თამთა ჩაჩანიძე
07.08.2022

რუსემა თავისი ძალების უკრაინის სამხრეთისკენ გადასროლა დაიწყეს, სადაც უკრაინელებმა ცოტა ხნის წინ კონტრშეტევა დაანონსეს. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, კიევის მხრიდან კონტრშეტევის ღიად გამოცხადება უცნაური იყო და მახეს ჰგავდა. შესაბამისად, ეს, დიდი ალბათობით, შესაძლოა საოკუპაციო ძალებს გააზრებულიც ჰქონდეთ და ამიტომ აღმოსავლეთ ფრონტსაც არ შეეშვებიან და შეეცდებიან, რომ სამხრეთის მიმართულებაზე კონტრშეტევა უკრაინელებს დაასწრონ.

ამის პარალელურად, „სი-ენ-ბი-სი"-მ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ თეთრმა სახლმა ყველა შეზღუდვა გააუქმა, რომელიც უკრაინისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და 300 კმ-ზე მოქმედი ტაქტიკური რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას ეხებოდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამერიკელები ხვდებიან, რომ არსებული პოლიტიკით, რომელიც მათ აქამდე ჰქონდათ, ომი სწრაფად ვერ დამთავრდება. ამიტომაც უკრაინისათვის უკვე ყველა იარაღის მიწოდებაზე არიან თანახმა.

ამის პარალელურად, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით თურქეთისა და გაეროს ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებაც ამოქმედდა. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, კვირას უკრაინის პორტებიდან ხორბლით დატვირთული კიდევ ოთხი გემი გავიდა, რომელთა ბორტზეც თითქმის 170 000 ტონა მარცვლეულია განთავსებული. უახლოეს მომავალში კი იგეგმება, რომ პორტებმა თვეში მინიმუმ 100 გემის გაყვანა შეძლონ. გემები იტალიის, ჩინეთისა და თურქეთის პორტებში იგზავნება.

რა ხდება ფრონტის ხაზზე

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო „ტვიტერზე" წერს, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში მინიმუმ 10 რუსი გენერალი დაიღუპა. ამავდროულად, რუსული ჯარების წარუმატებლობამ გამოიწვია უმაღლესი რანგის მინიმუმ 6 რუსი მეთაურის თანამდებობიდან გადაყენება.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების მეთაურებმა თანამდებობები დაკარგეს. გენერალ-პოლკოვნიკი ა. ჩაიკა მეთაურის თანამდებობიდან 2022 წლის მაისში გაათავისუფლეს. მალევე იგი გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ კოჩეტკოვმა შეცვალა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ ამ გათავისუფლებების გავლენას აძლიერებს ის ფაქტი, რომ სულ მცირე 10 რუსი გენერალი დაიღუპა უკრაინის ომში. ამასთან სარდლობის კუმულაციური ეფექტი, სავარაუდოდ, რუსეთის ტაქტიკურ და ოპერატიულ პრობლემებს გაამწვავებს.

უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები არსებულ ვითარებაზე უახლეს მონაცემებს ასაჯაროებენ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ჯარები აქტიურად იბრძოდნენ ხერსონის რაიონში, მაგრამ ზარალი განიცადეს. ამასთან დღეს დილით ნიკოლაევში კვლავ აფეთქებების ხმა გაისმა.

„ხერსონის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ იერიშს ოკუპანტებისა და ადგილობრივი თანამშრომლების საწყობებსა და პოზიციებზე. დაძაბული ვითარებაა რეგიონის ყველა რაიონში. რეფერენდუმი კვლავ მთავარი თემაა. საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ ხერსონის ოლქის თემებს და აგიტაციას უწევენ რუსეთთან შეერთებას.

„დნეპროპეტროვსკის ოლქში გვიან ღამით ნიკოპოლისა და კრივოი როგის რაიონები დაიბომბა. არის ორი დაშავებული, ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქალაქში დაზიანდა 48 კერძო სახლი, ამასთან მანქანები, დაიბომბა ავტობუსის გაჩერება. გამორთულია ელექტროგადამცემი ქსელი. რამდენიმე ათასი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

„ხარკოვში დილით აფეთქებების ხმა ისმოდა. დაფიქსირდა 4 აფეთქება. ქარხნის ტერიტორიაზე, სამრეწველო უბანს ორი რაკეტა მოხვდა. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.შეტევები გრძელდებოდა ლუგანსკის და დონეცკის ოლქის მიმართულებითაც",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რატომ ჯგუფდებიან რუსები უკრაინის სამხრეთში

როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რუსების სამხრეთით გადაჯგუფება უკრაინის მიერ დაანონსებული კონტრშეტევის გამო ხდება. ეს შესაძლოა უკრაინელების მხრიდან მახე იყოს, რაც რუსებს გააზრებული ექნებათ, თუმცა თავის უპირატესობაში დარწმუნებული არიან.

„იმ ფონზე, რომ უკრაინელებს კონტრშეტევა ჰქონდათ დაანონსებული, როგორც ჩანს რუსები პრევენციული დარტყმის განხორციელებას ცილობენ. ანუ ისინი ცდილობენ შეტევაზე მანამ გადავიდნენ, სანამ უკრაინელები რამეს მოახერხებენ. მაგრამ უკრაინელებს კონტრშეტევა იმდენად ნათლად და ღიად ჰქონდათ დაანონსებული, რომ ეს შესაძლებელია რუსული შეტევის ერთგვარი პროვოცირება იყოს.

„უკრაინელთა მხრიდან ასე ღიად კონტრშეტევაზე საუბარი ძალიან უცნაური იყო და მათ შესაძლოა რაიმე სხვა გეგმა ჰქონდათ მომზადებული. ამასთანავე, რუსებს ოდესის მიმართულების გაჭრაზე ხელი რა თქმა უნდა არ აუღიათ და შესაბამისად, რუსების მხრიდან შესაძლოა გააზრებულიც იყოს, რომ ისინი უკრაინულ მახეში ებმებიან. მაგრამ ამასთანავე ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინელებთან შედარებით იმდენად დიდი უპირატესობა აქვთ, რომ წარმატებას მიაღწევენ, რაც ერთობ საეჭვოა.

„რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ფითარებას, რუსებს ორი ძირითადი მიმართულება აქვთ - დონეცკის და ხერსონის. მაგრამ ეს ორი მიმართულება დიდი ხანი აქვთ, უბრალოდ ჯარები გადასროლა-გადმოსროლა და გამაგრება მას შემდეგ მოუწიათ, რაც ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის ბაზის ძალიან დიდი ნაწილები დაკარგეს და შევსება სჭირდებოდათ, იძულებულები გახდნენ ახლა ძალები ნელ-ნელა შეევსოთ და ამისთვის დრო დასჭირდათ, თორემ მათ სამხრეთის მიმართულებაზე უარი არასდოს არ უთქვამთ", - განაცხადა კობერიძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს,რომ სამხრეთის მიმართულებით რუსების გააქტიურება ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ უკრაინელებს კონტრშერევა დაასწრონ.

„რუსები სამხრეთის მიმართულებით იმიტომ აქტიურდებიან, რომ უკრაინელებს დაასწრონ და ნიკოლაევი-ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა განავითარონ. როგორც რუსული მედია ამბობს, რუსულმა ძალებმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული სოფელი დაიკავეს, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ქალაქ ნიკოლაევს 27 კილომეტრზე მიუახლოვდენ.

„აქ რუსების კონცენტრაცია იმითაა განპირობებული, რომ უკრაინელებმა ათიათასიანი დაჯგუფება განათავსეს და კონტრშეტევაზე გადასვლას აპირებენ, რათა დონეცკის ოლქის მიმართულებით რუსული შეტევები შეასუსტონ. ახლა იქ პოზიციური ბრძოლები მიდის, რუსებმა უკრაინული ე.წ. მანერჰეიმის ხაზი ჯერ კიდევ ვერ გაარღვიეს - ესაა ბახმუტი, სოლედარისა და ავდეევკას ფრონტის თავდაცვის ზღუდე.

„რუსები ნიკოლაევის მიმართულებითაც გააქტიურდნენ. სამხრეთის მიმართულებაზე ველოდები, რომ რუსები კონტრშეტევას განახორციელებენ, ყოველ შემთხვევაში ისინი ამას შეეცდებიან. თუმცა, რამდენად გამიუვათ და წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი, ამას დრო გვივენებს. მანამდე პოზიციური ბრძოლები მიდის და არცერთ მხარეს მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს", - განაცხადა მაისაიამ.

რას შეცვლის 300 კმ-ზე მოქმედი დასავლური რაკეტების უკრაინისთვის გადაცემა

როგორც პროფესორი გიორგი კობერიძე გვეუბნება, დასავლეთი მიხვდა, რომ ამ პოლიტიკით ომს სწარაფდ ვერ დაამთავრებს, რუსეთის დამარცხება კი დასავლეთისთის მნიშვნელოვანია, ამიტომაც უკრაინისათვის ყველა ტიპის იარაღის მიწოდებაზე არიან თანახმა.

„დასავლეთი მზადაა, რომ რუსები დამარცხდნენ. შესაბამისად უკვე ყველა იარაღის მიწოდებაზეა თანახმა, რადგან, რაც დრო გადის, ომი იწელება და ამერიკელებიც ხვდებიან, რომ არსებული პოლიტიკა, რომელიც მათ აქამდე ჰქონდათ, ომს სწრაფად ვერ დაამთავრებს.

„ომის შედარებით სწრაფად დამთავრებისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემა და ახალი სტრატეგიის შემუშავება აუცილებელია. ეს კარგი სიგნალია. 5-6 ღის განმავლობაში ტენდენციამ აჩვენა, რომ უკრაინელები სრულად მზად არიან იმისათვის, რომ არა მხოლოდ ქვეყანა დაიცვან, არამედ დასავლური შეიარაღება ძალიან ეფექტურად გამოიყენონ.

„დასავლეთის მიერ დაყენებულ მოთხოვნებს, რომ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით არ მოხდეს აღნიშნული ტექნიკით შეტევა, უკრაინელები პრაქტიკულად ასრულებენ", - განაცხადა კობერიძემ „რეზონანსთან".

კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა შეიცვლება ფრონტის ხაზზე უკრაინისათვის შორსმსროლელი შეიარაღებისა და რაკეტების დამატებითი რაოდენობის გადაცემის შედეგად, იგი პასუხობს:

„უკრაინული შეტევა ძალიან დაცული იქნება. ეს ნიშნავს, რომ მტრის ზურგში უკვე ნებისმიერ სიღრმეში მისწვდება, მათ შორის როგორც კი დამატებითი რუსული ტექნიკა საზღვართან გადმოვა, ამას უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტა მოხვდება, რაც რუსეთის შემტევ პოტენციალს პრაქტიკულად გაანადურებს.

„რუსების მიზანია შეტევის სიღრმის მოპოვებაა, რომ ზურგი დაიცვან. მაგრამ ამ ზურგის დაცვა შეუძლებელი გახდება, როგორც კი უკრაინელებს შორსმსროლელი რაკეტები ექნებათ, რომლებიც ამ ზურგსაც პრაქტიკულად დაუცველს გახდის", - განაცხადა კობერიძემ „რეზონანსთან".

რამდენი „ჰაიმარსია" საჭირო ომის მოსაგებად

ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ომში გარდატეხვისთვის „ჰაიმარსების" კრიტიკული რაოდენობაა საჭირო.

„თუ უკრაინას დასავლური შეიარაღების კომპლექსების კრიტიკული რაოდენობა არ მიეწოდა, რომლებიც სიტუაციას მართლაც ფუნდამენტურად შეცვლიან, ასეთ ეპიზოდურ მიწოდებას აზრი არ აქვს. ეს გინდა 80 კილომეტრის რადიუსში მოქმედი არტილერია იყოს იყოს და გინდა 300. ტაქტიკურ დონეზე რაღაცეებს კი შეცვლის, მაგრამ სტრატეგიულად ვერა, რადგან რუსებმა კონტრსაბატარეო შენაერთები შექმნეს, რომლებიც „ჰაიმარსებზე" ნადირობენ, ამტკიცებენ, რომ დაახლოებით 3-4 „ჰაიმარსი" გაანადგურეს, თუმცა ამას უკრაინა უარყოფს", - განაცხადა მაისაიამ.

იგი „რეზონანსთან" საუბრისას „ჰაიმარსების" იმ კრიტიკულ რაოდენობას ასახელებს, რომელიც უკრაინას ომში გარდატეხის შეტანისთვის სჭირდება.

„თუ მინიმუმ 60-80 ერთეული არ იქნება, მანამდე ისეთ გარდატეხას ვერ შექმნიან. კი, ეფექტურობა აჩვენა, მაგრამ ამასაც გონივრული საზღვარი აქვს. მაგალითად, ომის პირველ ეტაპზე „ბაირაქტარიც" ეფექტური იყო, მერე რუსებმა მისი ჩამოგდება უკვე ისწავლეს და ჩვეულებრივ იარაღაც გადაიქცა", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×