ია აბულაშვილი
23.04.2021

ძალიან მიკვირს, სხვა პრობლემა ქვეყანას არა აქვს? მხოლოდ ამ ორი ძალის ცეკვა-თამაშს უნდა ვუყუროთ? ვერ ხედავთ, რა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, ხალხი გაღატაკდა, შიმშილობს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ცდილობენ, ხალხის ყურადღება ამ იწილო-ბიწილოზე გადაიტანონ, ორივე სრული გამარჯვებისთვის რომ იბრძვის - ასე აფასებს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

მისი აზრით, ახლა ქვეყანაში სამი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა - „ოცნება", „ნაციონალები" და გახარიას მომავალი პარტია და მიაჩნია, რომ უახლოეს მომავალში ძირითადი ბრძოლა ამ ძალებს შორის გაიმართება.

იგი ევროპისა და აშშ-ის ძალისხმევით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა ყველაფერი გააკეთეს ქვყანაში არსებლი კრიზისის განსამუხტავად, ქართველმა პოლიტიკოსებმა კი დროზე უნდა დაიწყონ აღებული ვალდებულებების შესრულება.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოეწერა. არის თუ არა ეს დოკუმენტი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს?

იგორ კვესელავა: ევროპამ და აშშ-მა დიდი ძალისხმევა ჩადეს ამ დოკუმენტის მომზადებაში. ევროპამ თავის თავზე აიღო ეს ტვირთი და ევროპულმა ელიტამ მაქსიმუმი გააკეთა. ჩვენს პარტნიორებს სურთ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ეს დოკუმენტი ამის დასტურია. ახლა ჯერი ქართველ პოლიტიკოსებზეა, მათ დროზე უნდა დაიწყონ ვალდებულებების შესრულება. ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა, აირჩია დიპლომატიური გზა, სხვა გზა საქართველოს არა აქვს. ასე რომ, ყველას უნდა გადაედგა კომპრომისისკენ ნაბიჯი.

„რ": თუმცა შეთანხმების ტექსტს ჯერჯერობით არ უერთდებიან „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო". ისინი დოკუმენტს ხელს მაშინ მოაწერენ, როდესაც ნიკა მელია ციხეს უპირობოდ დატოვებს, რადგან „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარისთვის მიუღებელია გირაოს გადახდაც და ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებაც.

ი.კ: „ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავარ მიზნად დაისახა ხელისუფლების დამარცხება და ვაბანკზე მიდის. როცა შენი პოლიტიკური ცხოვრების მიზნად მხოლოდ ამას ისახავ და არანაირ კომპრომისზე არ მიდიხარ, მაგრამ მიზანს მაინც ვერ აღწევ, ჩიხში შედიხარ. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან ღრმად შეტოპა და პოლიტიკურ მორევში გადაეშვა, თუმცა ზოგიერთები ცდილობენ, დახრჩობას გადარჩნენ.

რაც შეეხება მელიას, ის თვითონ წავიდა ციხისკენ, „ნაციონალური მოძრაობისთვის" რეიტინგი რომ აეწია, მაგრამ ეს მაინც ვერ მოახერხა. ახლა ამბობს, არ ვიღებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ გამოვალ ციხიდან, მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი და ჩემი ხელისუფლებაო. თუ მელიას უნდა, რომ პოლიტიკური რაინდი გახდეს, ამას ვერ შეძლებს. არც ამ დოკუმენტში წერია, რომ მელია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. მელიას უპირობოდ გათავისუფლება მარტო ხელისუფლების დამარცხება კი არ იქნება, ევროპელი მომრიგებლების დამარცხებაც იქნება, რომლებიც აქ რამდენჯერმე ჩამოვიდნენ. მართლა თამაში ხომ არ არის?

„რ": თქვენი აზრით, პოლიტიკური შეთანხმება აღსრულების ფაზაში ხომ არ გაიჭედება? გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან შეინიშნება ამ დოკუმენტის რევიზიის მცდელობა.

ი.კ: ეს დიდი შეცდომა იქნება. მესმის, რომ დილით მიღებული გადაწყვეტილება საღამოს ვერ შესრულდება. ეს არის პროცესი და პროცესი უნდა დასრულდეს. არ გამოვრიცხავ, რომ დოკუმენტის შესრულების პროცესში კონსულტაციები გაგრძელდეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ძალიან მიკვირს, სხვა პრობლემა ქვეყანას არა აქვს? მხოლოდ ამ ორი ძალის ცეკვა-თამაშს უნდა ვუყუროთ? ვერ ხედავთ, რა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, ხალხი გაღატაკდა, შიმშილობს. ისეთი შთაბეჭდილეობა მრჩება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ცდილობენ, ხალხის ყურადღება ამ იწილო-ბიწილობზე გადაიტანონ, ორივე სრული გამარჯვებისთვის რომ იბრძვის.

„რ": ამ დოკუმენტის თანახმად, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება იმ შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლება 43%-ზე ნაკლებს თუ აიღებს. გამარჯვების რა შანსი აქვს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებში?

ი.კ: ჯერჯერობთი მხოლოდ სამი ძალა არის გამოკვეთილი - „ოცნება", „ნაციონალები" და გახარიას ახალი პარტია, რომელიც ალაბთ მალე შეიქმნება. გახარია არავის ხმებს არ წაართმევს, ის ხმებს მოიპოვებს, მოიპოვებს იმ ხალხის ხმებს, რომლებიც არც „ოცნებას" და არც „ნაციონალებს" არ უჭერენ მხარს. შეიძლება გარკვეული უპრატესობა „სტარატეგია აღმაშენებელმაც" მოიპოვოს.

არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო რჩება, მაგრამ ერთი რამ ახალვე მინდა განვაცხადო: დღეის მდგომარეობით, „ქართული ოცნება" ადგილობრივ არჩევნებში 43%-ს ვერ აიღებს, რადგან გუნდში უკვე არის რყევა. ოპოზიციაც ორად არის გაყოფილი, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×