თეონა ვეშაგური
21.05.2022

მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი" რუსეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელ მებრძოლთა ბოლო 531-კაციანი ჯგუფი, მათ შორის სამხედრო მეთაურებიც, პარასკევს ჩაბარდა ტყვედ მოწინააღმდეგეს. სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმაა უკრაინის არმიაზე, თუმცა გავლენას ვერ მოახდენს მათ საბრძოლო შემართებაზე.

„აზოვსტალში" მყოფი უკრაინელები, რომელთა უმრავლესობასაც ბატალიონ „აზოვის" მებრძოლები და საზღვაო ფეხოსნები შეადგენდნენ, 83 დღის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას რუს თავდამსხმელებს. 3 მარტიდან რუსებმა მარიუპოლი ალყაში მოაქციეს და თანდათან ამყარებდნენ კონტროლს ქალაქის სხვადასხვა ნაწილებზე. 21 აპრილიდან კი უკრაინელები „აზოვსტალის" ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ ბლოკირებული.

16 მაისს კი ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელების ტყვედ ჩაბარების პროცესი დაიწყო, რომელიც 20 მაისს დასრულდა. რუსული სარდლობის ცნობით, სულ ტყვედ ჩაბარდა 2 439 უკრაინელი მებრძოლი. მათივე ცნიბით, 20 მაისს რუსულ არმიას ტყვედ დანებდა ბატალიონ „აზოვის" მეთაური დენის პროკოპენკო, რომელიც ქარხნის ტერიტორიიდან სპეციალური ჯავშანმანქანით გაიყვანეს, რათა თავიდან აეცილებინათ „მასზე ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან ანგარიშსწორება მრავალი სისასტიკისთვის".

საყურადღებოა, რომ 19 მაისს პოლკ „აზოვის" მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ საბრძოლო ხელმძღვანელობა და პირადად ისიც კვლავ „აზოვსტალის" ტერიტორიაზე იყვნენ და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს „გარკვეული ოპერაცია", რომლის შესახებაც ვერ ისაუბრებდა.

სამხერდო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ეფექტის გარდა, „აზოვსტალის" დაცემას წმინდა სამხედრო თვალსაზრისითაც მოჰყვება შედეგები - ეს რუსებს საკმაოდ დიდ ძალებს გამოუთავისუფლებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ ინტენსიური თავდასხმები განახორციელონ ხარკოვის, დონბასისა და ლუგანსკის რეგიონებისკენ.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ „აზოვის" მებრძოლებმა თავისი მისია შეასრულეს და საკმაოდ დიდხანს შებოჭეს რუსი ოკუპანტების საკმაოდ სერიოზული ძალები, რითიც უკრაინულ მახარეს მისცეს საშუალება წარმატებით განეხორციელებინა ოპერაციები სხვა, მათ შორის, კიევის, ხარკოვისა და სხვა მიმართულებებით. მეორეს მხრივ, თავისთავად ცხადია, რომ საკმაოდ უსიამოვნოა გმირებად აღიარებული მებრძოლების ტყვედ ჩავარდნის ფაქტი. მაინც ერთგვარი ფსიქოლოგიური გავლენაა.

„ამ ეტაპზე პოზიციური სტაბილურობით მიმდინარეობს ბრძოლები, ჯერ არცერთი მხარე არ აქტიურობს. არ არის გამრიცხული, რომ ძალების აღდგენისა და ახალი იარაღის მიღების შემდეგ უკრაინულმა მხარემ კვლავ დაიბრუნოს კონტროლი ქარხანაზე, თუმცა ამ ეტაპზე რთულია ამის გაკეთება", - განაცხადა მაისაიამ.

სამხედრო ექსპერტი იმ ძალების გამოთავისუფლებაზეც საუბრობს რომელსაც რუსები სხვა ტერიტორიებზე შეტევისთვის გამოიყენებენ.

მისივე თქმით, „აზოვსტალის" დაცემით რუსებმა სერიოზული სამხედრო უპირატესობა მიიღეს და შეეცდებიან ამის ხარჯზე უშალოდ ბრძოლის ველზე მიაღწიონ წარმატებას.

„საკმაოდ სერიოზული ძალები გამოუთავისუფლდებათ რუსებს, რაც მათ საშუალებას მისცემს გადაისროლონ ისინი ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისკენ, სადაც განახორციელებენ სერიოზულ სამხედრო ოპერაციებს. ამ კუთხით უპირატესობა მიენიჭება ოკუპანტს. მარიუპოლის ჯგუფების ხარჯზე საკმაოდ სერიოზულ ძალებს შეავსებენ რუსები, რაც, სავარაუდოდ, დაეხმარებათ უპირატესობა მოიპოვონ ფრონტის ხაზზე", - განაცხადა მაისაიამ.

მისივე შეფასებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუსეთის ხელისუფლება „აზოვსტალის" დამცველების რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლაზე დათანხმდეს.

„ალბათ, არ გადასცემს რუსული მხარე „აზოვის" პოლკის მებრძოლებს უკრაინას. უფრო დიდია იმის საფრთხე, რომ ოკუპანტებმა ისინი გადასცენ ადგილობრივ დონეცკელ სეპარატისტებს, რომლებიც საკმაოდ მკაცრი ზომებით გაუსწორდებიან მათ", - განაცხადა მაისაიამ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×