩენს მოლოდინს, რომ საკმაოდ მძაფრი პროცესები განვითარდება. დაპირისპირება იქნება, როგორც კანდიდატებს და პარტიულ ელიტას შორის, ასევე, მხარდამჭერებშიც.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ენმ-ის შიდაპარტიული არჩევნები უნდა ჩატარდეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში და არ უნდა გადაიზარდოს შავ პიარში.

"პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული არჩევნები ტარდება. ეს არის დემოკრატიის დამახსასიათებელი პროცესი, მაგრამ, ჩემი აზრით, პარტიული არჩევნების ჩატრება დროული არ იყო. რაც შეეხება დაპირისპირებას და გაკეთებულ განცხადებებს, არჩევნები უნდა ჩატარდეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში და არ უნდა გადაიზარდოს პიროვნულ დაპირისპირებაში, შავ პიარში. შიდა კონფლიქტის გარეთ გამოტანა აწყობს "ოცნებას"; მერე თქვას - პარტია ეშლებათო.

"ნაციონალური მოძარობა" იმსახურებს, რომ არჩევნები ღირსეულად ჩატარდეს და დაიწყონ მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება კანდიდატების გამარჯვების შანსებს, პროგნოზის გაკეთა მიჭირს. ხაბეიშვილი არის მებრძოლი ადამიანი, მაგრამ, მელიას შეიძლება გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდეს"- განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ექსპერტი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ახალი თავმჯდომარე, რადგან "ნაციონალური მოძარობა" განწირულია იყოს მარგინალური პარტია, მინიმალური ხმებით მომავალ პარლამენტში.

"ნაციონალური მოძრაობა" არასდროს ყოფილა პარტია, ეს იყო დაჯგუფება, საერთო დანაშაულით შეკრული, ჰყავდა ერთადერთი უპირობო ლიდერი სააკაშვილი, რომელსაც შეეძლო, მხოლოდ მას მოეტანა ხმები არჩევნებში; მნიშვნელობა არ ჰქონდა სად იყო - პოლონეთში, ამსტერდამში თუ სხვაგან.

"სააკაშვილს ჰყავდა თავისი ელექტორატი, დღეს მისი ფაქტორი პარტიაში აღარ მუშაობს. დაიწყო ღია ბრძოლა, ერთმანეთის დაშანტაჟება, ამ ბანდის ახალი დეგარადაცია. პროცესს ვეღარ უშველის შიდაპარტიული არჩევნები და ვერც თავმჯდომარის შეცლა.

"ეს აღარ იქნება ქმედითი პოლიტიკური დაჯგუფება, ესენი ხმებს ვეღარ შეაგროვებენ, შეიძლება რაღაც ნარჩენები იყოს და მიიღოს 7%-ი. პარტია კი იზომება იმით, რამდენი ადგილი აქვს პარლამენტში. "ნაცმოძრაობა" განწირულია იყოს მარგინალური პარტია, მინიმალური ხმებით მომავალ პარლამენტში, ან საერთოდაც ვერ გავიდნენ"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×