ია აბულაშვილი
08.08.2022

პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ ექნებათ - ასეთია "ოცნების" პოზიცია და სავარაუდოდ წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ ახალი კონკურსი გამოცხადდება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ვარაუდობს, რომ ახალი კონკურსი ოქტომბერში გამოცხადდება, მოქმედი თავჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კი გააგრძელებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას.

მმართველ გუნდისთვის გაურკვეველია მოტივაცია, რომლითაც იხელმძღვანელა პრეზიდენტმა, რის შედეგადაც გიორგი კალანდარიშვილი პარლამენტისთვის წარდგენილ კადიდატებს შორის ვერ მოხვდა.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად სალომე ზურაბიშვილმა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარადგინა.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არ არსებობს არცერთი შენიშვნა მოქმედი თავმჯდომარის მიმართ ოპოზიციის მხრიდანაც კი, რაც მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში შეიტანდა ეჭვს.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის ქმედება საჯარო მოხელეების მიმართ არის სიგნალი, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი არ ფასდება და გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება "პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე საჭიროდ".

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვმია, რომ პრეზიდენტმა თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შერჩევისას "პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა".

გაღრმავდება თუ არა უთანხმოება საქართველოს პრეზიდენტს და "ოცნებას" შორის, პოლიტოლოგებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი ბოლო წლებში მმართველი გუნდიდან მაქიმალურ დისტანცირებას ცდილობს, ამ ნაბიჯით კი მან დეპოლარიზაციას შეუწყო ხელი.

ექსპერტი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან აცხადებს, რომ დაძაბულობა მმართველ გუნსა და პრეზიდენტს შორის სახეზეა, თუმცა, "ოცნება" უფრო ღრმად არ წავა და სავარაუდოდ ორივე მხარე განცხადებებით შემოიფარგლება. "ეს არ არის ისეთი მოქმედება, რომელიც საფუძველი შეიძლება იყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის"- აცხადებს პეტრე მამრაძე.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილებებით ცდილობს იყოს ნეტრალური, ამიტომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დარტყმის ქვეშაა.

"პრეზიდენტი მიდის იმ მიმართულებით, რომ ცესკოს თავმჯდომარე შეარჩიოს ისეთი რომელიც მხარდაჭერილი იქნება ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ. ზურაბიშვილმა დაიწყო დისტანცირება "ოცნებისგან", მას უნდა რომ იყოს ნეიტრალური, მაგრამ "ოცნებას" და ოპოზიციას არ უნდათ, რომ პრეზიდენტი იყოს ნეიტრალური, ორივეს უნდა რომ იყოს მისი.

"ოპოზიცია ამბობს, თუ დისტანცირდები "ოცნებისგან", მაშინ ჩემი იყავიო. ამიტომ ზურაბიშვილი დღეს ორივეს დარტყმის ქვეშაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მართლაც ნეიტრალურია. თუ ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ამ პოზიციას შეინარჩუნებს, ეს მისასალმებელია.

"ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ საკითხზეც მოხდება კომპრომისი, ასე ვერ გაგრძელდება და მოიძებნება ისეთი კანდიდატურა, რომელიც ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის მისაღები იქნება"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა მწვავე პოლემიკაში არ გადაიზრდება, რადგან ეს დააზიანებს ქვეყანას.

"საპარლამენტო რესპულიკაში პრეზიდენტს არა აქვს ის ძალა, რაიმე სირთულეები შექმნას; გვახსოვს მარგველაშვილის ვეტოები, რომ მიაბა და მიაბა, რამდენი ხანი იყო გაჯიუტებული, ეხლაც იგივე მდგომარეობაა.

"თუმცა, ვის-ვის და სალომე ზურაბიშილს არ ესწავლება ამ ტიპის დაპირისპირება როგორ აღიქმება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ან ვის წიქვილზე ასხმას წყალს? იმედია, სიტუაცია მწვავე პოლემიკაში არ შევა, რადგან ქვეყნისთვის იქნება ცუდი, ამიტომ ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს ამ ქვეყანაზე.

"როგორც ჩანს ქალბატონი სალომე არ აპირებს რბილი გზით სიარულს, ალბათ მთავრობა დათმობს. არც იმას გამორიცხავ, რომ ამინდი უეცრად შეიცვალოს, ოპოზიციაში გადასვლას არ დავარქმევ, მაგრამ, გვახსოვს ზურაბიშვილის განცხადება, როცა სააკაშვილის საგარეო საქმეთ მინისტრის თანამდებობა დატოვა- ოპოზიციაში მივდივარო..."- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×