თამთა ჩაჩანიძე
06.08.2022

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ამ თანამდებობაზე კიდევ ერთხელ წარდგენაზე უარი თქვა და პარლამენტს ასარჩევად ორი სხვა კანდიდატურა წარუდგინა. თავად კალანდარიშვილი, რომელიც მმართველიპარტიის სიმპატიითა და მხარდაჭერით სარგებლობს, ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების სავარაუდო მოტივებსა და შედეგებზე საუბრობს.

პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარედგინა.

«რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს #05/08/01 განკარგულებით ცხადდება ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია", - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრული მოულოდნელობა მოქმედი თავმჯდომარისთვის

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ეს მისთის მოულოდნელი იყო და ინფორმაცია თავადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდიდან გაიგო. კითხვაზე, თუ მისი აზრით რა იყო პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„აბსოლუტურად მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად, ნამდვილად გაკვირვებული ვარ ამ გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, წარდგენილ კანდიდატებს მინდა წარმატება ვუსურვო. თუმცა, აქვე ვადასტურებ, რომ ეს არ იქნება არც ერთ შემთხვევაში ხელის შემშლელი გარემოება ჩემს უფლებამოსილების განხორციელებაში, პირიქით, უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ მთელი ძალისხმევით დარჩენილ პერიოდში გავაკეთებ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ საზოგადოებას დავანახოთ ის პროგრესი და საარჩევნო ადმინისტრაციის ის შესაძლებლობები, რომელიც მას მისი განვითარების კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დაახლოებს მის საქმიანობას საერთაშორისო სტანდარტებს.

„რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს შესაძლებლობა კვლავ მე მომცემოდა, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. წინ ამ საკონკურსო კომისიის მუშაობის არაერთი ეტაპია და, ბუნებრივია, შემდგომ ეტაპებზე კიდევ უფრო ნათელი იქნება ზოგადად კონკურსის საბოლოო რეზულტატები.

„ეს გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთია რაც ცნობილი გახდა და ასევე მეც გავეცანი პრეზიდენტის ვებგვერდზე ატვირთულ ინფორმაციას. იმის თაობაზე არ არის რაიმე კომენტარი, თუ რას დაეყრდნო ქალბატონი პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების მიღებისას. მაშინ, როდესაც პირველ და მეორე კონკურსის პირობებში ჩემზე იყო ეს არჩევანი გაკეთებული და მიუხედავად ამ პირველი და მეორე წარდგენებისა, ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის და მოლოდინიც შესაბამისი მქონდა, რომ კვლავ ჩემი კანდიდატურა იქნებოდა წარდგენილი, როგორც პრეზიდენტის ეტაპზე, ისე შემდგომ ეტაპზე, სადაც, ასევე, მოლოდინი მქონდა ჩემი კანდიდატურის ამ კონკურსში წარმატებით გადალახვაში.

„აქედან გამომდინარე, ეს პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა ვკითხოთ მათ პოზიციასა და იმ გარემოებებზე, თუ რაზე დაყრდნობით მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება", - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი „პირველ არხთან".

გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზები

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კალანდარიშვილი უკვე მესამედ შესაძლოა იქიდან გამომდინარე არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარედ, რომ ეს აღიქმებოდა, როგორც მმართველ გუნდთან შეთანხმებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მისივე თქმით, ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი იმ კონტექსტშიც უნდა განვციხილოთ, რომ მან დეპოლარიზაციას ხელი შეუწყო.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება იქიდან გამომდინარე, რომ ცესკოს თანამდებობაზე ზურაბიშვილის მხრიდან კალანდარიშვილის მესამედ წარდგენა აღიქმებოდა, როგორც მმართველ გუნდთან შეთანხმებული გადაწყვეტილება. ზურაბიშვილი ბოლო წლებში მმართველი გუნდიდან მაქსიმალურ დისტანცირებას ცდილობს, როგორც ჩანს, არანაირი ეჭვის და მითქმა-მოთქმის საფუძველი არ უნდა დატოვოს იმისა, რომ თუნდაც ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურების შერჩევისას ის რაღაცნაირად მმართველი გუნდის ინტერესებს ითვალისწინებს.

„ბატონი გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც საარჩევნო საკითხების ძალიან კარგი სპეციალისტია, ასე თუ ისე მმართველი გუნდის სიმპატიითა და მხარდაჭერით სარგებლობდა, საზოგადოებაში ასე აღიქმებოდა და შესაბამისად, ზურაბიშვილმა გადაწყვიტა ის კანდიდატები წარედგინა, რომლის წარდგენის შემდეგაც მას ვერავინ დაადანაშაულებდა, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველ გუნდთან გარიგების შედეგად მიიღო.

„ორი პიროვნების (თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის) ბექგრაუნდი არ ვიცი. ერთადერთი, რაც ქალბატონ ალფაიძეზე ვიცი, ისაა, რომ ცნობილი სამართალმცოდნე და საკმაოდ მნიშვნელოვანი, სერიოზული სამეცნიერო ბიოგრაფიის მქონე ადამიანია. რევაზ ეგაძეს კი არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი.

„სალომე ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი იმ კონტექსტში უნდა განვციხილოთ, რომ დეპოლარიზაციას ხელი შეუწყო", - განაცხადა ანჯაფარიძემ

გააღრმავდება თუ არა უთანხმოება ზურაბიშვილსა და „ოცნებას" შორის

კითხვაზე პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება „ოცნებასა" და ზურაბიშვილს შორის უთანხმოებას კიდევ უფრო გააღრმავებს თუ არა, ანჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათ შორის „დიდი ხანია შავმა კატამ გაირბინა".

„სალომე ზურაბიშვილსა და „ოცნებას" შორის უკვე დიდი ხანია შავმა კატამ გაირბინა და პრინციპში ეს წინააღმდეგობები სულ უფრო და უფრო გამწვავდება. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია გასაგებია, რომ, როგორც პრაგმატულ ადამიანს, „ოცნებასთან" ურთიერთობაში არ უნდა „წითელი ხაზები" გადაკვეთოს, ისევე როგორც ალბათ არც „ქართული ოცნება" არაა დაინტერესებული, რომ მასთან ურთიერთობაში წითელი ხაზები გადაკვეთოს იმ ურთიერთკრიტიკის მიუხედავად, რომელიც ორივე მხარისთვის ასატანია.

„ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურების წარდგენისას ზურაბიშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი იმ კუთხითაა გადადგმული, რომ ოპოიზიციასა და ხელისუფლებას შორის განხეთქილების ვაშლად არ გადაიქცეს. ანუ ოპოზიცია ახლა უკვე ვეღარი იტყვის, რომ ზურაბიშვილმა პროსახელისუფლებო კანდიდატი წარადგინა. რამდენადაც ვიცი, არც ერთი და არც მეორე წარდგენილი კანდიდატი მჭიდროდ არაა აფილირებული არც ხელისუფლებასთან და არც ოპოზიციასთან.

„არ ვიცი ამ კანდიდატებს პარლამენტში როგორ შეხედავენ. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ვერც ერთმა მათგანმა საჭირო ხმა ვერ დააგროვოს. ჯერჯერობით პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე არც ოპოზიციის და არც „ოცნების" წარმომადგენელთა რეაქციები არ მომისმენია. როცა მათ პოზიციებს გავიგებთ, ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება რა პერსპექტივები აქვთ ერთს ან მეორეს, რომ ცესკოს თავმჯდომარედ აირჩიონ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×