ელზა პაპოშვილი
01.07.2022

თუ ოპოზიცია გონივრულ მოთხოვნებს არ დააყენებს, პროტესტი მიილევა და კვლავ ქუჩიდან სახლებში გადაინაცვლებს, როგორც ეს 2009 წელს მოხდა. ხალხს ყველაფერი გადატრიალების ან რევოლუციის შესახებ შიშს უჩენს. ოპოზიციას დასავლეთიდანაც მხარდაჭერა არ ექნება. ამიტომ უნდა მოითხოვონ 12 პუნქტის შესრულება და ამ კუთხით ხელისუფლების კონტროლი, ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 3 ივლისის აქციაზე საუბრისას.        

ერთ დღეში იწურება ერთკვირიანი ვადა, რომელიც 24 ივნისს, პარლამენტის წინ აქციაზე, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა მმართველ გუნდს მისცეს. ისინი მთავრობის, კერძოდ კი პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა „სირცხვილია“ პერმანენტულ აქციებს აანონსებს იქამდე. თუმცა როგორ აპირებენ აქციების გამართვას პოლიტიკური სპექტრის გარეშე, ეს ორგანიზატორებს ჯერ არ უთქვამთ. 

მთელი კვირის განმავლობაში ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეხვედრებს მართავდნენ და ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა „ოცნების“ მხარდამჭერები ხვდებოდნენ და მათ შორის ფიზიკური და  სიტყვიერი დაპირისპირება ხდებოდა. პრემიერი არ გადადგა, ახლა კი ჯერ მოძრაობა „სირცხვილიაზეა“, როგორი იქნება მათი სამოქმედო გეგმა. 

ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აქციაზე გაჟღერებულმა მოთხოვნამ შეიძლება 20 ივნისის მუხტი საზოგადოებაში გააქროს. მათი აზრით, ოპოზიციას და მითუმეტეს სამოქალაქო სექტორს არა აქვს ქვეყანაში პერმანენტული აქციების გამართვის რესურსი. ახლა პოლიტიკურად ყველაზე მკვდარი სეზონი იწყება და ის მუხტი, რაც ქუჩაში არსებობს, დაიკარგება. ამიტომაც ორგანიზატორებს ადეკვატური მოთხოვნების დაყენებისკენ მოუწოდებენ. 

აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები ოპოზიციაშივე აზრთა სხვაობის მიზეზი გახდა. 

ხელისუფლებამ კი აქციამდე, როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, გეგმა წარადგინა.  როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ითქვა, მთავარი პირობა დეპოლარიზაციაა და მისი შემცირება დანარჩენი 11 პუნქტის შესრულების საფუძველია.

ნომერ პირველი პრობლემის მოგვარებისთვის კი მმართველი გუნდის გეგმით პარლამენტის ბაზაზე მონიტორინგის ჯგუფი უნდა შეიქმნას, სადაც უნდა გაწევრინდნენ საერთაშორისო პარტნიორები, საპარლამენტო პარტიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ჯგუფმა ყოველკვირეული ანგარიში უნდა წარადგინოს.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ 3 ივლისს ხალხი რუსთაველზე ნამდვილად მივა და არც თუ მცირე რაოდენობით. 

„მე თუ მკითხავთ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის დანიშნვნა არასწორი მოთხოვნებია. ერთი რამ ფაქტია, ქვეყანა არასტაბილურ ზონაში შევიდა და არჩევნებამდე მუდმივად ასეთი რთული სიტუაცია იქნება. როდის იქნება ეს არჩევნები, 2024 წელს თუ მანამდე, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაცია კიდევ უფრო  დაიძაბება. არცერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს. რასაც ვუყურებ, „ოცნებამ“ პოლიტიკა რომ შეცვალოს, ამის რესურსი არ გააჩნია. რაც შეეხება ოპოზიციას, ის 30 წლის განმავლობაში ერთსა და იგივეს აკეთებს, რაც მაინცდამაინც დიდი წარმატებით არ დასრულებულა.

არც ახლა ველი, რომ ამ ხალხის საპროტესტო  მუხტის გამოყენებას შეძლებენ. პოლიტიკისთვის  ახლა მკვდარი სეზონი იქნება. ხალხი გადის ქალაქიდან დასასვენებლად და პოლიტიკისთვის, პერმანენტული აქციებისთვის არავის სცხელა. უწყვეტ აქციებზე წასვლა შეცდომაა. თავისთავად ოპოზიციის მიდგომა და მოთხოვნები არასწორია. ეს არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არაფერს არ მოიტანს. დიდი შანსია, რომ ოპოზიციური მუხტი ქუჩიდან, მისივე შეცდომის გამო, კვლავ სახლებში შებრუნდეს, როგორც ეს 2009 წლის შემდეგ მოხდა. დიდი საპროტესტო აქციები დაიწყო, ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყო, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს დიდი შეცდმოთ დასრულდა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ალბათ ქვეყანა დიდი სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდებოდა. ამ კაცს ეს დამსახურება ნამდვილად აქვს, ამიტომ  მას ვერ დავუკარგავთ“, - აცახდებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ახლა თითქმის იგივე საფრთხის წინაშე ვდაგვართ. ამ კვირაში მომხდარმა დაპირისპირებამ უკვე ცხადყო, რომ ქვეყანაში შეიძლება ძალიან მძიმე მოვლენები განვითარდეს. თუმცა ფიქრობს, რომ ივანიშვილის უკან პოლიტიკაში დაბრუნების რესურსიც აღარ არსებობს. მას მხოლოდ ერთი რამ  შეუძლია, დაშალოს უმრავლესობა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. ოპოზიცია კი უნდა ეცადოს, რომ აქციაზე უფრო რეალური მოთხოვნები წამოაყენოს. მაგალითად ევროკავშირის მიერ მოცემული 12 რეკომედაციის ხელისუფლების მხრიდან  შესრულება მოითხოვოს. სხვაგვარად მათი რიტორიკა, დავასრულებთ, გადავაგდებთ, ამოვატრიალებთ, მათსავე საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და არსებულ საპროტესტო მუხტს თავადვე ჩაახშობენ. 

„2009 წელს როგორც მოხდა, იგივე პროცესების წინაშე ვდგავართ. მაგალითად,  ოპოზიციას ამაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა საზოგადოებისგან, მაგრამ მუხტი მიილია. საპროტესტო ტალღა ქუჩიდან სახლში გადავიდა. იგივე მოხდება ახლაც, თუ ოპოზიცია გონივრულ მოთხოვნებს არ დააყენებს. ხალხს ყველაფერი გადატრიალების ან რევოლუციის შესახებ შიშს უჩენს. ასე ოპოზიციას დასავლეთიდანაც მხარდაჭერა არ ექნება. ამიტომ უნდა მოითხოვონ 12 პუნქტის შესრულება და ამისთვის ხელისუფლება უნდა აკონტროლონ. ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო,  სიტუაცია როგორ განვითარდებოდა, კაცმა არ იცის. ამიტომ ახლაც იგივე წრეზე ვართ. ოპოზიციამ გონიერება უნდა გამოიჩინოს, თორემ კიდევ ერთი კრახი მათ სულ დაშლას და დაპირისპირებას გამოიწვევს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.        

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×