ელზა პაპოშვილი
08.08.2022

ომის 166-ე დღე უკრაინაში - დონეცკის ოლქში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსების თავდასხმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა. 17 კი დაიჭრა. დნეპროპეტროვსკის ოლქში ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ნიკოპოლისა და კრივორიცკის რაიონები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მსხვერპლი არ არის.

ხარკივის ოლქში დაბომბვის შედეგად ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა. რაკეტა სოფელ პეჩენიგიში ჩამოვარდა. გარდაიცვალა 72 წლის ქალი. დილით დაიბომბა ქალაქ მიკოლაივის გარეუბანი, ვითარება კვლავ დაძაბულია ხერსონის ოლქშიც.   

საოკუპაციო ძალა იერიშებს არ წყვეტს აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში. კვლავ დაიბომბა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. არის ეპიზოდები, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევების მოგერიებას და კონტრშეტევებს ახერხებენ.

ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ანგარიში წარმოადგინა.

„არსებული ინფორმაციით, ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ვოლინისა და პოლისკეს მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დამატებით განათავსეს სახმელეთო ძალები და საჰაერო თავდაცვითი საშუალებები. მტერმა არტილერიით დაბომბა ჩერნიჰივისა და სუმის ოლქების დასახლებები. საარტილერიო და საავიაციო თავდასხმები იყო ხარკივის ოლქში. ასევე, ხარკივში, სამხრეთ სალტოვკას დასახლება რუსებმა ვერტმფრენით დაბომბეს. სლავიანსკის მიმართულებით კი, მტერმა არტილერიით შეუტია რამდენიმე დასახლებას.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს ბოგოროდიჩნისა და დოლინას მიდამოებში შეუტიეს, თუმცა, ჩვენმა სამხედროებმა ეს შეტევა წარმატებით მოიგერიეს. რთული ვითარება რჩება ბახმუტის მიმართულებით, თუმცა მტერს იქ წინსვლა არ აქვს. ფრონტის ხაზზე რამდენიმე ადგილას ჩვენმა სამხედროებმა რუსებს უკან დაახევინეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს კონტრშეტევასაც. დიდი დანაკარგის გამო, მტრის პერსონალმა ზოგიერთ რაიონში უარი თქვა ბრძოლაზე," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.   

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დონბასში ვითარება კვლავ უმძიმესია.

"ჩვენი არმია ყველაფერს აკეთებს, რომ შეაჩეროს რუსული ტერორი და ოკუპანტებს მაქსიმალური ზარალი მიაყენოს", - აცხადებს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს იმ საფრთხის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით შექმნა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პასუხი.

"მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ერი, რომელსაც შეუძლია თავი დაცულად იგრძნოს, როცა ტერორისტული სახელმწიფო ატომურ სადგურს ბომბავს. ღმერთმა არ ქნას, რამე გამოუსწორებელი რომ მოხდეს, რადიოაქტიური დაბინძურების გამავრცელებელ ქარს ვერავინ შეაჩერებს.

დონბასში ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. ჩვენი არმია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს რუსული ტერორი და ოკუპანტებს მაქსიმალური დანაკარგი მიაყენოს.

ვითარება, ასევე, რთულია ხარკივში. როგორც ხოველთვის, ჩვენთვის მთავარია იარაღი ჩვენი თავდაცვისთვის, იარაღი პარტნიორებისგან. ყოველდღე, ყოველგვარი პაუზების გარეშე ვმუშაობთ იარაღის მიწოდების გაზრდაზე, რათა ფრონტზე უფრო მძლავრი და შორი მანძილის სისტემები გავგზავნოთ," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

რა არის ახლა რუსების მთავარი მიზანი და მათი გადაადგილების მიხედვით, რომელი  ქალაქები შესაძლოა მათთვის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. საქათველოს შეიარაღებული გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა როგორც ჩანს, რუსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები სოლედარის და ბახმუტის მიმართულებაა. ისინი ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებულ შეტევებს ამ მიმართულებით ახორციელებენ. მათი მიზანია, რომ  სლავიანსკის და კრამატორსკის რაიონზე გავიდნენ. 

„მათ ამ რაიონებზე გასვლა იმის გამო უნდათ, რომ უკრაინამ ხერსონზე კონტრშეტევისთვის მზადყოფნა სექტემბრისთვის განაცხადა. ამიტომ  რუსებმა  გარკვეული ძალების გადანაწილება სამხრეთის მიმართულებაზე დაიწყეს. მათ  ზაპოროჟიედან სადესანტო ძალებით გააძლიერეს ხერსონის მიმართულება, დონბასის მიმართულებიდან აქეთ გამოიყვანეს გარკვეული ძალები. 

„რუსები ცდილობენ, რომ ძალები დააბალანსონ და ამ მიმართულებაზე სუსტი წერტილები არ დატოვონ. ბოლო დროს რუსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით სამხრეთ უკრაინა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე დონბასი. ამიტომაც ისინი სამხრეთ უკრაინის მიმართულებით უფრო აქტიურები გახდებიან. 

„ისინი კარგად ათვიცნობიერებენ, რომ თუკი ხერსონს უკრაინელები აიღებენ, მაშინ უკვე რუსები კრივოი-როგის მიმართულებაზეც ალყაში ხვდებიან.  ამის შემდეგ კი მელიტოპოლის და მარიუპოლის მიმართულებებზე უკრაინელების შეტევა გაცილებით გაადვილდება. რუსები ხვდებიან, რომ უკრაინელების ამ მიმართულებით წარმატება გამოიწვევს მათ გასვლას აზოვის ზღვაზე. ამიტომ ისინი  ეცდებიან, რომ ნიკოლაევის და ოდესის მიმართულებით შეტევები გააგრძელონ“,-ამბობს გენერალი.   

მისივე თქმით, უკრაინისთვის გამარჯვება იქნება თუ ის სამხრეთ უკრაინის ოკუპაციისგან გათავისუფლებას შეძლებს და აზოვის ზღვაზე გავა. რუსეთი შეეცდება ზამთრამდე ეს დაკავებული ტერიტორიები შეინარჩუნოს. მოლაპარაკება აწარმოოს  და გადაღალოს, როგორც უკრაინის, ასევე ევროპის მოსახლეობა. გენერალი აცხადებს, რომ ევროპა გარკვეულ შეთანხმებაზე წამოიყვანოს, ჩამოაყალიბებს ისეთ  სიტუაციას, რომელიც არც ომი იქნება და არც მშვიდობა. 

„ზამთარი უფრო უარყოფითად იმოქმედებს რუსეთზე, რადგან ის თავდაცვაში გადავა და შეტევითი ოპერაციები გაუჭირდება. აქ ახლა მოსახლეობის გამძლეობაზეა დამოკიდებული. ევროპაში გაზის მიწოდებაზე პრობლემები იქმნება, რაც ევროპულ მთავრობებზე რუსეთის მხრიდან ზეწოლის კარგი ბერკეტი იქნება. პუტინი შეეცდება ეს ევროპელების მხრიდან უკრაინელებზე ზეწოლად გამოიყენოს“, - ამბობს კაპანაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×