თამთა ჩაჩანიძე
20.05.2022

უკრაინის არმია ამჟამად მხოლოდ თავს არ იცავს, არამედ წარმატებულ კონტრშეტევასაც ახორციელებს, რუსული საოკუპაციო ჯარები კი დაკარგული პოზიციების აღსადგენად კონტრშეტევას ცდილობენ. ამასთან რუსები შავ და აზოვის ზღვებში აგრძელებენ სამოქალაქო გემების ბლოკირებას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტერმა სევეროდონეცკის რაიონში თავდასხმითი ოპერაციები განახორციელა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, დანაკარგები განიცადა და იძულებული გახდა, უკან დაეხია. მათივე ცნობით, სლოვიანსკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დოვგენკეს, ველიკა კომიშუვახასა და დოლინას დასახლებების მიდამოებში.

„ხარკოვის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე. მტერი დაკარგული პოზიციების აღსადგენად კონტრშეტევას ცდილობს. ატარებს გაძლიერებულ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ბრძოლა გაგრძელდა ტერნოვისა და ვესელეს დასახლებების მიდამოებში. გარდა ამისა, მტრის მხრიდან დაბომბვა დაფიქსირდა რუსკი ტიშკის მახლობლად.

„დონეცკის მიმართულებით მტერმა გააძლიერა შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ცეცხლი გახსნა ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემიდან და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციიდან, რათა გაენადგურებინა ჩვენი ქვედანაყოფების სიმაგრეები კონტაქტის მთელ ხაზზე. ლიმანის მიმართულებით მტერი პერიოდულად ახორციელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას დიბროვასა და ზაკიტნეს დასახლებების ტერიტორიებზე," - ნათქვამია ანგარიშში.

გენშტაბის ცნობით, სევეროდონეცკის მიმართულების გარდა მტერმა დანაკარგები განიცადა ალექსანდროპოლისა და ვესელეს დასახლებების ტერიტორიაზე.

„ბახმუტის მიმართულებით, არტილერიისა და ნაღმტყორცნების მხარდაჭერით, რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს შეტევითი ოპერაციები ვისკრივას დასახლების ტერიტოპრიაზე, ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ თავიანთი ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია ვოლოდიმირივკასა და ვასილივკას მახლობლად. ოკუპანტებმა დანაკარგები განიცადეს ალექსანდროპოლის დასახლების ტერიტორიაზე.

„ავდიივკას მიმართულებით, მტერმა არტილერიის მხარდაჭერით თავდასხმა და შეტევითი ოპერაციები განახორციელა ვესელეს დასახლების ტერიტორიაზე, დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.

ნოვოპავლოვსკისა და ზაპორიჟიეს მიმართულებებით მტერმა სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმა განახორციელა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიანი ოჯახების სახლებზე. ნოვოდარივკას დასახლების ტერიტორიაზე კი დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია ყოფილ პოზიციებზე," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსული ძალები შავ და აზოვის ზღვებში აგრძელებენ სამოქალაქო გემების ბლოკირებას. ანგარიშის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის 14 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 8 ტანკი, 14 ერთეული საბრძოლო ჯავშანტექნიკა და 6 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

„საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა „ორლან-10" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს," - აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის „სამხრეთის" ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების ნაწილებმა 19 მაისის დღის განმავლობაში უკრაინის სამხრეთ ნაწილში 40 ოკუპანტი, მტრის კიდევ ერთი საბრძოლო მასალების საცავი და სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. მათივე ინფორმაციით, შავ ზღვაში მყოფი რუსული გემების გამო უკრაინის სამხრეთი ნაწილი და ასევე სხვა რეგიონები კვლავ სარაკეტო დარტყმის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.

„განადგურებულია საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საცავი ხერსონის ოლქში, T-72 ტიპი ორი ტანკი, ჰაუბიცა, „გრადის" ტიპის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო ორი სისტემა, „ტორის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ჯავშანტექნიკა და საავტომობილო ტექნიკა. მტრის ძალები კიდევ 40 რუსით შემცირდა", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად მხოლოდ თავს არ იცავს, არამედ წარმატებულ კონტრშეტევასაც ახორციელებს.

„დღეს ჩვენ მხოლოდ თავს არ ვიცავთ. ჩვენ ჩავატარეთ წარმატებული კონტრშეტევების სერია. მოვახერხეთ ხარკოვისა და მიკოლაივის განბლოკვა, მიმდინარეობს ბრძოლები ხერსონის მიმართულებით.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო მარიუპოლის დამცველები, რომლებმაც თავიანთი გმირული ღვაწლით შეაკავეს მტრის ფორმირებები და სხვა მიმართულებით თავდაცვითი ხაზების აღჭურვის საშუალება მოგვცეს,"- აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.

დონბასში არსებული ვითარება არის ჯოჯოხეთი და ეს არ არის გაზვიადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით,რუსეთი დარტყმებს ახორციელებს ჩერნიგოვის რეგიონში, კერძოდ, დესნაზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება და ბევრი დაღუპულია.

„სევეროდონეცკის სასტიკი და აბსოლუტურად უაზრო დაბომბვა... 12 დაღუპული და ათობით დაჭრილი სულ რაღაც ერთ დღეში. სხვა ქალაქების დაბომბვა, რუსული არმიის საჰაერო და სარაკეტო იერიშები - ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებები", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, მუდმივი იერიშები ხორციელდება ოდესის რეგიონში, ცენტრალური უკრაინის ქალაქებში,, დასძენს, რომ დონბასი მთლიანად განადგურებულია და რომ „ამ ყველაფერს არ აქვს და არ შეუძლია რაიმე სამხედრო ახსნა ჰქონდეს რუსეთისთვის".

„ეს არის მიზანმიმართული და დანაშაულებრივი მცდელობა, რაც შეიძლება მეტი უკრაინელი მოკლან, დაანგრიონ რაც შეიძლება მეტი სახლი, სოციალური ობიექტი და საწარმო. სწორედ ეს იქნება კვალიფიცირებული უკრაინელი ხალხის გენოციდად და რისთვისაც ოკუპანტები აუცილებლად აგებენ პასუხს მართლმსაჯულების წინაშე", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ლუგანსკის ოლქში, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მინიმუმ 13 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი სერჰი გაიდაი „ტელეგრამზე" წერს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირებიდან 12 ქალაქ სევეროდონესკში დაიღუპა. გუბერნატორი ასევე წერს, რომ სევეროდონესკში რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმა წარუმატებელი იყო და მათ უკან დაიხიეს.

ოკუპანტები 1 000-ზე მეტ ავტომობილს, რომლითაც უკრაინელების ევაკუაცია ხორციელდება, უკრაინის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ტერიტორიაზე არ უშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებით სავსე ავტომობილები ქალაქ ვასილივკაში რუსეთის საგუშაგოზეა ჩარჩენილი.მანქანებში ქალები და ბავშვები არიან და მათ უმეტესობას საკვებისა და წყლის ფული აღარ აქვს.

ამასთან პარარელურ რეჟიმში დასავლეთი უკრაინის სამხედრო დახმარებას კვლავ აგრძელებს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის ნებართვა გასცა, - ინფორმაციას „როიტერზი" ავრცელებს. პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 18 დამატებით 155 მმ-იან ჰაუბიცას, 18 ტაქტიკურ მანქანას და არტილერიის საწინააღმდეგო 3 რადარს.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×