ელზა პაპოშვილი
16.01.2022

„ნაციოანლური მოძრაობაში“ ახალი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი, რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებშ გაკეთდება. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ამით პარტიაში რადიკალური ფრთა ძლიერდება და სუსტდება მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიას პოზიციები, რაც თავად ენმ-ს შიგნით უთანხმოებასა და დაძაბულობას იწვევს. სავარაუდოდ, სწორედ ამაზე მიანიშნებს ნიკა გვარამიას კრიტიკული განცხადება „რადიკალ მიშისტებზე“.

პარტიაში კი აცხადებენ, რომ სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი შეიცვალა.

ენმ-ში ახალი სამდივნო ყალიბდება, რომელიც 12 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული. თუ ვინ იქნებიან ახალი სამდივნოს წევრები, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიის წევრი პეტრე ცისკარიშვილი საუბრობს.  მისი თქმით, ახალი სამდივნო მორგებული იქნება იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

„ჩვენ წინა კვირაში დავიწყეთ ლიდერშიფში მცირე სტრუქტურული რეორგანიზაცია და ახლა არის შემდეგი ეტაპი, როდესაც ცენტრალურ ოფისში ყალიბდება სამდივნო, რომელიც მორგებული იქნება იმ გამოწვევებზე, იმ პრობლემებსა და ამოცანებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას პირველ რიგში. ჩვენმა პარტიამ უნდა იმუშაოს, რომ სწორი პასუხები გასცეს საზოგადოებას, თუ რა ალტერნატიულ ხედვას სთავაზობს, რა მიმართულებით იქნება ჩვენი მუშაობა პრიორიტეტული. ამის პრეზენტაციას ჩვენ მოვახდენთ მომავალ კვირაში“, - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა.  

ამის პარალელურად კი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ „მიშისტების“ ერთი კატეგორია სიძულვილს და აგრესიას ავრცელებს და არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეს ხალხი.  

„არსებობს ე.წ. მიშისტების ერთი კატეგორია, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ვისაც ყველა და ყველაფერი სძულს და ამ სიძულვილს „მიშას ინტერესებით“ ხსნიან. ფაქტიურად, მიშას სახელით ავრცელებენ სიძულვილს და აგრესიას.

„ჯერ ერთი, მიშას სახელით საუბარი თვითმარქვიობაა და მეორე, არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი“, - წერს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.   

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანაჯაფარიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, პარტიაში ახალი სტრუქტურის შექმნა და ჩამოყალიბება რა მიზანს ემსახურება, ცოტა რთული გასაგებია. მისივე შეფასებით, რაღაც ახალი დამატებითი ბიუროკრატიის შექმნა პარტიას არანაირ პოზიტივს არ მატებს და არც მის მუშაობას გააუმჯობესებს. რაც შეეხება ახალ სახეებს პარტიაში, ანჯაფარიძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახეები ძველისგან დიდად არ განსხვავდებიან.   

„არ მგონია, რომ პარტიაში ახალმა დამატებით სტრუქტურის შექმნამ რამე ძირეული ცვლილებები მოიტანოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სახეები ძველ სახეებზე რადიკალურები არიან. პარტიაში  მათმა მისვლამ საზოგადოებას რაიმე განსხვავებული და ახალი არაფერი მისცა. ამის მიზეზი პარტიის  პოლიტიკაა. ამიტომაც რატომ და რის გამო გადაწყვიტეს, რომ პარტიაში ახალი სტრუქტურის შექმნაა საჭირო, ნამდვილად ვერ გეტყვით. არ მგონია, რომ ამან ენმ-ის მუშაობაზე რამე რადიკალური გავლენა მოახდინოს და რაიმე ცვლილება მოიტანოს“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცახდებას სააკაშილის რადიკალ მხარდამჭერებზე, ანაჯაფარიძე ამბობს, რომ რადიკალიზმისკენ საკუთარ მხადამჭერებს თავად მიხეილ სააკაშვილი უბიძგებს. 

„სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც ბელადიზმით არიან დაავადებული. მას სწორედ ასეთი ელექტორატი ჰყავს და სააკაშვილიც სწორედ მათ შენარჩუნებას ცდილობს. როგორც ჩანს, ნიკა გვარამია და სხვებიც პარლამენტში მიხვდნენ, რომ პარტიას რადიკალიზმი აზიანებს. ხალხი ამ რადიკალიზმს არ იღებს და ვიღაც ხომ უნდა მიხვდეს, რომ ტაქტიკა შესაცვლელია...

„თუმცა ამ რადიკალიზმის წყარო მიხეილ სააკაშვილია. ყველამ მოისმინა მისი ბიძის თემურ ალასანიას განცხადება, რომ პარტიამ შეუძლებელი არ გააკეთა, რომ სააკაშვილი ციხიდან დაეხსნა. ეს რა არის, თუ არა შეფარული მოწოდებაზე რადიკალური ქმედებებისკენ“, - ამბობს ანაჯაფარიძე „რეზონანსთან“.   

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩიხშია შესული და გამოსავლის ძიებაში არიან, თუმცა კრილოვის იგავის არ იყოს, მუსიკოსების ადგილების შეცვლით უკეთესი მუსიკოსები ვერ გახდებიან. 

„ენმ-ში ძველ ფიგურებს უბრალოდ ადგილებს უცვლიან და ჰგონიათ ამით საზოგადოებაში რამე მხარდაჭერას მიიღებენ, ან პარტიაში ცვლილებები იქნება. ახლა ამ ახალი სტრუქტურის შექმნით რის მიღებას ცდილობენ, გაუგებარია.  საზოგადოებაში ამას რაიმე რეაქცია არ მოჰყვება. 

„მე უფრო ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას პოზიციების შესუსტება ხდება და რადიკალური ფრთა კიდევ უფორ ძლიერდება. სავარაუდოდ, ნიკა გვარამიას ეს განცახდებაც ამით არის განპირობებული. გვარამია არ არის ზომიერი პოლიტიკოსი და მისგან ეს პოზიცია გასაკვირია, თუმცა სწორი და დროულია. პარტიას რადიკალიზმი დაღუპავს ად ამას როგორც ჩანს პარტიის ლიდერების ნაწილი უკვე კარგად ხვდება. 

„საზოგადოებას არ სურს რადიკალიზმი და პარტიაში ამის გააზრებას ვერ ახერხებენ. ამ შემთხვევაში ალბათ გვარამიას უნდა დავეთანხმო, რადგანაც ენმ 2012 წლიდან ხელისუფლებაში დაბრუნებას რადიკალიზმით ცდილობს. არადა სწორედ ამის გამო გაუშვა ხალხმა ისინი ხელისუფლებიდან. სანამ ამას არ გაიაზრებენ, პარტიაში რაიმე  ცვლილებებს მნიშვნელობა არა აქვს“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×