ელზა პაპოშვილი
22.05.2022

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს, ერთ თვეში გაირკვევა. თუმცა მანამდე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს სწორედ ამ პროცესის საბოტირებაში ადანაშაულებენ. ხელისუფლების ცნობით, ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპაში საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას ეწევიან, რათა კანდიდატის სატუსის მიღება დაბლოკონ. ოპოზიციის მტკიცებით კი, ხელისუფლება თავისი მიზანმიმართული ქმედებებით ცდილობს ევროკავშირს თავად ათქმევინოს უარი საქართველოზე. რა პერსპექტივა აქვს ამის გათვალისწინებით საქართველოს და რა მოხდება, თუ ივნისის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ?

ანალიტიკოსთა უმრავლესობას პოზიტიური მოლოდინი აქვს. მათი შეფასებით, ევროპაში აცნობიერებენ, რომ საქართველოს განაცხადზე უარყოფითი პასუხი მოსახლეობაში ზოგადად დასავლეთისადმი ნიჰილიზმის ზრდას გამოიწვევს. ამიტომ მოსალოდნელია, რომ 24-25 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ოფიციალურად გამოცხადდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, თუნდაც გარკვეული დათქმებით.

რაც შეეხებე ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთბრალდებებს, ანალიტიკოსთა შეფასებით, ოპოზიციის შესაძლო ნეგატიური კამპანია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ამასთან, ისინი გამორიცხავენ მასიურ საპროტესტო გამოსვლებს იმ ჰიპოთეტურ შემთხვევაშიც კი, თუკი საქართველოს განაცხადზე პასუხი ამ ეტაპზე უარყოფითი იქნება.

რას ამბობს „ოცნება“ 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მათი მიზანია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმიღებას ქვეყანაში  არეულობა მოჰყვეს. 

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. ძალიან მარტივი გათვლა არის ის, რომ ამ ყველაფერს, კანდიდატის სტატუსის არმიღებას, მოჰყვეს არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა; რომ ამ არეულობაში მათ ნახონ საკუთარი წარმატების შანსები და საბოლოოდ, აისრულონ ის ოცნება, რაც აქვთ. 

„თუმცა, ამ გათვლებს, რეალურად არ უწერია აღსრულება. ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

რას აცხადებს ოპოზიცია 

ოპოზიცია ირწმუნება, რომ ხელისუფლება სასამართლო გადაწყვეტილებებით ცდილობს, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა წაართვას. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გარეშე ჩვენს ქვეყანაზე დასავლეთი უარს იტყვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია დასავლეთი იძულებული გახადოს თავად თქვას უარი საქართველოზე.

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ხათუნა სამნიძეც დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამიას საქმე გავლენას მოახდენს პარტნიორების გადაწყვეტილებაზე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ მორიგი პოლიტიკური საქმის გაჩენით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინაღობა დაამატა.  

ვის უფრო დიდი გავლენა აქვს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე - ხელისუფლებას თუ ოპოზიციას 

ყოფილი სახეელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული პრობლემებისა და ბოლო დროს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გატარებული გაუგებარი საგარეო პოლიტიკის მიუხედავად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას მაინც უნდა ველოდოთ. მისი თქმით, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე დღის წინ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში  ვიზიტი და იქ მისი მხრიდან გამოთქმული პოზიცია თუ სხვა განცხადებები. 

„ევროკავშირი მარტო პრემიერს და მმართველ გუნდს არ ელაპარაკება. ასევე ესაუბრებიან ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ რაიმე შეიძლება გაიგონ. აქ ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი იგოვე პრემიერ მინისტრია. შესაბამისად, მმართველი ძალის მიმართ უფრო მეტი მოთხოვნა აქვს ევროკავშირს და ღარიბაშვილსაც ბრიუსელში ბევრი რაღაცის ახსნა მოუწევდა. 

„შალრ მიშელს ალბათ საუბარი მის მიერ შედგენილ შეთანხმებაზეც ექნებოდა. გარდა ამისა, მმართველმა გუნდმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ხალხიც და ოპოზიციაც მოატყუა. ამიტომ არ მგონია, ღარიბაშვილს ადვილი შეხვედრები ჰქონოდა. 

„შესაძლოა საუბარი მიშელის დოკუმენტის  რეამინაციაზეც იყო  და იმაზე, თუ  ჩვენი ხელისუფლება მის აღდგენაზე რამდენად მზად არის. თუ ჩვენ მიშელის ხელშეკრულების მსგავსი მოდიფიცირებული ვარიანტი ვნახეთ, ჩავთვალოთ, რომ ეს შეიძლება ერთ-ერთი პირობაც კი ყოფილიყო. 

„რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა ქვეყანაში არეულობა დაიწყოს თუკი კანდიდატი წევრის სტატუსი არ მოგვცეს, ეს ნაკლებად მგონია. პირველ რიგში იმტომ, რომ თუკი უკრაინას და მოლდოვას ამ სტატუს მიანიჭებენ, საქართველოს ისე არავინ  დატოვებს. თუმცა, რომ არ მოგვანიჭონ, დარწმუნებული ვარ ოპოზიცია ამასაც სათვისოდ ვერ გამოიყენებს. რა თქმა უნდა, მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ  ნიჰილისტური  დამოკიდებულება გაჩნდება და ანტიდასავლური განწყობები უფრო გაძლიერდება. ამიტომ ნაკლებად ველი, რომ არ მოგვანიჭებენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების განცხადება თავის დაზღვევას ჰგავს. კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ოპოზიციას პროცესებზე ძალიან სუსტი გავლენა აქვს, ამიტომ მათ ქმედებას დიდი გავლენა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ვერ და არ ექნება.   

„მთავარი პრობლემა, რის გამოც ჩვენი კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი შეიძლება ვერ მივიღოთ, არის ის, რომ მოცემული პირობიდან ძალიან ბევრი დავარღვიეთ. მიშელის დოკუმენტი არა თუ არ შევასრულეთ, არამედ საერთოდ ამ ხელშეკრულებიდან „ოცნება“ გამოვიდა. ასევე სასამართლო რეფორმის გაჭინაურება, დემოკრატიის უკან  სვლა, მედიის ხელმღძვანელის დაკავება საკმაოდ საეჭვო დროს და ბევრი ასეთი წვრილმანი თემები, როლებიც წლებია გროვდება. 

„რა თქმა უნდა, თუკი წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვანიჭეს, საზოგადოებაში ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა არა არეულობას და დესტაბილიზაციას, როგორც ამას კობახიძე ამბობს. ჯერ ერთი, რომ ამის რესურსი ოპოზიციას არ აქვს. ის ხალხის ქუჩაში გამოყვანასაც რამდენად შეძლებს ამ თემის გარშემო, უკვე ესეც საკითხავია. თუმცა არაა გამორიცხული აქციები იყოს, მაგრამ აქცია დესტაბილიზაციას რატომ ნიშნავს? გამოვა მოსახლეობის რაღაც ნაწილი, მაგრამ არა იმდენი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. 

„კი, ბატონო, არც ისაა გამორიცხული, რომ პირიქით, ანტიდასავლუირ განწყობები გაჩნდეს და პრორუსული ძალები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. აი, სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით არაა გამორიცხული, რომ დასავლეთმა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭოს“, - ამბობს ბენდიანიშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, თუკი ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, მაშინ ჩვენც მოგვანიჭებენ. შესაძლოა გვითხრან, რომ ამას არ ვიმსახურებთ, მაგრამ გარკვეული დათქმებით მაინც დადებითი პასუხი მივიღოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×